ძველი ჯოკოვიჩი... ჯერ მხოლოდ ერთ სეტში

AutoSharing Option
ინდიან უელსის წინასატურნირო მიმოხილვისას აღვნიშნეთ, რომ კაცების ბადის ქვედა მეოთხედში უამრავმა ვარსკვლავმა ერთად მოიყარა თავი და უკვე დაიწყო სუპერმატჩების სერია. პირველი იყო ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ხუან მარტინ დელ პოტროს დაპირისპირება, რომელშიც სერბმა ორ საათსა და 18 წუთში მეცამეტედ მოუგო არგენტინელს - 7:5, 4:6, 6:1.

პირველი სეტი მარათონული გამოდგა. ის 55 წუთი გაგრძელდა და დელ პოტროს მიერ პირველივე გეიმში შესრულებული ბრეიკით დაიწყო. ამის შემდეგ, არგენტინელს საწყის პარტიაში ბრეიკ-პოინტი აღარ ჰქონია. სერბმა პირველი ასეთი შანსი მეექვსე გეიმში მიიღო და ის მაშინვე გამოიყენა.
საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, მაგრამ მე-12 გეიმში ჯოკოვიჩმა შეძლო მეორე ბრეიკის შესრულება და სეტებში დაწინაურება.

მეორე სეტის დასაწყისი პირველის ანალოგიური იყო - დელ პოტრომ ბრეიკით დაიწყო, ჯოკოვიჩმა მეოთხე გეიმში მიიღო ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. იქვე არგენტინელმა მეორე ბრეიკი აიღო და მართალია, ჯოკოვიჩმა ერთი დაკარგული გეიმი დაიბრუნა, მაგრამ დელ პოტრომ მაინც მოახერხა სეტის მოგებამდე მიყვანა.

მატჩის შემდეგ, ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ დელ პოტროსთან შეხვედრის მესამე სეტში წელს ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი ვაჩვენეო და ეს ასეც იყო. ნოვაკმა ოთხ საკუთარ გეიმში მხოლოდ სამი ქულა დათმო, მეტოქის მოწოდებებზე კი შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ორი ბრეიკი შეასრულა.

ჯოკოვიჩი მერვედფინალში ნიკ კირგიოსზე გავიდა, რომლისთვისაც რევანში აქვს ასაღები გასულ კვირას, აკაპულკოს ტურნირზე მარცხის გამო. ავსტრალიელმა 73 წუთში დაამარცხა ალექსანდრ ზვერევი - 6:3, 6:4.

* * *
რაფაელ ნადალი კარიერაში თავის ერთ-ერთ მთავარ მეტოქეს ფერნანდო ვერდასკოს ხვდებოდა და ის მეთექვსმეტედ დაამარცხა - 6:3, 7:5. ეს იყო რაფასთვის 50-ე მოგება ინდიან უელსის "მასტერსზე". ნადალს თანამემამულისთვის ბევრი შანსი არ მიუცია. პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკი რაფამ მერვე გეიმში შეასრულა, მეტოქეს კი ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა. რაც შეეხება მეორე სეტს, თავდაპირველად, ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც, ნადალმა მე-11 გეიმში მესამე ბრეიკით გადაწყვიტა მატჩის ბედი.

როჯერ ფედერერის მეტოქე სტივ ჯონსონი იყო. აქ ორი უბრეიკო სეტი გადათამაშდა და როჯერმა ორივე ტაი-ბრეიკზე ითამაშა დამაჯერებლად. პირველ სეტში არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ყოფილა, მეორეში კი მეტოქის გეიმის აღების შანსი ფედერერს ჰქონდა, როცა მეორე გეიმში ოთხი ბრეიკ-პოინტი გაანიავა.

სხვა მატჩებიდან, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ამერიკელი ჯეკ სოკის მოგება გრიგორ დიმიტროვის წინააღმდეგ. სოკმა ოთხი მატჩბოლი მოიგერია - მესამე სეტში 4:5-ზე 0:40-დან გადარჩა საკუთარ მოწოდებაზე და ერთხელ, ტაი-ბრეიკზე 6:7 ჩამორჩენისას - 3:6, 6:3, 7:6(7).

72 წუთში გაანადგურა იაპონელმა კეი ნიშიკორიმ ჟილ მიულერი. აზიელმა თითო სეტში ორ-ორი ბრეიკი შეასრულა და 6:2, 6:2 მოიგო.

კაცები
1/16 ფინალი

ნიშიკორი (იაპ, 4)-მიულერი (ლუქ, 25) 6:2, 6:2
იანგი (აშშ)-პუიე (საფ, 14) 6:4, 1:6, 6:3
ნადალი (ესპ, 5)-ვერდასკო (ესპ: 26) 6:3, 7:5
ჟაზირი (ტუნ)-ფრიტცი (აშშ) 6:4, 3:6, 6:3
კირგიოსი (ავსტრა, 15)-ა. ზვერევი (გერ, 18) 6:3, 6:4
ფედერერი (შვეიც, 9)-ჯონსონი (აშშ, 24) 7:6(3), 7:6(4)
სოკი (აშშ, 17)-დიმიტროვი (ბულ, 12) 3:6, 6:3, 7:6(7)
ჯოკოვიჩი (სერ, 2)-დელ პოტრო (არგ, 31) 7:5, 4:6, 6:1

1/8 ფინალი
კარენო ბუსტა (ესპ, 21)-ლაიოვიჩი (სერ)
გოფენი (ბელ, 11)-კუევასი (ურუ, 27)
ვავრინკა (შვეიც, 3)-ნიშიოკა (იაპ)
ტიმი (ავსტრია, 8)-მონფილსი (საფ, 10)
ჟაზირი (ტუნ)-სოკი (აშშ, 17)
ნიშიკორი (იაპ, 4)-იანგი (აშშ)
ნადალი (ესპ, 5)-ფედერერი (შვეიც, 9)
ჯოკოვიჩი (სერ, 2)-კირგიოსი (ავსტრა, 15)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული