მადრიდის ტურნირი: ისევ გუნტის მეფე

AutoSharing Option
რაფაელ ნადალმა ახალგაზრდობა გაიხსენა და გრუნტის სეზონში ისეთი მოგებათა სერია გამოაცხო, როგორიც კარიერის საუკეთესო წლებში ჰქონდა - ესპანელმა მონტე კარლოსა და ბარსელონას ტურნირებზე გამარჯვებას, მადრიდის "მასტერსზე" ტრიუმფი დაუმატა. ესპანეთის დედაქალაქში რაფა ტიტულისთვის ავსტრიელ დომინიკ ტიმს ებრძოდა.

გადამწყვეტი მატჩის წინ, ყველა ფაქტორი ნადალის სასარგებლოდ ლაპარაკობდა. ის პირად შეხვედრებში 3:1-ს უგებდა ავსტრიელს, თანაც, მადრიდის "მასტერსის" სტარტამდე ერთი კვირით ადრე, ბარსელონას ფინალში გაანადგურა ის. გარდა ამისა, რაფას 14-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, რამაც ისევ გაახსენა ყველას მისი მეტსახელი - "გრუნტის მეფე".

ამ ყველაფრის მიუხედავად,
მატჩის დასაწყისი ტიმს უკეთესი გამოუვიდა. ავსტრიელმა მაშინვე ბრეიკი შეასრულა, მაგრამ დიდი ხნით მისი შენარჩუნება ვერ შეძლო - მეექვსე გეიმში ანგარიში გათანაბრდა. საკუთარი პუბლიკის მხარდაჭერით გამხნევებულმა ნადალმა აქტიურობაში მოუმატა და თავად ფლობდა ინიციატივას.

5:4-ზე მან სამმაგი სეტბოლი გამოიმუშავა მიღებაზე, მაგრამ ტიმი ბრწყინვალე სტილში გაუმკლავდა სირთულეებს. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ჩოგბურთელები ბოლომდე ერთად მიდიოდნენ, ტიმს ორი სეტბოლიც ჰქონდა. მაგრამ გადამწყვეტ ქულებზე მას ნერვებმა უღალატა, ესპანელმა კი უშეცდომოდ ითამაშა.

ამ წარმატებით გამხნევებულმა ესპანელმა მეორე სეტი ბრეიკით დაიწყო და თითქოს, ტიმს ხელები უნდა ჩამოეშვა. მაგრამ ავსტრიელმა შეძლო მობილიზება და შეცდომებს მოუკლო. მას ჰქონდა მატჩში დაბრუნების შესაძლებლობა.

მოიგერია მატჩბოლები საკუთარ მოწოდებაზე, ბოლო გეიმში კი, რომელიც 10 წუთი გრძელდებოდა, მას ერთბაშად ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. მაგრამ ნადალმა რკინის ნერვები და კონცენტრაციის უმაღლესი დონე აჩვენა. საგულისხმოა, რომ ყველა ბრეიკ-პოინტი მან "ვინერსით" მოიგერია და მალე მეხუთე მატჩბოლზე შეძლო მადრიდის "მასტერსის" მეხუთედ მოგება. რაფამ 15 მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია, სეზონში მესამე და კარიერაში 55-ე ტიტული აიღო, ხოლო ორშაბათიდან სათავეში ჩაუდგა ATP-ის საჩემპიონო რბოლას.

კაცები
1/2 ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 4)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 8) 7:6(10), 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული