შოკური თერაპია -ნოვაკ ჯოკოვიჩმა მთელი თავისი გუნდი დაითხოვა და მარტო დარჩა

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩის კარიერაში კრიზისი გრძელდება და მოახლოებული როლან გაროსის წინ, სერბმა, როგორც თავად თქვა, "შოკურ თერაპიას" მიმართა.

თავისუფალი ვარდნა
სულ რაღაც 11 თვის წინ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნანატრი გამარჯვება მოიპოვა როლან გაროსზე, რითაც კარიერული "დიდი სლემი" შეასრულა, თან ეს იყო ზედიზედ მოგებული მეოთხე ტურნირი "დიდ სლემზე". მაშინ ისე ჩანდა, რომ სერბის გამჩერებელი არავინ იყო, მაგრამ 11 თვის შემდეგ, ნოვაკი მე-20 ადგილზეა ATP-ის საჩემპიონო რბოლაში, არადა, სეზონის მესამედი უკვე უკან დარჩა.

ყველაფერი 2016 წლის უიმბლდონიდან დაიწყო, როცა მან სენსაციურად წააგო სემ კერისთან. ამას
მოჰყვა რიოს ოლიმპიადაზე პირველივე წრეში ხუან მარტინ დელ პოტროსთან წაგება. წლის ბოლოს კი ჯოკოვიჩმა რეიტინგში ლიდერობა ენდი მარეის გადაულოცა და ვერ შეძლო პირველი ადგილის დაბრუნება ლონდონში ბრიტანელთან პირად შეხვედრაში.

თითქოს სეზონებს შორის შესვენებისას, ჯოკოვიჩი უნდა გამოფხიზლებულიყო და ძველებურად დაეწყო თამაში, მაგრამ ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკმა მეორე წრეში წააგო უზბეკ დენის ისტომინთან. იქედან მოყოლებული, სერბს არც ერთი ტურნირი არ აქვს მოგებული.

მეგობრებთან გამოთხოვება
ამ ვარდნის შედეგი გახდა ის, რომ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა მწვრთნელ მარიან ვაიდასთან, ფიტნეს-მწვრთნელ გებჰარდ ფილ-გრიტშთან და ფიზიოთერაპევტ მილიან ამანოვიჩთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

"ყოველთვის მადლიერი ვიქნები მარიანის, გებჰარდისა და მილიანის 10-წლიანი მეგობრობის, პროფესიონალიზმისა და ერთგულების გამო. მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ მივაღწევდი ასეთ პროფესიულ სიმაღლეებს. ვიცი, რომ მათ ბოლომდე მიუძღვნეს საკუთარი თავი ჩემი ოცნებების რეალიზაციას. ჩვენ - ოჯახი ვართ და ასე იქნება ყოველთვის. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ყველამ ვიგრძენით, რომ გარდაქმნების დრო მოვიდა", - დაწერა ჯოკოვიჩმა.

მარიან ვაიდამ ნოვაკთან მუშაობა 2006 წელს დაიწყო. პირველად ისინი 2006 წლის როლან გაროსის დროს შეხვდნენ ერთმანეთს და ამის შემდეგ დაიწყო გრძელი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ხანდახან, სერბი თავის გუნდში ახალ პერსონალს ამატებდა - ბორის ბეკერს (2016 წლის ბოლოს დაითხოვა), მარკ ვუდფორდს ან ტოდ მარტინს, მაგრამ ვაიდა ყოველთვის გუნდის უცვლელი ნაწილი იყო.

ამანოვიჩი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის გუნდში 2007 წელს მივიდა. მანამდე, მილიანი დაკავებული იყო საკალათბურთო კლუბ "ცრვენა ზვეზდათი".

ფილ-გრიტშმა ჯოკოვიჩთან მუშაობა უფრო მოგვიანებით, 2009 წლის აპრილში დაიწყო. იმ დროისთვის, ჯოკოვიჩს უკვე მოგებული ჰქონდა "დიდი სლემის" პირველი ტიტული, მაგრამ წარმატებების ძირითადი ნაწილი სერბმა მაშინ მოიპოვა, როცა მისი გუნდი სწორედ ასეთი შემადგენლობისა იყო. მიუხედავად ამისა, შედეგების გაანალიზების შემდეგ, ისინი ერთობლივ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს გაყრა სერბს დაეხმარება.

ვინ შეცვლის ვაიდას?
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ნოვაკს არ დაუდანაშაულებია თავისი გუნდი დღევანდელ ჩავარდნაში. მაგრამ კრიზისიდან ჯოკოვიჩი მარტო შეეცდება გამოსვლას. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ვაიდას შემცვლელს არ იპოვნის. ჯერჯერობით ის არ ჩქარობს.

"დრო დამჭირდება ისეთი სპეციალისტის მოსაძებნად, რომელთანაც კომფორტული იქნება პროფესიული თვალსაზრისით ურთიერთობა. ტურში საკმარისზე მეტ ხანს ვარ და შემიძლია დამოუკიდებლად გავუმკლავდე ყოველდღიურ რუტინას. ამიტომაც, არ ვიჩქარებ ახალი მწვრთნელის ძებნას. გარკვეული ხანი, მარტო ვიმოგზაურებ, დახმარებას კი ჩემი ოჯახი გამიწევს", - დაწერა თავის მიმართვაში ჯოკოვიჩმა.

მაისში სერბს 30 წელი უსრულდება, ამასთან, ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა TOP5-ში.

იგივე ფედერერი მასზე ექვსი წლით დიდია, ასე რომ, ნოვაკს აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ დამაჯერებლობა დაიბრუნოს და ისევ დაიწყოს მოგება. მანამდე კი უმწვრთნელო ნოვაკის პირველი ტურნირი იქნება მადრიდის "მასტერსი", რომელიც დღეს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული