როლან გაროსი როჯერ ფედერერის გარეშე

AutoSharing Option
შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ ითამაშებს "დიდი სლემის" მეორე ტურნირზე - როლან გაროსზე, რომელიც მაისის მიწურულს, პარიზში დაიწყება.

"სამწუხაროდ, მივიღე გადაწყვეტილება - არ ვითამაშო საფრანგეთის ღია პირველობაზე. ძალიან მონდომებით ვმუშაობდი კორტზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ იმისთვის, რომ ტურში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გავაგრძელო გამოსვლა, უმჯობესი იქნება დავასრულო სეზონის ეს ნაწილი და მოვემზადო ბალახისა და ჰარდის ტურნირებისთვის.

ძალიან კარგად დავიწყე ეს სეზონი,მაგრამ უნდა მესმოდეს, რომ ჩემს კალენდარზეა დამოკიდებული კარიერის ხანგრძლივობა. ასე რომ, ჩემს გუნდთან ერთად გადავწყვიტე -
გრუნტის საფარზე ერთ ტურნირზე გამოსვლა კარგად არ აისახება ჩემს მზადებაზე სეზონის დარჩენილ ნაწილში. დამაკლდებიან ფრანგი გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. იმედი მაქვს, რომ შევხვდები მათ მომავალ სეზონში როლან გაროსზე", - მოჰყავს ფედერერის სიტყვები ჩოგბურთელის ოფიციალურ ვებგვერდს. სხვათა შორის, როჯერმა შარშანაც გამოტოვა საფრანგეთის ღია პირველობა.

2017 წელს, შვეიცარიელი დაბრუნდა პროფესიულ ტურში თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ და მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ასევე ზედიზედ იმარჯვა მაიამისა და ინდიან უელსის "მასტერსებზე". ამის შემდეგ, როჯერმა განაცხადა, რომ გამოტოვებდა გრუნტის სეზონის ყველა ტურნირს, გარდა როლან გაროსისა.

ასე რომ, მივიღეთ შემდეგი სიტუაცია: პირველად 1978 წლის შემდეგ, როლან გაროსზე არ ითამაშებს ავსტრალიის ღიას არც ერთი მოქმედი ჩემპიონი. შეგახსენებთ, რომ ქალებს შორის ჩემპიონის - სერენა უილიამსის უთამაშებლობის მიზეზი - ფეხმძიმობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული