მსოფლიოს ჩემპიონატი: საფრანგეთის მეხუთე ოქრო და მეორე ჰეთ-თრიკი

AutoSharing Option
ყატარში დასრულდა მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში, რომელშიც პლანეტის საუკეთესო გუნდის ტიტული დაიბრუნა საფრანგეთის ნაკრებმა. "ექსპერტებმა" (საფრანგეთის ნაკრების მეტსახელი) მეხუთედ მოიპოვეს ჩემპიონობა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

საფრანგეთის მთავარი მიღწევა ის არის, რომ ეს გუნდი ისევ უნიკალური ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა. 2010 წელს ნაკრები სამი დიდი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო - 2008 წელს მოიგო ოლიმპიადა, 2009 წელს - მსოფლიოს ჩემპიონატი და 2010 წელს - ევროპის ჩემპიონატი. და ახლაც, ფრანგები ამ სამ ტურნირში მოგებით იწონებენ თავს - ლონდონის ოლიმპია
და (2012), დანიაში მოგებული ევროპა (2014) და ყატარში მოგებული მსოფლიო (2015).

საფრანგეთის ნაკრებმა დაუმარცხებლად განვლო მთელი ტურნირი და ერთადერთი ფრე ჯგუფურ ეტაპზე ისლანდიის ნაკრებთან ჰქონდა. ფინალში კი კლოდ ონესტას შეგირდები ტურნირის სენსაციას - ყატარის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ეს უკანასკნელი უკვე ფინალში გასვლით გახდა ახალი ისტორიის ავტორი, რადგან პირველი არაევროპული გუნდი იყო, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ითამაშა.

ლუსაილში გამართულ ფინალში ფრანგებმა შესანიშნავი სტარტი აიღეს და 23-ე წუთისთვის ექვსი ბურთით გაიჭრნენ წინ - 13:7, მაგრამ მასპინძლებმა საბრძოლო ხასიათი გამოავლინეს და თანდათან შეამცირეს სხვაობა, რომელიც 45-ე წუთისთვის ერთ ბურთამდე დავიდა - 20:21. თუმცა ყატარმა ვერაფრით შეძლო ანგარიშის გათანაბრება და დარჩენილ დროში ორ ბურთზე ახლოს ვერ მივიდა მეტოქესთან.

ყველაფერი კი მაშინ გადაწყდა, როცა მატჩის დასრულებამდე 70 წამით ადრე დანიელ ნარცისმა გაიტანა და ამით წერტილი დაუსვა შეხვედრას - 25:22 (14:11).

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების მეკარე ტიერი ომეიერი გახდა. მან და გუნდის კაპიტანმა ჟერომ ფერნანდესმა უნიკალურ შედეგს მიაღწიეს - მათ ოთხ-ოთხი ოქრო აქვთ მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

სიმბოლური ნაკრები
ტიერი ომეიერი (საფრანგეთი); დრაგან გაიჩი (სლოვენია), ჟარკო მარკოვიჩი (ყატარი), ნიკოლა კარაბატიჩი (საფრანგეთი), რაფაელ კაპოტე (ყატარი), ვალერო რივერა (ესპანეთი), ბარტოშ იურეცკი (პოლონეთი).

MVP: ტიერი ომეიერი (საფრანგეთი)
საუკეთესო ბომბარდირი: დრაგან გაიჩი (სლოვენია) - 71 გოლი

საფრანგეთის ნაკრები
ვილიამ აკამბრეი, იგორ ანიჩი, ქსავიე ბარაშე, სირილ დუმოლენი, ჟერომ ფერნანდესი, მატიო გრებილი, მიხაელ გიგუ, სამუელ ჰონრუბია, გიიომ ჟოლი, ლუკა კარაბატიჩი, ნიკოლა კარაბატიჩი, კენტენ მაე, დანიელ ნარცისი, ალიქ ნიოკასი, ტიერი ომეიერი, ვალენტენ პორტი, სედრიკ სორენდო.
მთავარი მწვრთნელი: კლოდ ონესტა

საბოლოო კლასიფიკაცია
1. საფრანგეთი; 2. ყატარი; 3. პოლონეთი; 4. ესპანეთი; 5. დანია; 6. ხორვატია; 7. გერმანია; 8. სლოვენია; 9. მაკედონია; 10. შვედეთი; 11. ისლანდია; 12. არგენტინა; 13. ავსტრია; 14. ეგვიპტე; 15. ტუნისი; 16. ბრაზილია; 17. ჩეხეთი; 18. ბელორუსი; 19. რუსეთი; 20. ბოსნია; 21. ირანი; 22. ს. არაბეთი; 23. ჩილე; 24. ალჟირი.

შენიშვნა: საფრანგეთი ავტომატურად მოხვდა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე. მეორე-მეექვსე ადგილებზე გასულმა გუნდებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული