ძალიან დამაჯერებელი უკრაინელი - სვიტოლინას 15-მატჩიანი მოგებათა სერია მუგურუსამ უნდა შეაჩეროს

AutoSharing Option
ქალები მამაკაცებზე ერთი ნაბიჯით წინ არიან და გუშინ, მათ 1/16 ფინალის დაიწყეს.

ყველაზე იოლი გამარჯვება ჰქონდა ტოპ-ათეულის ახალ წევრს, უკრაინელ ელინა სვიტოლინას, რომელმაც 6:2, 6:1 გაანადგურა ავსტრალიელი დარია გავრილოვა, არადა, წინა წრეში სვიტოლინამ სამსეტიანი თრილერი გადაიტანა ჩინელ კიან ვანგთან. უკრაინელს 15-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და მერვედფინალში მის შეწყვეტას ეცდება ესპანელი გარბინ მუგურუსა.

როლან გაროსის ჩემპიონმა ძალიან იწვალა იუნიორებს შორის ყოფილ პირველ ნომერთან, ამერიკელ კაილა დეისთან - 3:6, 7:5, 6:2. დეიმ უკვე მოახდინა ამ ტურნირზე სენსაცია - წინა წრეში მოუგო ავსტრალიის
ღიას ნახევარფინალისტს მირიანა ლუჩიჩს. 17 წლის ამერიკელმა მუგურსასთანაც ბრწყინვალედ დაიწყო - 5:1 დაწინაურდა და პირველი სეტი ნახევარ საათში აიღო.

მატჩში გარდამტეხი მომენტი იყო მეხუთე გეიმი, რომელშიც დეიმ მიღებაზე სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. ესპანელმა ეს გეიმი გადაარჩინა და სათამაშო ინიციატივა მოიპოვა. თუმცა ამერიკელს კიდევ ჰქონდა შანსი - 5:5-ზე ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ეს შესაძლებლობაც დაკარგა. ამის შემდეგ, ესპანელი უკვე შეუჩერებელი იყო.

საინტერესოა, რომ დეის უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა - 11 შვიდის წინააღმდეგ, მაგრამ ამერიკელმა მხოლოდ ორი შანსი გამოიყენა, მუგურუსამ - ოთხი.

* * *
მეორე წრეში კაროლინა პლიშკოვამ ურთულესი მატჩი გადაარჩინა ოლიმპიური ჩემპიონის მონიკა პუიგის წინააღმდეგ, როცა 0:3 იყო ჩამორჩენილი მესამე სეტში. ამჯერად, ჩეხმა უფრო იოლად შეძლო ირინა-კამელია ბეგუს ძლევა - 6:4, 7:6(2).

თუმცა, მსოფლიოს მესამე ჩოგანს აქაც დასჭირდა ქამბექი - 3:5-დან მოიგო მეორე სეტი. პლიშკოვა მეოთხედფინალში გასასვლელად შვეიცარიელ ტიმეა ბაშჩინსკის შეხვდება, რომელმაც ოთხი მატჩბოლი მოიგერია ჰოლანდიელი კიკი ბერტენსის წინააღმდეგ - 6:3, 5,7, 7:6(8).

მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა კაროლინას დას - კრისტინა პლიშკოვას. მან ორი საათი და 50 წუთი იბრძოლა მეხუთე ნომრად განთესილი დომინიკა ციბულკოვას წინააღმდეგ, ერთი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და წააგო - 6:2, 6:7(5), 6:7(4).

* * *
მოულოდნელი იყო 21-ე ნომრად განთესილი კაროლინ გარსიას გამარჯვება ბრიტანელ იოჰანა კონტას წინააღმდეგ - 3:6, 6:3, 7:6(1). ფრანგი ბოლო სამ წელიწადში მეორედ გავიდა ინდიან უელსის მერვედფინალში.

კონტამ კარგად დაიწყო წლევანდელი სეზონი - ტიტული მოიგო სიდნეიში და მეოთხედფინალში გავიდა ავსტრალიის ღიაზე, მაგრამ ინდიან უესლში ჩავარდნა ელოდა. ბრიტანელმა მოიგო პირველი სეტი, მაგრამ მეორე პარტიაში ვერ შეძლო მეტოქის გეიმის აღება, თავად კი ერთადერთი ბრეიკი შეასრულებინა მეტოქეს.

მესამე სეტში კი გარსია ძალიან დამაჯერებელი იყო ტაი-ბრეიკზე და ორ საათსა და 11 წუთში მოიგო. საინტერესოა, რომ ორივე ჩოგბურთელმა ჯამში მხოლოდ 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მაგრამ გარსიას 28 "ვინერსი" ჰქონდა მეტოქის 23-ის წინააღმდეგ.

1/16 ფინალი
ქალები

კუზნეცოვა (რუს, 8)-ვინჩი (იტა, 26) 6:2, 2:6, 6:1
გარსია (საფ, 21)-კონტა (ბრიტ, 11) 3:6, 6:3, 7:6(1)
პავლიუჩენკოვა (რუს, 19)-სტრიკოვა (ჩეხ, 17) 6:3, 6:2
ციბულკოვა (სლოვაკ, 5)-კრ. პლიშკოვა (ჩეხ) 2:6, 7:6(5), 7:6(4)
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-ბეგუ (რუმ, 29) 6:4, 7:6(2)
ბაშჩინსკი (შვეიც, 15)-ბერტენსი (ჰოლ, 18) 6:3, 5:7, 7:6(8)
მუგურუსა (ესპ, 7)-დეი (აშშ) 3:6, 7:5, 6:2
სვიტოლინა (უკრ, 10)-გავრილოვა (ავსტრა, 24) 6:2, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული