ავსტრალიის ღია პირველობა: IV დღე: საუკუნის სენსაცია!

AutoSharing Option
"ბოდიში, ნოვაკ, მაგრამ დღეს მე ძალიან კარგად ვთამაშობდი", - დარცხვენილი ამბობდა და თან ამაყობდა ავსტრალიის ღიას მთავარი სენსაციის ავტორი დენის ისტომინი, რომლის გამარჯვებას ნოვაკ ჯოკოვიჩზე ბუკმეიკერები 25.0 კოეფიციენტით აფასებდნენ.

ორენბურგში დაბადებული 30 წლის უზბეკის გამარჯვება არანაკლები საოცრებაა, ვიდრე "ლესტერის" ჩემპიონობა ან 2013 წლის უიმბლდონზე როჯერ ფედერერის წაგება სტახოვსკისთან.

ნოვაკი პირველად დამარცხდა "დიდ სლემზე" რეიტინგის მეორე ასეულში მყოფ ჩოგბურთელთან. არადა, ისტომინის ეს გარღვევა შეიძლებოდა არც ყოფილიყო - მსოფლიოს 117-ე ჩოგანმა უაილდ-ქარდი სპეციალურ აზიურ ტურნირზე მოიგო, სადაც ერთ-ერთ მატჩში სამმაგი მატჩბოლი მოიგერია.

აქამდე ეს ჩოგბურთელები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს (მათ შორის, ორჯერ ავსტრალიის ღიაზე), ხუთივეჯერ ჯოკოვიჩმა მოიგო და მხოლოდ ერთი სეტი დათმო. ამჯერად, სულ სხვანაირი მატჩი გამოვიდა. პირველივე გეიმში ისტომინს ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ნოვაკმა ექვსივე მოიგერია და შეინარჩუნა 15-წუთიანი გეიმი. ამ სეტში ყოველი მეორე გეიმი "მეტი-ნაკლებით" სრულდებოდა. ისტომინმა შეძლო ბრეიკის შესრულება, მაგრამ იქვე დათმო საკუთარი მოწოდება.

ტაი-ბრეიკიც ამ გიჟური სეტის შესაბამისი იყო. ფავორიტმა დამაჯერებლად დაიწყო და 4:1 დაწინაურდა, მაგრამ უზბეკმა ზედიზედ ოთხი ბურთი მოიგო. მეტოქის სეტბოლზე ნოვაკმა კარგად ჩააწოდა, შემდეგ კი თავად ჰქონდა ორი სეტბოლი, მაგრამ ორივე წააგო, თან ერთი საკუთარ მოწოდებაზე. ისტომინმა კი მეორე შანსი გამოიყენა და მოიგო 85-წუთიანი სეტი.

გამორიცხული არ იყო, რომ უმაღლეს დონეზე და კონცენტრაციის ზღვარზე თამაშის შემდეგ, ისტომინი მოუკლებდა, მაგრამ ეს არ მომხდარა. მეორე სეტში მას თითქმის არ მიუცია მეტოქისთვის ბრეიკის შანსი, თავად კი 5:4-ზე ორმაგი სეტბოლი ჰქონდა, რომელიც ჯოკოვიჩმა მოიგერია, შემდეგ მოუმატა და კიდევ ორი გეიმი აიღო - 7:5.

თამაში არა მხოლოდ დაძაბული, არამედ, სანახაობრივიც გამოვიდა, თუმცა, მესამე სეტში ხარისხი დაეცა. ისტომინი ისე ვეღარ ურტყამდა, როგორც წინა პარტიებში და ჯოკოვიჩმა ძალიან მალე აიღო მესამე სეტი - 6:2. ამ მომენტში ისე ჩანდა, რომ ისტომინს ძალები არ ეყოფოდა ნამდვილი ბრძოლისთვის, მაგრამ უზბეკმა ისევ გაგვაოცა. მან ისარგებლა სერბის მინიმალური მოდუნებით და ბრეიკი აიღო, რომელიც ნოვაკმა მალე დაიბრუნა.

4:5-ზე ჯოკოვიჩს სეტბოლის მოგერიება მოუწია, რასაც წარმატებით გაუმკლავდა და მალე, ჩოგბურთელები ისევ ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც ისტომინმა ისევ გაიბრწყინა. მან 5:1 წაიყვანა ანგარიში და მართალია, ნოვაკმა ორი სეტბოლი მოიგერია და თითქმის დაეწია მეტოქეს, ისტომინმა შეძლო ეისით სეტებში ანგარიშის გათანაბრება - 7:6(7:5)!

მატჩი ოთხ საათზე მეტ ხანს მიდიოდა, მაგრამ უზბეკი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად შესანიშნავად გამოიყურებოდა - ისევ მძლავრად აწვდიდა და მარცხნიდან უნაკლოდ ურტყამდა. სეტის დასაწყისში მან შეძლო ბრეიკის შესრულება, მომდევნო სამ საკუთარ გეიმში კი მხოლოდ სამი ქულა წააგო! სერბს თითქმის არ ჰქონია შანსი მიღებაზე. ისტომინმა, რომელსაც ზედიზედ 23 მატჩი ჰქონდა წაგებული TOP10-ის ჩოგბურთელებთან, 4 საათსა და 48 წუთში, კარიერაში მთავარ გამარჯვებას მიაღწია - 7:6(8), 5:7, 2:6, 7:6(5), 6:4.

* * *
მამაკაცთა ბადეში სხვა საინტერესო მატჩი არც ისე ბევრი იყო. განთესილებმა ძალიან დამაჯერებლად მოიგეს თავიანთი შეხვედრები. მაგალითად, რიშარ გასკემ გაანადგურა კარლოს ბერლოკი - 6:1, 6:1, 6:1 და კარიერაში ყველაზე იოლ გამარჯვებას მიაღწია "დიდი სლემის" ტურნირებზე. ასევე სამ სეტში მოიგეს მილოშ რაონიჩმა, დავიდ გოფენმა, ჟილ სიმონმა და რაფაელ ნადალმა. ესპანელმა გაანადგურა მარკოს ბაღდატისი - 6:3, 6:1, 6:3, თუმცა, "ვინერსზე" მეტი უნებლიე შეცდომა ჰქონდა (32 33-ის წინააღმდეგ).

რა დროს სერენას ჩამოწერაა!
უსენაციოდ არ ჩაუვლია გუშინდელ დღეს ქალთა ტურნირში. 34 წლის ხორვატი მირიანა ლუჩიჩი მეორე ახალგაზრდობას განიცდის. მან მსოფლიოს მესამე ჩოგანის, პოლონელი აგნიეშკა რადვანსკას კომბინაციებს ძალიან ძლიერი თამაში დაუპირისპირა. იდეალურად მუშაობდა მირიანას ფორჰენდი - ხორვატი ისე ძლიერად ურტყამდა, რომ რადვანსკა კორტის ვერც ერთ კუთხეში ვერ ასწრებდა. ამან ლუჩიჩს 33 "ვინერსი" და ორ სეტში მოგება მოუტანა - 6:3, 6:2.

* * *
35 წლის სერენა უილიამსმა დაამტკიცა, რომ ჯერ ნაადრევია მისი პენსიაში გაშვება. ამერიკელს სერიოზული მეტოქე ჰყავდა ჩეხი ლუსი საფაროვას სახით, რომელმაც კარგი მოწოდების წყალობით, დიდი ხანი გაუძლო ორივე სეტში მსოფლიოს მეორე ჩოგანს. თუმცა, საფაროვამ ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა, სერენამ კი თითო სეტში თითო ბრეიკი შეასრულა და მატჩი 35 "ვინერსით" და 15 ეისით დაასრულა.

* * *
ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ არ დაინდო 18 წლის რუსი ანა ბლინკოვა, რომელიც აბსოლუტურად დემორალიზებული იყო პირველ სეტში - პირველი მოწოდების სიზუსტემ 9 (!) პროცენტი შეადგინა. მეორე სეტში ბლინკოვა ნაკლებს ნერვიულობდა, მაგრამ რაიმე წარმატებაზე პრეტენზია არ ჰქონია - 0:6, 2:6.

* * *
არც კაროლინ ვოზნიაცკის შექმნია პრობლემები სტენ ვავრინკას შეყვარებულ დონა ვეკიჩთან - 6:1, 6:3. რამდენიმე წლის წინ, ვეკიჩს უდიდესი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნას მოუკლო და ახლა, პირველ ასეულშიც არ შედის. ვოზნიაცკის კი წინ აქვს შეხვედრა TOP10-ის წარმომადგენელ იოჰანა კონტასთან.

* * *
ნერვული მატჩი გამოუვიდა დომინიკა ციბულკოვას ტაივანელ ჰსიესთან - 6:4, 7:6(8). ტაი-ბრეიკზე ციბულკოვას ოთხი მატჩბოლი ჰქონდა და ყველა შანსი გაანიავა, შემდეგ სეტბოლი მოიგერია და საბოლოდ, მაინც მოიგო. მატჩის მსვლელობისას, სლოვაკი დროის გაყვანისთვის გააფრთხილეს და ის დიდი ხანი კამათობდა არბიტრებთან.

კაცები. II წრე
მონფილსი (საფ, 6)-დოლგოპოლოვი (უკრ) 6:3, 6:4, 1:6, 6:0
კოლშრაიბერი (გერ, 32)-იანგი (აშშ) 7:5, 6:3, 6:0
ა. ზვერევი (გერ, 24)-ტიაფო (აშშ) 6:2, 6:3, 6:4
ნადალი (ესპ, 9)-ბაღდატისი (კვიპ) 6:3, 6:1, 6:3
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 13)-ნიშიოკა (იაპ) 6:2, 6:3, 6:3
ფერერი (ესპ, 21)-ესკობედო (აშშ) 2:6, 6:4, 6:4, 6:2
სიმონი (საფ, 25)-დუტრა სილვა (ბრა) 6:4, 6:1, 6:1
რაონიჩი (კან, 3)-მიულერი (ლუქ) 6:3, 6:4, 7:6(4)
ტიმი (ავსტრია, 8)-ტომპსონი (ავსტრა) 6:2, 6:1, 6:7(6), 6:4
პერი (საფ)-ფონინი (იტა) 7:6(3), 4:6, 6:3, 3:6, 6:3
კარლოვიჩი (ხორ, 20)-უაიტინგტონი (ავსტრა) 6:4, 6:4, 6:4
გოფენი (ბელ, 11)-შტეპანეკი (ჩეხ) 6:4, 6:0, 6:3
დიმიტროვი (ბულ, 15)-ჩუნგი (კორ) 1:6, 6:4, 6:4, 6:4
გასკე (საფ, 18)-ბერლოკი (არგ) 6:1, 6:1, 6:1
კარენო ბუსტა (ესპ, 30)-ედმუნდი (ბრიტ) 6:2, 6:4, 6:2
ისტომინი (უზბ)-ჯოკოვიჩი (სერ, 2) 7:6(8), 5:7, 2:6, 7:6(5), 6:4

ქალები. II წრე
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 5)-ბლინკოვა (რუს) 6:0, 6:2
ოსტაპენკო (ლატ)-პუტინცევა (ყაზ, 31) 6:3, 6:1
გავრილოვა (ავსტრა, 22)-კონიუჰი (ხორ) 6:2, 1:6, 6:4
ბაშჩინსკი (შვეიც, 12)-კოვინიჩი (მონ) 6:1, 7:6(5)
ვესნინა (რუს, 14)-მინელა (ლუქ) 6:3, 6:3
ბრეიდი (აშშ)-უოტსონი (ბრიტ) 2:6, 7:6(3), 10:8
საკარი (საბ)-კორნე (საფ, 28) 7:5, 4:6, 6:1
ლუჩიჩი (ხორ)-ა. რადვანსკა (პოლ, 3) 6:3, 6:2
ციბულკოვა (სლოვაკ, 6)-ჰსიე (ტაივ) 6:4, 7:6(8)
მაკაროვა (რუს, 30)-ერანი (იტა) 6:2, 3:2 უარი
ვოზნიაცკი (დან, 17)-ვეკიჩი (ხორ) 6:1, 6:3
კონტა (ბრიტ, 9)-ოსაკა (იაპ) 6:4, 6:2
სტრიკოვა (ჩეხ, 16)-პეტკოვიჩი (გერ) 6:0, 7:5
გარსია (საფ, 21)-დოდენი (საფ) 6:7(3), 6:4, 6:4
გიბზი (აშშ)-ფალკონი (აშშ) 6:4, 6:1
ს. უილიამსი (აშშ, 2)-საფაროვა (ჩეხ) 6:3, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ტოტალიზატორი რეებს ამბობთ რა განა ჩელენჯის ტურნირია - მთელი კარიერა, პრესტიჟი და უძლიერესი ჩოგბურთელის სტატუსი დევს სასწორზე - გინდა ნადალს და გინდ ჯოკოვიჩს ფინანსები აკლიატ?
brola*
01:59 21-01-2017
0
ჯოკოვიჩს ტოტალიზატორებმა დაანებებინეს თავი ჩოგბურთისათვის. როგორც ნადალს ორი წლის წინ.
.........
21:05 20-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული