ალექსანდრე მეტრეველი: წყვილები ჩვენი სუსტი წერტილია

AutoSharing Option
წინა უქმეებზე თბილისში, "მზიურის" კორტებზე, ჩოგბურთელ ვაჟთა დევისის თასის გათამაშების მეორე ევროაფრიკულ ზონაში საქართველოს ნაკრები ლიტვის გუნდთან დამარცხდა - 2:3. ამის მიუხედავად, მეორე ზონაში ადგილი შეინარჩუნა, რადგან პირველ რაუნდში ფინეთს სძლია.

ბალტიისპირელებთან პაექრობის შეფასება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე მეტრეველს ვთხოვეთ.

- მატჩისწინა ინტერვიუშიც გითხარით, რომ ლიტვის გუნდი ლიდერის გარეშეც სერიოზული მეტოქეა, მით უმეტეს, ისინი ჩვენზე ძლიერები არიან წყვილებში და ეს დაამტკიცეს კიდეც, - გვითხრა მან. - ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამჯერადაც შესანიშნავად ითამაშა და მეტოქეებისთვის - ტადას
ბაბელისისა და ლაურინას გრიგელისისთვის წარმატების იოტისოდენა შანსიც არ მიუცია.

ერთეულებში გიორგი ცივაძისა და სტუმართა მესამე ნომერ ლუკას მუგევიჩიუსს შორის დაპირისპირების მეოთხე სეტში, მას შემდეგ, რაც ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკი მიითვალა და ანგარიში გახდა 4:5, გიორგის მე-10 გეიმში საკუთარი მოწოდება რომ გამოეყენებინა, შეიძლებოდა, ანგარიში სხვაგვარიც ყოფილიყო, მაგრამ მუგევიჩიუსმა, რომელიც ცივაძესთან შედარებით დასვენებული იყო, მატჩი სასურველ დასასრულამდე მიიყვანა.

რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, მაგრამ გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ ლიტველებმა გვაჯობეს და გამარჯვება მათზე ალალია.

- ნიკოლოზ ბასილაშვილის პრესკონფერენციაზეც მინდა გკითხოთ...
- ნიკამ ის თქვა, რაც რეალობაა: მე და ცივაძე წყვილებს ცუდად ვთამაშობთ და ცვლილება აუცილებელია - ან გიორგის მოუძებნეთ მეწყვილე, ან მე ნუ მათამაშებთო მასთან.

თავად განსაჯეთ: დევისის თასზე ბასილაშვილმა და ცივაძემ წყვილებში ბოლო ორი წლის განმავლობაში ოთხივე პაექრობა დათმეს. ცხადია, წყვილთა ასეთი შედეგი ჩვენც არ გვაძლევს ხელს, მაგრამ, ბალტიისპირელებისგან განსხვავებით, ჩვენ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ გვქონდა. მომავლისთვის კი უნდა ვიზრუნოთ.

წლეულს ამერიკაში უნივერსიტეტს ამთავრებს შოთა მეფარიძე, გაისად - ალექსანდრე ბაკში, რომელთა იმედიც გვაქვს. კარგი ახალგაზრდობაც მოდის და ვფიქრობთ, დევისის თასის 2018 წლის გათამაშებისთვის უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული