ეკატერინე გორგოძისა და მარიამ ბოლქვაძის დუეტი სტამბოლის ტურნირის ფინალშია

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელები - ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე სტამბოლის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) მონაწილეობენ. გორგოძე ასპარეზობის რეიტინგფავორიტია, ხოლო ბოლქვაძე მეორე ნომრადაა განთესილი. ორივემ უკვე წარმატებით გადალახა ორ-ორი ბარიერი.

ეკატერინემ ჯერ ფრანგი მანონ პერა დაამარცხა - 6:2, 6:3, გუშინ კი რუსი ვასილისა აპონასენკო ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:2. ჩვენებური მეოთხედფინალში ფრანგ ჟოზეფინ ბუალესთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა მეორე წრეში პეტია არშინკოვას (ბულგარეთი) აჯობა - 6:1, 6:3.

მარიამმა სტარტზე პაულინა ბაკაიტე (ლიტვა) დაჯაბნა - 7:5, 6:1, მეორეში კი ბალტიისპირელის ბედი
ანეტ მუნოზოვამ (შვედეთი) გაიზიარა - 2:6, 1:6. დღეს ჩვენებურს ლუიზ ლამპე (საფრანგეთი) ეყოლება მეტოქედ, რომელიც ბოიანა მარინკოვიჩს (სერბეთი) პირველ სეტში 5:2-ს უგებდა, როცა სერბმა ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

მეოთხედფინალში, ასევე, ითამაშებენ: კრისტინა ადამესკუ (რუმინეთი)-კაროლინ რომეო (საფრანგეთი) და სანაზ მარანდი (აშშ)-მელის სეზერი (თურქეთი).

ქართველი ჩოგბურთელები უფრო წინ წავიდნენ წყვილთა პაექრობაში. გორგოძე და ბოლქვაძე პირველ ნომრად არიან განთესილნი და პირველ წრეში ისვენებდნენ, მეოთხედფინალში ბოიანა მარინკოვიჩსა (სერბეთი) და კერსტინ პესკლს (ავსტრია) აჯობეს - 6:2, 6:7, 10:2, ნახევარფინალში მანონ პერასა და კაროლინ რომეოს (ორივე - საფრანგეთი) დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:3, 3:6, 10:4 და ფინალში გავიდნენ.

გადამწყვეტ პაექრობაში ქართველებს მეტოქეობას გაუწევენ პეტია არშინკოვა (ბულგარეთი) და იპეკ ოზი (თურქეთი). ბულგარულ-თურქულმა ტანდემმა დია ეპტიმოვას (ბულგარეთი) და ანეტ მუნოზოვას (შვედეთი) სძლია - 4:6, 6:4, 10:7.

* * *
თანამემამულეებს მხარი ვერ აუბა ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა სოფიო შაფათავამ, რომელიც იტალიის დედაქალაქ რომის 60.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს.

ერთეულებში მან მასპინძელი მარტინა დი ჯუზეპე დაამარცხა (2:6, 6:3, 6:4), მაგრამ მერვედფინალში მე-7 ნომრად განთესილ კატერინა კოზლოვას (უკრაინა) ვერ გასცდა - 0:6, 1:6.

წყვილთა პაექრობაში შაფათავამ და იოვანა ჯაკსიჩმა (სერბეთი) მეოთხედფინალი ასპარეზობის მეორე ნომერ მარიანა მარინოსა (კოლუმბია) და დანიელა რეგუელის ტანდემთან დათმეს - 0:6, 4:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული