მსოფლიო ლიგა თბილისში - საქართველო-იტალია "ოლიმპიკში"

AutoSharing Option
დღეს, 11 აპრილს, 20:00 სთ-ზე, საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს "ოლიმპიკის" საცურაო აუზზე, ოლიმპიური თამაშების სამგზის გამარჯვებული იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაშზე დასწრება თავისუფალია.

მსოფლიო ლიგაში საქართველოს ნაკრები მეორედ მონაწილეობს. 2016-17 წლების გათამაშების ევროპულ ჯგუფში 11 გუნდი ჩაება. ჩვენები C ჯგუფში მოხვდნენ იტალიასა და რუსეთთან ერთად. აქვე თურქებსაც უნდა ეასპარეზათ, მაგრამ ორწრიანი შეჯიბრების დაწყების წინ ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ქართველებმა სტარტზე რუსებს უმასპინძლეს და დაძაბული პაექრობა 13:14 დათმეს, მერე სტუმრად ორ შეხვედრაში დამარცხდნენ -
იტალიასა (5:14) და რუსეთთან (8:19). ტურნირის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე ჩვენს ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: იტალია - 9 (36:21), რუსეთი - 6 (50:43), საქართველო 0 (26:47) ქულა.

მსოფლიო ლიგის ბოლო ტურის ორთაბრძოლისთვის ქართველებმა ნოვი სადში (სერბეთი) ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრება გაიარეს, უნგრელებსა და სერბებთან ოთხი ამხანაგური მატჩიც გამართეს: მადიართა საკლუბო გუნდს ორივე პაექრობაში აჯობეს, ხოლო ადგილობრივ "ვოივოდინას" ერთი შეხვედრა მოუგეს, მეორეში კი დაუზავდნენ, თანაც საქართველოს ნაკრებში არ უთამაშიათ ლეგიონერებს - ანდრია ბითაძეს, რევაზ იმნაიშვილს, მარკო ელაჩასა და დავიდ ცრეპულიას. ისინი ნაკრებს თბილისში ორი დღის წინათ შემოუერთდნენ.

საქართველოს ნაკრები:
ირაკლი რაზმაძე, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ნიკა შუშიაშვილი, გიორგი წულიკიანი, ბექა კაპანაძე.
მთავარი მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი, მწვრთნელი: ვლადიმერ ისელიძე.

იტალიის ნაკრები:
ედუარდი დი სომა, ფრანჩესკო დი ფულვიო, ფრანჩესკო დე მიჩელისი, ალესანდრო ველოტო, ჯაკოპო ალესიანი, ვინჩენცო რენზუტო, ლორენცო ბრუნი, ვინჩენცო დოლჩე, ჯაკომო ჩანელა, ნიკოლას პრესკიუტი, ედუარდო მანზი, ტომაზო ბუსილაჩი, ანდრეა ფონდელი, ჯანმარკო ნიკოსია.
მთავარი მწვრთნელი: ალესანდრო კამპაგნა, მწვრთნელი: ამადეო პომილიო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული