მატყუარას ჭკუა ასწავლეს: ბუშარმა სიტყვა საქმედ აქცია

AutoSharing Option
მადრიდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე სუპერმატჩი გაიმართა. 1/16 ფინალში რუსი მარია შარაპოვა, რომელიც მეორე ტურნირს ატარებს დაბრუნების შემდეგ, კანადელ ეჟენი ბუშარს ხვდებოდა.

ამ მატჩს საინტერესო წინაისტორია ჰქონდა. კანადელი ერთ-ერთია იმათგან, ვინც მკაცრად აკრიტიკებდა შარაპოვას დოპინგის გამოყენების გამო. იმ დღეს, როცა 15-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, შარაპოვა კორტზე დაბრუნდა, ბუშარმა განაცხადა, რომ რუსისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მიეცათ.

"ის მატყუარაა და არ მგონია, რომ ასეთები სპორტში უნდა ბრუნდებოდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სახეობაზეა ლაპარაკი. ეს უპატივცემულობაა სხვა სპორტსმენების მიმართ, რომლებიც ყველაფერს წესების მიხედვით აკეთებენ, -
თქვა ბუშარმა. - მგონია, რომ WTA არა სწორ სიგნალს აწვდის ბავშვებს, თითქოს ეუბნება მათ: "თქვენ მოიტყუეთ, ჩვენ კი გაშლილი ხელებით მიგიღებთ უკან". ვფიქრობ, ეს სწორი არ არის. შარაპოვა აღარ არის ის, ვისგანაც მაგალითი უნდა ავიღო".

უკვე მადრიდში, პირველ წრეში ალიზ კორნეს დამარცხების შემდეგ, ბუშარმა იმედი გამოთქვა, რომ მეორე წრეში შარაპოვას შეხვდებოდა. რუსმა კანადელს არ უპასუხა და განაცხადა, რომ ის ამ ყველაფერზე მაღლა დგას.

უნდა ითქვას, რომ ტურის ორი მთავარი ლამაზმანის მატჩში ფავორიტი შარაპოვა იყო, რადგან მადრიდის ტურნირამდე, ბუშარმა ზედიზედ ხუთ ტურნირზე წააგო პირველ წრეში. გარდა ამისა, მათი წინა ოთხი შეხვედრიდან ოთხივე რუსს ჰქონდა მოგებული, თან ისე, რომ ჯამში მეტოქეს მხოლოდ ერთი სეტი მისცა.

* * *
ეს იყო მატჩი, რომლის წაგება არავის უნდოდა. შეხვედრა ორი საათი და 51 წუთი გაგრძელდა. ანგარიში "თანაბარი" 30-დან 12 გეიმში იყო და მესამე პარტიის ათიდან შვიდ გეიმში. სულ დაფიქსირდა 36 (!) ბრეიკ-პოინტი, საიდანაც ჩოგბურთელებმა 26 მოიგერიეს.

მარიას არ ჰქონდა საიმედო პირველი მოწოდება. მან ჯამში ცხრა ორმაგი შეცდომა დაუშვა, თუმცა, ჰქონდა სუპერმონაკვეთი მეორე სეტში, როცა 2:2-დან ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო.

რუსმა ვერ შეძლო ამ უპირატესობის განვრცობა. გადამწყვეტ პარტიაში ის ორჯერ გადარჩა 0:40-დან, მაგრამ მესამედ ეს ვერ შეძლო. მეცხრე გეიმში მან 40:15-დან წააგო საკუთარი მოწოდება და მეტოქეს მატჩზე ჩაწოდების საშუალება მისცა. ბუშარმა მეორე მატჩბოლიდან მოიგო ეს მარათონი და უკვე მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გაიმარჯვა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმ მოთამაშეებისთვისაც, რომლებიც მასთან მიდიოდნენ და ჩუმად უსურვებდნენ წარმატებას მარიას წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული