ნორვეგიელები ხელბურთის აღორძინებაში დაგვეხმარებიან

AutoSharing Option
23 იანვარს სპორტკომპლექს "არენაში" 1998-1999 წლებში დაბადებულ ხელბურთელ ვაჟთა საქართველოს პირველობის თბილისის ქვეჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა: "მართვემ" 24:16 სძლია "შევარდენს", ხოლო "მერანმა" "კორიდას" აჯობა - 27:22; კვლავ არ გამოცხადდა შეჯიბრებაზე "აისი", რომელსაც "პეგასთან" ტექნიკური წაგება (0:10) ჩაეთვალა.

შეჯიბრებას ესწრებოდა ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, რომელსაც ინტერვიუ ვთხოვეთ.

- 2015 წელს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს, სწორედ 1998-1999 წლებში დაბადებული ხელბურთელი გოგო-ბიჭები იასპარეზებენ.

წინა წლების ახალგაზრდული შეჯიბრებების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ევროპის ფედერაცია საქართველოს დედაქალაქში ძლიერი სახელბურთო ქვეყნების
წარმომადგენლებს გამოგზავნის. ამიტომ არა მარტო მათ სამასპინძლოდ უნდა ვიყოთ მზად, არამედ კონკურენტუნარიანი გუნდებითაც უნდა დავხვდეთ.

საამისოდ სასელექციო მუშაობა კარგა ხანია, დავიწყეთ. მეოთხე სეზონია, ამ ასაკის მოზარდებისთვის საქართველოს პირველობებს ვატარებთ.

რვა გუნდით დავიწყეთ, წლევანდელ შეჯიბრებაში კი გოგონათა 12 და ბიჭების 18 გუნდი მონაწილეობს. მათ შორის 6-6 თბილისიდან, დანარჩენი პერიფერიებიდანაა. სამომავლოდ სახელბურთო გეოგრაფიის გაზრდას ვვარაუდობთ.

წლევანდელი საქართველოს პირველობის თბილისის ჯგუფის ტურნირი 35 იანვარს დასრულდება, 28-31 იანვარს აღმოსავლეთი ზონის წარმომადგენლები თელავში იასპარეზებენ, დასავლეთი ზონისა კი 2-5 თებერვალს ქუთაისში ითამაშებენ.

ამ პაექრობების შემდეგ თითოეული ჯგუფიდან გამოვლინდება 4-4 საუკეთესო და 12 გუნდი ორ წრედ სამივე სინჯის მედლებს გაითამაშებს. გოგონათა დასკვნით ეტაპზე კი 8 გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

პირველობის დამთავრების შემდეგ ამ ასაკის 2-2 ნაკრებს ჩამოვაყალიბებთ, რომლებიც უფროს ასაკობრივ ჯგუფში მოსინჯავენ ძალებს. მათთვის შეკრებებიც მოეწყობა.

საერთაშორისო საშეჯიბრო გამოცდილების მისაღებად დაგეგმილია უცხოურ ტურნირებში მონაწილეობაც. ჯერ ის არის ცნობილი, რომ ბიჭები მინსკში, გოგონები კი ბაქოში გამოვლენ.

დანარჩენს ფინანსური შესაძლებლობები გვიჩვენებს. ორ საერთაშორისო შეჯიბრებას ჩვენც ვუმასპინძლებთ ამ ასაკში - ქუთაისსა და თბილისში.

საამისოდ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ხელბურთის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციებთან.

მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს ნორვეგიელ კოლეგებთან, რომლებიც არაერთხელ შემშველებიან ფორმებითა და ბურთებით.

ახლა მემორანდუმს ვამზადებთ, რომლის თანახმადაც, სკანდინავიელები ხელბურთის აღორძინებაში დაგვეხმარებიან, იქნება ეს მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება თუ ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების მოწყობა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ თემაზე უფრო დაწვრილებით შეგვეძლება საუბარი.

- ეროვნულ ჩემპიონატზე რას იტყვით?
- მედლებისთვის 6 გუნდი იბრძვის: ოთხი თბილისისა და თითო ბათუმიდან და ქუთაისიდან. ცხადია, ეს ცოტაა.

ამას წინათ საკლუბო ხელბურთის განვითარების პროგრამა წარვადგინეთ სამინისტროში.

ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერა გვექნება, რაც ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს უფრო საინტერესოს გახდის. მით უმეტეს, რომ ნელ-ნელა ახალგაზრდული გუნდებიდანაც მივიღებთ შევსებას.

- დიდი ხანია, ჩვენს ხელბურთელებს მსოფლიოს, ევროპისა და საკლუბო ჩემპიონატებში არ უასპარეზიათ.
- გეთანხმებით, რასაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ამგვარი ჩავარდნის მიუხედავად, შარშან მაინც გაგვახარეს ქართველმა ხელბურთელებმა - ესპანეთში ევროპის პირველ საუნივერსიტეტო თამაშებში, სადაც საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი, ჩვენმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიპოვა.

ბათუმში ახალგაზრდებს შორის პლაჟის ხელბურთში ფინალურ ეტაპს სანაქებოდ ვუმასპინძლეთ. ეს მხოლოდ ლოკალური წარმატებებია, რაც ხელბურთის განვითარებას დიდად არ წაადგება.

აუცილებელია, ეროვნულმა ნაკრებმა მნიშვნელოვან ტურნირებში იასპარეზოს. გადავწყვიტეთ, ორწლიანი "შესვენების" შემდეგ მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩავებათ წლეულს, შემოდგომაზე.

ცხადია, ამ ეტაპზე ეროვნული გუნდის ძირითად ბირთვს ლეგიონერები წარმოადგენენ. ისინი კი არც ისე ცოტანი არიან: შოთა თევზაძე, ვლადიმერ რუსია და ირაკლი ჩიქოვანი რუმინეთში თამაშობენ, რევაზ ჭანტურია მაკედონიაშია, რატი მსხვილიძე და აკაკი ტალახაძე - ირანში, ილია ბოგალაძე - თურქეთში, ნაკრების ლიდერი სერგო დათუკაშვილი - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

ამ ბიჭებს მაისის ბოლოს შევკრებთ, რომელიმე საერთაშორისო ტურნირში სათამაშოდაც გავგზავნით. ნოემბერში კი შესარჩევი შეჯიბრება დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული