თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: სად არის თქვენი ხელბურთი?

AutoSharing Option
სათაურში გამოტანილ კითხვას დოჰაში თითქმის ყველა გვისვამს, ვისაც ქართული ხელბურთის ოქროს ხანა ახსოვს და ვერც ვერასდროს დაივიწყებს.

ასეთი წარუშლელი კვალი დატოვა ქართული და არა მხოლოდ ქართული ხელბურთის ბრწყინვალე წარმომადგენლების საშემსრულებლო ოსტატობამ საერთოდ სახელბურთო სამყაროში. ზემოხსენებული შეკითხვით, რაღა გასაკვირია, უპირატესად მოგვმართავენ ყოფილი საბჭოთა და სოცქვეყნების ყველაზე სტაჟიანი სპეციალისტები; სხვებიც, რომლებიც აქ მრავლად არიან აკრედიტებულნი.

აქვე ვიტყვით, რომ სპორტის არც ერთ სახეობაში, მსოფლიოს არც ერთ ჩემპიონატზე თითოეული ქვეყნიდან ჟურნალისტთა ასეთი დიდი რაოდენობა არ მიუწვევიათ ორგანიზატორებს, როგორც ეს ახლა გააკეთა ყატარმა.

ამას მრავლისმნახველი
ვეტერანი სპორტული ჟურნალისტებიც ადასტურებენ და თავიანთ მოსაზრება-ვარაუდებსაც გამოთქვამენ, თუ რატომ. ჩვენც იმას ვფიქრობთ, რომ ყატარს სურს, მსოფლიოს აჩვენოს ყველაზე მაღალი რანგის სპორტული ასპარეზობების ჩატარების ორგანიზაციული შესაძლებლობები, თანაც, განსხვავებულად სრულყოფილი.

მიხვდით, ალბათ, რომ მიზნად დაუსახავთ, მსოფლიოში ერთგვარად გაანელონ მათთვის თავმოყვარეობის შემლახავი ის აჟიოტაჟი, რაც გამოიწვია ყატარის მიერ ფეხბურთში 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებამ. გაუგონარი უშურველობით ამისთვის უფრო მოუყარეს თავი ახლა აქ მსოფლიოს პრესის, ტელევიზიის თუ ინტერნეტქსელების წარმომადგენლებს. ხელბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი კი საბაბი გახდა. მოკლედ, შანსი არ გაუშვეს ხელიდან.

პარალელი განსჯა-დაფიქრებისთვის: უფროსი თაობის კოლეგებიდან ბელორუსელ ცნობილ ვეტერან სპორტულ კომენტატორ ვლადიმირ ნოვიცკისაც შევხვდით დოჰაში. ადრე კოტე მახარაძესთან ერთად უძღვებოდა საფეხბურთო მატჩების რეპორტაჟებს, ახლა დავით ქლიბაძესთან მეგობრობს. და ეს კაცი, რომელსაც არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია ხელბურთთან, როგორც თავად გვითხრა, მისთვის მოულოდნელად მიიწვიეს ყატარში ხელბურთელთა ამ ჩემპიონატზე...

მასპინძლებს უხმაუროდ, მაგრამ ხაზგასმით იმის თქმაც უნდათ - ნახეთ, სპორტის სათამაშო სახეობაში როგორი მასპინძლობის უნარი შეგვწევს და იმასაც გაეცანით, როგორ ვემზადებით 2022 წლისთვისო. და ჩანაფიქრით, ეს ყველაფერი - სურვილი, იმედები თუ რეალური საქმე, ბევრის მხილველ მასმედიის წარმომადგენელთა მეშვეობით უნდა ეუწყოს მსოფლიოს.

ამასთან, ხელბურთელთა ამ ჩემპიონატზე არამონაწილე ქვეყნების სპეციალისტების და ჟურნალისტების გულუხვად მიწვევა, შეიძლება ერთგვარ ქველმოქმედებადაც ჩაითვალოს.

დავუბრუნდეთ მიმდინარე ჩემპიონატს. რაც ზემოთ ითქვა, ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ვქნათ, რომ დღესდღეობით ამბიციები და მისი რეალობაში გადატანის ფონი აშკარად შეუსაბამოა?! სხვაგვარად ვერაფრით გავაქარწყლებთ იმ შთაბეჭდილებას, რაც ხელბურთელთა ამ უდიდესი ასპარეზობის გახსნის შემდეგ ჩემპიონატის სასტარტო მატჩმა დაგვიტოვა, მით უფრო, რომ მასპინძლები თამაშობდნენ.

ტრიბუნები სანახევროდ, თუ უფრო მეტად არა, ცარიელი იყო. სხვა მატჩებზეც კანტიკუნტად დადის ადგილობრივი გულშემატკივარი. ისინი, თუ ყატარის ნაკრები არ თამაშობს, აზიის და არაბეთის სამყაროს გუნდებს ქომაგობენ. არადა, დღეს აზიის ჩემპიონი სწორედ ყატარია. რაც ვნახეთ, ყველაზე მრავალრიცხოვნად პოლონელ და ტუნისელ ქომაგთა ამალა გამოიყურება. ისინი გამოირჩევიან ორგანიზებულობითაც.

სემინარი, რომელიც ჩემპიონატის დღეებში აქ ტარდებოდა და წინა წერილში ვახსენეთ, უკვე დამთავრდა (ინტერვიუს საქართველოდან მონაწილესთან ხვალ შემოგთავაზებთ).

ეს სწავლება ჭაბუკთა ხელბურთის შემდგომ განვითარება-სრულყოფას მიეძღვნა. უდავოდ სასიამოვნოა, რომ ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს პერსპექტიულ ქვეყნებს შორის მოიაზრებს და მხარშიც გვიდგას. ასე რომ, შორს ნამდვილად არ უნდა იყოს ის სანუკვარი დრო, როცა აღარ გაჩნდება კითხვა, თუ სად ვართ ქართველები!

მს. ჩემპიონატი. კაცები
ისლანდია-ალჟირი 32:24
ჩეხეთი-შვედეთი 22:36
ეგვიპტე-საფრანგეთი 24:28
არგენტინა-პოლონეთი 23:24
გერმანია-რუსეთი 27:26
ს. არაბეთი-დანია 18:38

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული