ალექსანდრე ბითაძე: გეოგრაფია იზრდება, ოსტატობა მაღლდება

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 1996 წელს და უფრო გვიან დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს პირველობის ორი ტურის ორთაბრძოლები გაიმართა.

კვლავ წარმატებით ითამაშეს ფავორიტებმა: "ლიგამუსმა" ორივე შეხვედრა, ისევე, როგორც "ივერია-1"-მა, სოლიდური ანგარიშებით მოიგო: ჯერ "ივერია-2-"ს 13:4, შემდეგ - "თბილისს" 15:3 აჯობა, ხოლო "ივერია-1"-მა "ბათუმი" (24:2) და "ივერია-2" (22:5) დაჯაბნა.

დანარჩენი პაექრობები კი ასე დამთავრდა: "ბათუმი" - თბილისი" 10:7, "ქუთაისი" - "ტონუსი" 25:0, "ქუთაისი" - ბათუმი" 7:7, "ბათუმი" - "ტონუსი" 29:0. ამ გუნდების მომდევნო ტურის შეხვედრები 20 აპრილს გაიმართება.

მანამდე, როგორც გაუწყეთ, 24
მარტს 1998 წელს დაბადებულთა და უმცროსთა საქართველოს პირველობის ფინალური მატჩები ჩატარდება. 30 მარტს ექვსი გუნდის მონაწილეობით სტარტს აიღებს ეროვნული ჩემპიონატი. 6-8 აპრილს კი "ოლიმპიკი" საერთაშორისო ტურნირს - სახელოვანი ქართველი წყალბურთელის, ნოდარ გვახარიას თასის გათამაშებას უმასპინძლებს.

საქართველოს პირველობებთან და საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ბითაძეს:

- წლეულს პირველად ვატარებთ 1998 წელს და უფრო გვიან დაბადებულ წყალბურთელთა ოფიციალურ შეჯიბრებას. გვინდა პერსპექტიული სპორტსმენები გამოვავლინოთ. ორი ტურის შემდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ქუთაისის გუნდმა. არადა, ამ ქალაქში მეორე წელიწადია, რაც წყალბურთის სექცია აღდგა და უკვე საგრძნობი წინსვლა ემჩნევათ.

არც გვიკვირს - ქუთაისი ხომ ყოველთვის იყო ჩვენთან წყალბურთის მექა. აქაურ წარმომადგენლებს ბევრჯერ უსახელებიათ თავი საერთაშორისო სარბიელზე და, მჯერა, რომ მომავალშიც ასე იქნება. სასიამოვნო სიურპრიზია ტურნირში საჩხერელთა მონაწილეობა. ასე რომ, ჩვენთან წყალბურთის გეოგრაფია იზრდება, ოსტატობის დონეც მაღლდება.

პირველობის დამთავრების შემდეგ ჩამოყალიბდება 1998 წელს და გვიან დაბადებულთა საქართველოს ნაკრები და აქედანვე დაიწყებს მზადებას 2015 წლის ევროპის პირველობისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ამ ასაკიდან რამდენიმე მოთამაშე ახალგაზრდულ ნაკრებშიც მოხვდეს.

1996 წელს და უფრო გვიან დაბადებულთა გუნდი გაისად 17-წლამდელთა ევროპის პირველობაში მოსინჯავს ძალებს. ფინალური ეტაპი ზაფხულში მალტაზე გაიმართება, საკვალიფიკაციო ტურნირი კი მაისშია დაგეგმილი. თუმცა ჯერ არ ვიცით, ვისთან მოგვიწევს პაექრობა. ნაკრები უკვე ემზადება სერბი იოვან პოპოვიჩისა და ირაკლი ბაქრაძის ხელმძღვანელობით.

ძალიან გვინდა, ბიჭებს რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. ახლახან სერბეთში ვიყავით ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე და რამდენიმე ტესტმატჩიც გავმართეთ. ჩვენი გუნდისთვის ეს იყო პირველი შეხვედრები, თორემ სერბ თანატოლებს იანვრიდან უკვე 60-ამდე პაექრობა ჰქონდათ გამართული.

ნოვი სადში ჩაფრენის დღესვე, მომქანცველი მგზავრობის შემდეგ (7 საათი სტამბულის აეროპორტში ისხდნენ - ვ.დ.), ჩვენი დროით ღამის 12 საათზე სერბეთის ახალგაზრდული პირველობის ვერცხლის პრიზიორს - მასპინძელთა "ვოივოდინას" დავუპირისპირდით და 8:13 დავმარცხდით. სამაგიეროდ, მომდევნო მატჩებში ვაჯობეთ - 10:7 და 9:8. ერთი ორთაბრძოლა უმაღლესი ლიგის "დუნავთან" ჩავატარეთ. ამ გუნდში ყველაზე ახალგაზრდა 25 წლისაა.

ჩვენი ნაკრები კი 15-17 წლის ბიჭებით იყო დაკომპლექტებული. ამის მიუხედავად, ორი პერიოდის განმავლობაში სერბებს მედგარი წინააღმდეგობა გავუწიეთ, ბოლო ორი რვაწუთიანი მონაკვეთი დავთმეთ და 2:6 წავაგეთ. ბოლო მატჩი ბელგრადის "პარტიზანის" ახალგაზრდულ გუნდთან გვქონდა.

შეხვედრა ფრედ - 13:13 დამთავრდა. არადა, "პარტიზანის" მთავარი გუნდი 2010 წლის ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ამ კლუბში რვა ასაკის 2500-ამდე მოზარდი ვარჯიშობს. ბელგრადელთა მთავარმა მწვრთნელმა, ორგზის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს სამგზის საუკეთესო წყალბურთელმა იგორ მილანოვიჩმა გვითხრა, რომ 17-წლიანებში ისეთი კარგი თაობა გვეზრდება, მომავალში ერთ ევროპის ჩემპიონთა ლიგას მოგვაგებინებენო.

- სერბეთში წრთობამიღებული ჩვენი ბიჭები ნოდარ გვახარიას თასზე თუ ითამაშებენ?
- აუცილებლად. 6-8 აპრილს "ოლიმპიკში" ეს საერთაშორისო ტურნირი მეორედ გაიმართება ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ეგიდით. მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში მეტოქეობას გაგვიწევენ თურქები, ყაზახები და ბელარუსები. თანაც ბელარუსებმა გვთხოვეს, 1993-94 წლებში დაბადებულთა ნაკრებს ჩამოვიყვანთო. დავყაბულდით, რადგან ჩვენი ბიჭების უფროსებთან პაექრობაში გამოცდაც გვსურს.

- ეროვნულ ჩემპიონატზე რას იტყვით?
- შარშან მსგავს შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობა ლიგამუსელებმა მოიპოვეს. მომდევნო ადგილებზე "თბილისი", "ივერია" და "ზვიგენები" გავიდნენ. წლეულს ამ ოთხ გუნდს "ბათუმი" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დაემატება და მედლებისთვის ბრძოლა უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული