რევაზ ჩომახიძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოში წყალბურთის ახალი ბუმი დაიწყება

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში 15 თებერვალს თურქეთი 8:4 დაამარცხა და ორმატჩიან სერიაში 1:0 დაწინაურდა (იხილეთ ვრცლად).

მასპინძელთაგან ერთი გატანილი გოლით სახელოვანი ქართველი წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე გამოირჩა, რომელსაც რამდენიმე წელიწადი აქტიური სპორტისთვის თავი დანებებული ჰქონდა.

ჟურნალი "ლელო WEEK" ჩომახიძეს პლეი ოფის პირველი მატჩისთვის მზადების პერიოდში ესაუბრა.

* * *
რევაზ ჩომახიძე 1973 წელს დაიბადა. წყალბურთის თამაში ქუთაისში დაიწყო გიორგი ქუთათელაძის ხელმძღვანელობით. 1989-93 წლებში თბილისის "დინამოში" გამოდიოდა. იყო "რარი ნანტესის"
(იტალია, 1993-97), მოსკოვის "დინამოს" (1997-00), "პრო რეკოს" (იტალია, 2000-01), "მლადოსტის" (ხორვატია, 2001-04) წევრი, 2004-დან 2009 წლამდე ჩეხოვის (პოდმოსკოვიე) "შტურმი 2002-ში" თამაშობდა.

1997 წელს ის რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. მომდევნო წელს "კეთილი ნების თამაშებზე" პირველი ადგილი დაიკავა, 2000 წლის სიდნეისა და 2004 წლის ათენის ოლიმპიადებზე, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა 2002 წელს მსოფლიოს ლიგის თამაშები და მსოფლიოს თასიც მოიგო. რუსეთის მრავალგზის ჩემპიონმა ევროპის ჩემპიონატებზე ორჯერ მესამე ადგილი დაიკავა.

2001 წელს კონტინენტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. რევაზ ჩომახიძე მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში ევროპის თასების თასის მფლობელია, ხოლო "შტურმთან" ერთად - "ლენტროფის" გამარჯვებული. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის დიპლომატიური აკადემია.

...რათა გამოცდილებით დავეხმარო
- რამ გაიძულათ დაბრუნება?
- წყალბურთისა და საქართველოს სიყვარულმა... ისე, აქტიურ სპორტს ჩამოვშორდი, თორემ აუზისთვის ზურგი არასდროს შემიქცევია, მე ხომ საწყლოსნო კლუბ "ივერიის" პრეზიდენტი ვარ...

- და მაინც...
- ჩვენმა ნაკრებმა შესანიშნავად განვლო საკვალიფიკაციო ეტაპი და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ერთხელ უკვე ვიყავით მსგავს სიტუაციაში, მაგრამ მაშინ, 2011 წელს, რუმინული ბარიერი ვერ გადავლახეთ.

ამჯერად, რეალური შანსია, ფინალში კონტინენტის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოვხვდეთ. ამიტომ, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მესვეურებთან ერთად გადავწყვიტე, ნაკრებს დავუბრუნდე და ჩემი გამოცდილებით მის წარმატებაში მოკრძალებული წვლილი შევიტანო.

- საამისოდ, შესაბამისი ფიზიკური კონდიციები გჭირდებათ...
- გეთანხმებით. 6 თვე დამოუკიდებლად ვივარჯიშე და ბოლო ერთი თვეა, რაც ნაკრებს შევუერთდი. იანვრის ბოლო დეკადაში ჩვენი გუნდი ვლადიმერ ისელიძისა და იოვან პოპოვიჩის ხელმძღვანელობით ჩერნოგორიაში იყო ერთკვირიან შეკრებაზე. იქ ნაკრებმა ოთხი ამხანაგური მატჩი გამართა ძალიან ძლიერ გუნდთან და დავინახეთ, რომ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს.

ბოლო მატჩში მეც ვითამაშე. მართალია, უწინდელი კონდიციებისგან შორს ვარ და ასაკის გამო მას ვერც ვერასდროს აღვიდგენ, მაგრამ იმდენი გამოცდილება კი მაქვს, რომ ნაკრებს ხელი შევაშველო.

- მთელი კარიერის განმავლობაში ცენტრალური თავდამსხმელი იყავით. ალბათ, ახლაც ამ პოზიციაზე ითამაშებთ?
- ცხადია, ამპლუის შეცვლას არ ვაპირებ.

აი, რა სარგებლობა მოაქვს ნატურალიზაციას...
- ...და მარინო ფრანიჩევიჩი? ისიც ხომ ცენტრალური თავდამსხმელია?
- დიახ, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის. კარგი იქნებოდა, ყაზახებთან მატჩებისთვის ჩამოსულიყვნენ ჩვენი ნატურალიზებული წყალბურთელები. აზიელებთან მარტო დამირ ცრეპულიამ ითამაშა. მარინო ფრანიჩევიჩი, მარკო ელეზი და მარკო ელაჩა მოგვიანებით შემოგვიერთდებიან. მწვრთნელებიც მერე გადაწყვეტენ, ვის რამდენი სათამაშო დრო მოგვეცემა. ცხადია, ერთმანეთს ხელს არ შევუშლით. მთავარია, ნაკრებმა მიზანს მიაღწიოს და მეორე ცდა წარმატებული აღმოჩნდეს.

საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მაქვს თურქეთის ნაკრებზე, ძლიერი გუნდია, თანაც განმეორებით მატჩს შინ თამაშობს. მიუხედავად ამისა, ფინალში გასვლის შანსები მაინც თანაბარი მგონია.

- ბევრ გულშემატკივარს მიაჩნია, რომ ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებები ნატურალიზებული წყალბურთელების დამსახურებაა. ისინი ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა, საკუთარი ძალებით გვებრძოლა გამარჯვებების მისაღწევად...
- ნურავის ეწყინება, მაგრამ ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები. სპორტსმენის ნატურალიზება მთელ მსოფლიოში მიღებული რეალობაა ნებისმიერ სახეობაში. რუსეთის ნაკრებმა რა წააგო იმით, რომ ამ გუნდის წამყვანი მოთამაშე მე, ქართველი წყალბურთელი ვიყავი?

ხუთი წლის წინათ, როცა აქტიურ სპორტს თავს ვანებებდი, წილად მხვდა ბედნიერება, დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მეთამაშა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში. მაშინდელი და დღევანდელი გუნდების შედარებაც არ შეიძლება, ისე გაიზარდა ჩვენი ბიჭების ოსტატობა. მაშინ ბელარუსთან და უკრაინასთანაც თუ ვაგებდით, დღეს ამ გუნდებს სერიოზულ მეტოქეებად აღარც მივიჩნევთ.

ჩვენი გუნდის წინსვლასა და ბიჭების სპორტული დონის ამაღლებაში ნატურალიზებულ წყალბურთელებსაც მიუძღვით დიდი წვლილი, მათ გვერდით ბიჭები სწავლობენ, იზრდებიან და ამის დაუნახაობა სიბეცე იქნებოდა.

მთავარია, პროცესი უფრო ინტენსიური გახდეს
- უცხოეთში დიდი ხნით ყოფნის შემდეგ ოცნებაც აისრულეთ და 2009 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეთ...
- გარემოებამ მაიძულა საზღვარგარეთ წასვლა, თორემ არასდროს მიფიქრია, მთელი ცხოვრება უცხოეთში გამეტარებინა. შანსი მომეცა და სამშობლოში დაბრუნებაზე უარს როგორ ვიტყოდი? სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდული ნაკრებების მთავარ მწვრთნელადაც დამნიშნეს. ეს მიმართულება ფედერაციაში პრიორიტეტული იყო და დღემდე ასეთად რჩება.

სამი წლის წინათ საქართველოს 19-წლიანთა გუნდი ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზეც გავიდა. ახალგაზრდებთან ინტენსიური მუშაობით იმას მივაღწიეთ, რომ რამდენიმე წყალბურთელი ეროვნულ გუნდში მიიწვიეს. ახლა მთავარია, ეს პროცესი უფრო ინტენსიური გახდეს, რათა უფრო დაბალი ასაკის გუნდებიდან ღირსეული ცვლა წამოვიდეს.

საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის დიდი მცდელობითა და ზრუნვით დღეს წყალბურთში 1200-მდე მოზარდი ვარჯიშობს.

- მათ მოსამზადებლად სათანადო ბაზები და პირობები თუ არსებობს?
- საქართველოში ცოტაა აუზი, თანაც ყველა მათგანი როდია დაინტერესებული, წყალბურთის ჯგუფები ჰყავდეს. ზოგან პირობებიც ქმნის პრობლემებს. წყალბურთი ვერ არის ისეთი პოპულარული, როგორიც ფეხბურთი, ჭიდაობა ან ძიუდოა. ამას ისიც ემატება, რომ აბონემენტები ძვირია.

ამის მიუხედავად, ბათუმისა და ქუთაისის მცირე აუზები მსურველებს ვერ იტევს. სასიამოვნოა, რომ საჩხერის აუზში დღეს 120-მდე ნორჩი წყალბურთელი ვარჯიშობს და აქაური გუნდები საქართველოს პირველობებშიც წარმატებით გამოდიან. რუსთავის გაპარტახებული აუზი კაპიტალურად გარემონტდა და მწყობრში ჩადგა, წყალბურთის სკოლამ კი ინტენსიური მუშაობა დაიწყო.

სამომავლოდ, კიდევ ერთი ევროსტანდარტების შესაბამისი აუზი აშენდება თბილისში, სადაც 2015 წელს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრებები გაიმართება ცურვაში. იქ, ცხადია, წყალბურთის ჯგუფებიც იმუშავებს.

განაწყენება გამორიცხულია, ვის გავებუტო?
- შეიძლება ითქვას, ქართულ წყალბურთს მომავალი აქვს?
- აუცილებლად. საიმისოდ, რომ სპორტის ესა თუ ის სახეობა წარმატებული იყოს, აუცილებელია, ქვეყანაში მას ტრადიცია ჰქონდეს. ამ მხრივ, მართლაც მდიდრები ვართ. მშობლების დაინტერესებასაც ვგრძნობთ.

საქართველოში თითქმის 20 წლის განმავლობაში წყალბურთისთვის უმნიშვნელო თანხა იხარჯებოდა. ამჟამად კი სრულიად განსხვავებული ვითარებაა. ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლით, დარწმუნებული ვარ, საქართველოში წყალბურთის ახალი ბუმი დაიწყება.

- თქვენ ტრადიცია და ხელშეწყობა ახსენეთ. ეს უკანასკნელი, ალბათ, შარშან საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის არჩევასაც უკავშირდება. ყრილობაზე თქვენც იყრიდით კენჭს. რევაზ ჩომახიძეს არჩევნებში მარცხით განაწყენებული კაცის პოზიცია ხომ არ უჭირავს?
- აბსოლუტურად გამორიცხულია. ვის გავებუტო? იმ ადამიანებს, რომლებთანაც ამდენი ხნის განმავლობაში საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. მერე რა, რომ საწყლოსნო სახეობების განვითარების ჩემეული ხედვა მაქვს. კონფერენციის შემდეგ ვთქვი, რომ ქართულ წყალბურთს ყოველთვის დავეხმარები-მეთქი. ჩემი ამჟამინდელი გადაწყვეტილებაც ამის დასტურია.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო WEEK"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული