პირველების გასაჭირი - მარეი და კერბერი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები არიან

AutoSharing Option
მადრიდის ტურნირებზე სრული კრახი ელოდათ რეიტინგის ლიდერებს - ანჟელიკ კერბერსა და ენდი მარეის. ისინი ორი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით გამოეთიშნენ ბრძოლას.

ორშაბათიდან კერბერი მესამედ ჩაუდგა სათავეში კლასიფიკაციას. არადა, გერმანელს ძალიან სუსტი სეზონი აქვს - 2017 წელს, 30-დან მხოლოდ 19 მატჩი მოიგო, ანუ საშუალოდ, ყოველ მესამე მატჩს აგებს.

სამჯერ დამარცხდა ის პირველ წრეში, მაგრამ ჰქონდა წარმატებული გამოსვლებიც - მაგალითად, ნახევარფინალი დუბაიში ან ფინალი მონტერეიში. მადრიდში კი მან ორი ბარიერი გაიარა და მესამე წრეში ეჟენი ბუშართან დამარცხდა.

კერბერი ვერაფრით შევიდა მატჩში. სულ
შვიდი გეიმი გათამაშდა მის მოწოდებაზე და გერმანელმა ყველა წააგო. პირველი სეტი კანადელმა 6:4 მოიგო, მეორეში კი უკვე სრულად ფლობდა ინიციატივას - 5:0. ამის შემდეგ, კერბერმა გადაწყვიტა მოხსნილიყო მატჩიდან.

როგორც გაირკვა, გერმანელს კოჭის ტრავმა აწუხებდა. ჩოგბურთელის მენეჯერმა ალიოშა ტრონმა განაცხადა, რომ დაზიანება სერიოზული არ არის. თუმცა, რისკის ქვეშ არის რომის ტურნირზე გამოსვლა - კერბერს არ სურს როლან გაროსის წინ რისკზე წასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ კერბერს სერიოზული პრობლემები აქვს, ის მაინც ყველა ტურნირზე ფავორიტია, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მას ტიტული დიდი ხანია არ მოუპოვებია - შარშანდელი აშშ-ის ღიას შემდეგ.

* * *
ენდი მარეის წელს აქვს ტიტული დუბაიში, მაგრამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი მაინც ძალიან სუსტად გამოდის ამ სეზონში. პირველ რიგში, ეს ეხება მთავარ ტურნირებს: ავსტრალიის ღიაზე და ყველა "მასტერსზე" მას მეოთხედფინალამდე არ მიუღწევია.

მადრიდში ბრიტანელმა მარიუშ კოპილთან რთული გამარჯვებით დაიწყო, რის შემდეგაც, სენსაციურად დამარცხდა ბორნა ჩორიჩთან. არადა, ამ უკანასკნელმა კვალიფიკაცია წააგო და ძირითად ბადეში სხვა ჩოგბურთელის ტრავმის გამო მოხვდა. 20 წლის ხორვატთან მარეი უშანსოდ - 3:6, 3:6 დამარცხდა. ასე რომ, გრუნტზე ენდის თითქმის არაფერი გამოსდის - მადრიდამდე მონტე კარლოს მესამე წრეში და ბარსელონას ნახევარფინალში წააგო.

დიდი ხანი, მამაკაცთა ჩოგბურთის დამაჯერებელი ლიდერი იყო როჯერ ფედერერი, შემდეგ კი მისი ადგილი დაიკავა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ქალებში დომინირებდა სერენა უილიამსი.

შვეიცარიელსა და ამერიკელის გამო, ბევრი მიეჩვია იმას, რომ მსოფლიოს პირველი ნომრები - მრისხანე ძალას წარმოადგენენ. დღეს კი ქალთა და მამაკაცთა ლიდერები სულაც არ არიან დომინანტები. მაგრამ, ასეა თუ ისე, არსებობს რეიტინგი, არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და სწორედ მათ საფუძველზე, კერბერი და ენდი მწვერვალზე არიან. უბრალოდ, მათ არ აქვთ კონკურენტებზე ისეთი უპირატესობა, როგორიც ფედერერსა და უილიამსს ჰქონდათ.

ერთის მხრივ, ეს კარგია ჩოგბურთისთვის, რადგან ყოველ ტურნირზე გამარჯვებაზე რამდენიმე ჩოგბურთელი აცხადებს პრეტენზიას. მეორეს მხრივ, ძლიერი ლიდერი ახალ თამასას აყენებს და სხვებს ზემოთ ასვლაში ეხმარება. ჯოკოვიჩმა და ნადალმა ფედერერზე აიღეს სწორება და შეძლეს მისი გასწრება. შემდეგ, იგივე გააკეთა მარეიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული