საქართველოში ხელბურთში 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება

AutoSharing Option
27 ოქტომბერს დოჰაში (ყატარი) ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართა, რომელმაც ჩვენთვის საინტერესო საკითხიც განიხილა - თუ სად უნდა გამართულიყო 2017 წლის აგვისტოში 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს პირველობის ფინალური ეტაპი.

მასპინძლობის ორი კანდიდატი იყო - საქართველო და ხორვატია. კონგრესმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება - ეს შეჯიბრება საქართველოში ჩატარდება და ფინალური რაუნდის პაექრობები თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

საქართველოს დელეგაციამ (საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი
ჩავლეიშვილი, იმერეთისა და კახეთის რეგიონული ხელბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები - დავით აბულაძე და გიორგი სვიმონიშვილი) კონგრესს აცნობა, რომ ამ ჩემპიონატისთვის, მთავრობის თანადგომით, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა თელავში (2000 ადგილით), ქუთაისსა (3-4 ათასი) და ბათუმში (5-6 ათასი).

კონგრესის მონაწილეებმა არც ხორვატიას დასწყვიტეს გული - 2017 წელს ამ ქვეყანაში 21-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული