მონაკოს მასტერსი: ორი სენსაცია და გაკვეთილი ნადალისგან

AutoSharing Option
მონაკოს "მასტერსზე" გუშინ, სენსაციური მერვედფინალები იყო. მსოფლიოს პირველმა და მესამე ჩოგნებმა - ენდი მარეიმ და სტენ ვავრინკამ დაასრულეს ბრძოლა.

მარეის ორსაათნახევრიანი მარათონი ჰქონდა ესპანელ ალბერტ რამოსთან. ორივე ჩოგბურთელი ძალიან ცუდად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე - ჯამში მოთამაშეებს 26 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, აქედან 12 მარეის იყო, 14 - რამოსის. ესპანელმა ერთით მეტი ბრეიკი შეასრულა, თუმცა, უფრო ახლოს მოგებასთან ბრიტანელი იყო. ენდის მესამე სეტში 4:0 მიჰყავდა ანგარიში, რის შემდეგაც, საერთოდ მოიშალა მისი თამაში მოწოდებაზე. მატჩის ბოლომდე რამოსმა რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, სამი ბრეიკი შეასრულა და "მასტერსი" რეიტინგის ლიდერის გარეშე დატოვა - 2:6, 6:2, 7:5.

რაც შეეხება ვავრინკას, ის უშანსოდ იყო ურუგვაელი პაბლო კუევასის წინააღმდეგ. სამხრეთამრიკელი ორივე სეტს ბრეიკით იწებდა, ორივე 6:3 მოიგო და ორივეს ერთი დრო - 39 წუთი მოანდომა. კუევასმა ცხრა ბრეიკ-პოინტი მიიღო და ორი გამოიყენა. შვეიცარიელს კი ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ ჰქონია.

* * *
სამაგიეროდ, მონაკოს "მასტერსის" მთავარ ფავორიტსა და მოქმედ ჩემპიონს რაფაელ ნადალს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ის მამაკაცთა ტურის ამომავალ ვარსკვლავს ალექსანდრ ზვერევს ხვდებოდა და საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა გერმანელს. ესპანელმა 12 ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა, ზვერევს კი მეტოქის მოწოდების აღების ერთი შანსიც არ ჰქონია.

დიდი ბრძოლა გადახდა თავს ნოვაკ ჯოკოვიჩს. მან ორსაათნახევარი დაჰყო კორტზე ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტას წინააღმდეგ და ბოლოს გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა. არადა, სერბისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა - პირველი სეტი ორმაგი ბრეიკით მოიგო, მეორეში კი 2:0
დაწინაურდა, მაგრამ უცებ, მისი თამაში მოიშალა, რასაც ესპანელის ზედიზედ სამი ბრეიკი მოჰყვა.

საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, რომელშიც მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს. შეხვედრის კულმინაცია გახდა მეცხრე გეიმი, როცა 4:4-ზე კარენო-ბუსტამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, შემდეგ გეიმში კი წააგო საკუთარი მოწოდება და მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი გაუშვა.

1/8 ფინალი
ბერდიხი (ჩეხ)-ჩილიჩი (ხორ) 2:6, 6:7(0)
მარეი (ბრიტ)-რამოსი (ესპ) 6:2, 2:6, 5:7
პუიე (საფ)-მანარინო (საფ) 3:0 უარი
ვავრინკა (შვეიც)-კუევასი (ურუ) 4:6, 4:6
ტიმი (ავსტრი)-გოფენი (ბელ) 6:7(4), 6:4, 3:6
ა. ზვერევი (გერ)-ნადალი (ესპ) 1:6, 1:6
შტრუფი (გერ)-შვარცმანი (არგ) 3:6, 0:6
კარენო ბუსტა (ესპ)-ჯოკოვიჩი (სერ) 2:6, 6:4, 4:6

1/4 ფინალი
რამოსი (15)-ჩილიჩი (5)
კუევასი (16)-პუიე (11)
შვარცმანი-ნადალი (4)
გოფენი (10)-ჯოკოვიჩი2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული