ამერიკული ფეხბურთი. სუპერბოული: ბალტიმორი ჩემპიონია

AutoSharing Option
კვირა დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში მთლიანად სპორტის ერთ სახეობას დაეთმო - ამერიკულ ფეხბურთს. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ნიუ ორლეანში გაიმართა ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ფინალური მატჩი, რომელსაც სუპერბოული ჰქვია. NBA-სა და NHL-ის მატჩებიც ამერიკისთვის უჩვეულოდ ადრე დასრულდა, რათა ხელი არაფერს შეეშალა გრანდიოზული სპორტული შოუსთვის. ტიტულისთვის იბრძოდნენ "სან ფრანცისკო ნაინერზი" და "ბალტიმორ რეივენსი".

მატჩის წინ ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტრადიციული 20-წუთიანი მიმართვით გამოვიდა, რასაც მოჰყვა გუნდების მოედანზე გასვლა, ფოიერვერკი და აშშ-ის ჰიმნი.

ამჯერად ბეიონსეს არ მოუწია სირცხვილისგან გაწითლება: ჰიმნი შეასრულა სოულის
მეორე პოპულარულმა მომღერალმა ალიშია კისმა, თანაც ეს ისე გააკეთა, რომ ორი გუნდის მოთამაშეებმა ცრემლი ვერ შეიკავეს. შემდეგ გაიჟღერა კიდევ ერთმა პატრიოტულმა სიმღერამ (America the Beatiful), რომელიც შეასრულა სენდი ჰუკის დაწყებითი სკოლის გუნდმა. ეს ის სასწავლებელია, სადაც ცოტა ხნის წინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა.

მატჩის დაწყების პატივი "ბალტიმორს" ერგო. შეხვედრის პირველი ნაწილი დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. მთელი ამ დროის განმავლობაში გუნდებმა ნამდვილი “ჩეხვა” მოაწყვეს, თუმცა “ბალტიმორის” აშკარა უპირატესობა იგრძნობოდა. “რეივენსი”, ბუკმეკერთა შეფასებით, არ მიიჩნეოდა ფავორიტად, მაგრამ სერიოზული გამოცდა მოუწყო “სან ფრანცისკოს”.

საბოლოოდ, ბეიონსეს შოუმდე გუნდები შესვენებაზე ასეთი ანგარიშით გავიდნენ – 21:6 “ბალტიმორის” სასარგებლოდ. “ყვავებს” შეეძლოთ ოდნავ მოდუნება, “სან ფრანცისკოს” მოთამაშეებს კი სიმღერების და ცეკვების ნაცვლად, სერიოზული საუბარი ელოდათ გასახდელში.

ამასობაში ბეიონსე სცენაზე გავიდა და მთელი მსოფლიოს გასახარად შთამბეჭდავი მინი-კონცერტი ჩაატარა. თუმცა მომღერალმა თავის გამოსვლაში დიდი აქცენტი ქორეოგრაფიაზე გააკეთა, ვიდრე ვოკალურ შემადგენელზე, მაგრამ მაყურებელი მაინც აღფრთოვანებული დარჩა. დაახლოებით 20 წუთში კი გუნდები მეორე ნახევრის სათამაშოდ გავიდნენ.

როგორც ჩანს, არენამ დაძაბულობას ვერ გაუძლო, მოკლე ჩართვა მოხდა და დაახლოებით ნახევარი საათით სტადიონზე სიბნელემ დაისადგურა. ამ პაუზამ “სან ფრანცისკოზე” იმოქმედა დადებითად და გუნდი საბოლოოდ შევიდა თამაშში.

“ნაინერზმა”, რომელიც დენის გამორთვის მომენტში 7:28-ს აგებდა, თამაშში გარდატეხა შეიტანა და დაიწყო “ბალტიმორის” განადგურება. ზედიზედ ორი თაჩდაუნისა და ფილდ-გოლის შემდეგ სხვაობისგან თითქმის არაფერი დარჩა... საბოლოოდ “სან ფრანცისკოს” სულ მცირედი არ ეყო. “ბალტიმორმა” მაინც მოიგო. 34:31 და “რეივენსი” სუპერბოულის ორგზის ჩემპიონი გახდა.

სუპერბოულის MVP “ბალტიმორის” კვოტერბეკი ჯო ფლაკო გახდა. მოთამაშემ, რომელსაც სეზონის წინ კრიტიკოსები სასაცილოდ იგდებდნენ ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო, მთელ ქვეყანას დაუმტკიცა, რასაც ნიშნავს საკუთარი თავის რწმენა. ახლა უკვე ის დასცინის სკეპტიკოსებს.

"ბალტიმორმა" ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, "სან ფრანცისკომ" კი პირველად წააგო ფინალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ამერიკული ფეხბურთი: სუპერბოული მკვლელითა და ბეიონსეთი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული