ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში. შესარჩევი: უფროსებს ვერ გაუმკლავდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები 23-წლიანი შესვენების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაება. შეჯიბრებას კოსოვომ უმასპინძლა. ხელბურთის ფედერაცია ახალგაზრდული გუნდის უფროსებში ასპარეზობას ნაადრევად მიიჩნევდა, მაგრამ გოგონებმა გამოცდილების შეძენის მიზნით საკვალიფიკაციო ეტაპში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტეს.

ჩვენები კოსოვოში სულ 11 ხელბურთელით (მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა) გაემგზავრნენ. გუნდს ვერ დაეხმარნენ დაშავებული ჩოგოვაძე, გადელია და ჯავახიშვილი.

ისრაელი, რა თქმა უნდა, ხელბურთის გრანდებს არ განეკუთვნება. ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებს ჩვენებმა შარშან ორი თამაში მოუგეს, მაგრამ გამოცდილ ქალთა გუნდთან ვერაფერს გახდნენ.

საქართველო - ისრაელი 27:31
საქართველო: ქრისტინე
ჯავახია, ანა ვარდიშვილი, ქეთი კუნელაშვილი - 7, ანა ყველაშვილი - 5, ქეთევან ვენეცკი - 5, მედეა ჩოხელი - 5, თინა ქიტესაშვილი - 4, ინა ჭკუასელი - 1, მარიამ გვათუა, ჯულია ჩირგაძე, ანა ქებაძე.
ისრაელი: გერშონი, ბენ ზიქრი, ბენ იცჰაკი - 9, ამინოვი - 6, ეპელბოიმი - 5, შაული - 3, იზაკი - 3, ოშრი კოენი - 2, ოშერ კოენი - 1, ლევი - 1, ბაჩში - 1, ბენ შოშანი, ვაგენფელდი, ბარელი, აუიზერატი, ვაკრატი.

მე-13 წუთისთვის საქართველოს ნაკრები წინ იყო - 6:5, მაგრამ ტაიმი 4 ბურთით წააგეს - 10:14. მეორე ტაიმში ჩვენი გოგონები ტოლ-სწორად ეთამაშნენ მეტოქეს, იმის მიუხედავად, რომ მატჩის მთელმა სიმძიმემ შვიდ ხელბურთელზე გადაიარა. სამწუხაროდ, პირველი ნახევრის ოთხბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ვერ შეძლეს და 27:31 დამარცხდნენ.

კოსოვო - საქართველო 30:19
კოსოვო: როგოვა, რუდაკუ, დემაი - 11, რამა - 5, ჯიკოკაი - 3, კამერი - 2, ალიუ - 2, კრასნიჩი - 2, სტაგოვა - 2, ჰაჯა - 1, ფაზლია - 1, რუგოვა - 1, გაში, ფერატაი.
საქართველო: ვარდიშვილი, ჯავახია, ვენეცკი - 4, ჩოხელი - 4, კუნელაშვილი - 4, ქიტესაშვილი - 3, ყველაშვილი - 3, ჭკუასელი - 1, გვათუა, ჩირგაძე, ქებაძე.

ისრაელთან შედარებით, კოსოვოს ნაკრები ბევრად ძლიერი გუნდი აღმოჩნდა. მასპინძლები თავიდანვე დაწინაურდნენ, ტაიმი კი 9 ბურთის უპირატესობით (16:7) მოიგეს. საბოლოოდ კი კოსოვომ 30:19 გაიმარჯვა.

ორი მარცხის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა ევროპისა და კოსოვოს ფედერაციების ვებგვერდებზე საქებარი სიტყვა დაიმსახურა - თინეიჯერების გუნდი ასაკით უფროს მეტოქეებს ბოლო ბურთამდე ებრძოლაო.

წლეულს, აგვისტოში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ლიტვა უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული