ენდი მარეი - არის პირველი ტიტული!

AutoSharing Option
შაბათს, დუბიაში დასრულდა სამკვირიანი ჩამოგბურთო ტურნე ახლო აღმოსავლეთში.

ამ ტურნირის შესახებ თხრობა მეოთხედფინალური ეტაპის წინ შევწყვიტეთ. წინა მიმოხილვაში მოგიყევით, რომ ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშნენ ბრძოლას შვეიცარიელი ფავორიტები - სტენ ვავრინკა და როჯერ ფედერერი. ამ უკანასნელის მძლეველმა ევგენი დონსკოიმ უფრო წინ წასვლა ვერ შეძლო და ლუკ პუეისთან დამარცხდა.

შვეიცარიელების გამოვარდნის შემდეგ, მთავარი ფავორიტი ენდი მარეი გახდა, თუმცა, მან ცოტა ხნის წინ იავადმყოფა და საწყის ეტაპებზე გაუჭირდა, განსაკუთრებით მძიმე ბრძოლა კი მეოთხედფინალში გადახდა ფილიპ კოლშრაიბერის წინააღმდეგ.

პირველი სეტი გერმანელმა ტაი-ბრეიკზე მოიგო. მეორე სეტშიც
ყველაფერი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა. და ეს იყო ყველაზე გრძელი მე-13 გეიმი ბოლო ათი წლის განმავლობაში - ის 31 წუთი გაგრძელდა და 38 ბურთი გათამაშდა! მარეიმ შვიდი მატჩბოლი (!) მოიგერია, ამდენივეჯერ გადაირჩინა თავი სეტბოლებზე კოლშრაიბერმა. საბოლოოდ, მერვე სეტბოლზე მარეიმ შანსი გამოიყენა და მარათონული ტაი-ბრეიკი 20:18 მოიგო!

დასანანი წაგებით გაწბილებულმა კოლშრაიბერმა მესამე სეტში ვერ იბრძოლა და ერთადერთი გეიმი აიღო. ეს სეტი უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდრე მეორე სეტის ტაი-ბრეიკი.

ნახევარფინალში ლუკ პუიეს წინააღმდეგ ენდის ნაკლები პრობლემები ჰქონდა. ეს ჩოგბურთელები მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს და ფრანგს ბრიტანელისთვის ჯერ სეტი არ მოუგია.

ბადის ქვედა მხარეს განთესილებს გაუჭირდათ. გაელ მონფილსმა მეოთხედფინალში წააგო ფერნანდო ვერდასკოსთან და დაკარგა შანსი - გამოეგდო ფედერერი ტოპ-ათეულიდან. ვერდასკომ შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა.

ნახევარფინალში მისი მეტოქე იყო რობინ ჰაასე, რომელმაც პირველ წრეში ტომაშ ბერდიხი გამოთიშა ბრძოლას. ნახევარფინალში ჰაასე და ვერდასკომ თანაბრად იბრძოლეს პირველ ორ სეტში, მაგრამ მესამეში ესპანელის უპირატესობა დიდი იყო.

ესპანელისთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ მეტოქისთვის განსაკუთრებული პრობლემების შექმნა ვერ შეძლო. პირველ სეტში მან 3:1 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ შემდეგ 13-დან 11 გეიმი წააგო. ენდიმ სეზონში პირველი და კარიერაში 45-ე ტიტული მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული