მაიამის "მასტერსი": ფავორიტები უკეთესები იყვნენ

AutoSharing Option
ქალებმა გუშინ, ორი ნახევარფინალისტი გამოავლინეს. აგრძელებს 2017 წელს კარგი ფორმის ჩვენებას მსოფლიოს ყოფილი პირველი კაროლინ ვოზნიაცკი. დანიელი ლუსი საფაროვას ხდებოდა, რომელიც შარშან როლან გაროსის ფინალში გავიდა და მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი გახდა, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო და რეიტინგში TOP60-ის მიღმა აღმოჩნდა.

ჩეხი ახლა იწყებს დაკარგულის ანაზღაურებას, წინა წრეში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი დომინიკა ციბულკოვა დაამარცხა, მაგრამ ვოზნიაცკის ბარიერის გავლა ვერ შეძლო. არადა, საფაროვამ კარგი სტარტი აიღო და ბრეიკით დაწინაურდა.

ჩეხს ზედიზედ მესამე გეიმის აღებაც შეეძლო, მაგრამ 2:0-ზე ხუთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. და
ამის შემდეგ, ლუსის აღარ ჰქონია ბრეიკ-პოინტის ერთი შანსიც. ვოზნიაცკიმ კი მეოთხე გეიმში გაათანაბრა ანგარიში, 5:4-ზე კი მეორე ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტში დიდი ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ კაროლინმა არ ისურვა საქმის გადადება და მერვე გეიმში მეტოქეს ორი გეიმბოლი არ გამოაყენებინა, თავად კი მესამე ბრეიკ-პოინტზე მოიგო გეიმი და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა - 6:4, 6:3.

ვოზნიაცკი ნახევარფინალში კაროლინა პლიშკოვას შეხვდება. ჩეხმა ვეტერან მირიანა ლუჩიჩს არ მისცა საშუალება - გაემეორებინა ავსტრალიის ღიაზე მიღწეული შედეგი, როცა ნახევარფინალამდე მიაღწია. მაშინ, ლუჩიჩმა მეოთხედფინალში სწორედ პლიშკოვას მოუგო და ახლა, ჩეხმა რევანშის აღება შეძლო.

რევანში ძალიან დამაჯერებელი გამოვიდა. პირველ სეტში ხორვატს საერთოდ არ მისდიოდა თამაში საკუთარ მოედანზე და ოთხჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. ასე რომ, ლუჩიჩს ორმა ბრეიკმა ვერ უშველა.

ხორვატმა მეორე სეტი უკეთ დაიწყო და ბრეიკით გავიდა წინ - 4:2. თუმცა, პლიშკოვა დროზე მოვიდა გონს და ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო, რამაც ნახევარფინალის საგზური მოუტანა - 6:2, 6:4. პლიშკოვა 2017 წელს, მეოთხე ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

1/4 ფინალი
ვოზნიაცკი (12)-საფაროვა 6:4, 6:3
კარ. პლიშკოვა (2)-ლუჩიჩი (26) 6:3, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული