თეიმურაზ ორჯონიკიძე: ევროპაში ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება

AutoSharing Option
ამას წინათ ხელბურთელ ვაჟთა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ლუქსემბურგის ნაკრებთან ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო 20 წლის თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელიც მაკედონიის "პრილეპში" თამაშობს და იქაური ჩემპიონატის ბომბარდირთა შორისაა.

ხელბურთის თამაში 11 წლისამ დაიწყო, თუმცა ბავშვობისას სპორტულ კარიერაზე თავად არც უფიქრია - მისი მომავალი ოჯახურ წრეში გადაწყდა: დედა, ირმა შაინიძე კალათბურთელი იყო, მამა ბექა ორჯონიკიძე - ხელბურთელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საკავშირო ახალგაზრდული ნაკრების წევრი. საბჭოეთის დაშლის შემდეგ ორი წელიწადი სერბეთში ითამაშა, მერე - გერმანიის ბუნდესლიგაში, 2002 წელს კი
მწვრთნელობას მიჰყო ხელი.

- ჩემთვის სპორტული გზის არჩევისას მამის ტიტულებს გადაუწონია - გადაუწყვეტიათ, კვიციც გვარზე წასულიყო, - მითხრა თეიმურაზმა, რომელსაც თბილისში ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ შევხვდი. - "ქარიშხალაში" დავიწყე ვარჯიში, რომელსაც გიორგი ქობელაშვილი და მამაჩემი - ბექა ორჯონიკიძე წვრთნიდნენ. 15 წლის ვიყავი, ჩვენმა გუნდმა თანატოლებში საქართველოს პირველობა რომ მოიგო. მერე კიდევ ორჯერ მოვიპოვეთ ოქროს მედლები. ოთხი წლის წინათ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ სტუ-ს გუნდში მიმიწვიეს. იმავე წელიწადს მის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გავხდი, თან საუკეთესო შუამარბისა და ბომბარდირის პრიზები დავიმსახურე. უცხოეთში გამგზავრებამდე კიდევ ორჯერ მოვასწარი ტიტულის მოპოვება, ერთხელ კი ბრინჯაოს დავჯერდი.

- წლების განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყავით. ყველაზე მეტად რომელი საერთაშორისო ტურნირი დაგამახსოვრდათ?
- 2014 წელს ერევანში სომხეთის, უკრაინისა და რუსეთის გუნდები დავამარცხეთ და პირველი ადგილი დავიკავეთ. მაშინ ბომბარდირისა და საუკეთესო მოთამაშის პრიზებით დამაჯილდოვეს.

- მსგავსი პრიზები თქვენ მომდევნო წელს ანდორაშიც დაიმსახურეთ...
- 2016 წელს ანდორამაც ახალგაზრდულ ტურნირს უმასპინძლა. ქვეჯგუფში ინგლისს, მოლდოვასა და ალბანეთს ვძლიეთ, ნახევარფინალში ანდორას მოვუგეთ, ფინალი კი ფარერის კუნძულების ნაკრებთან დავთმეთ, საუკეთესო მოთამაშის პრიზი მე მხვდა.

შარშან გაზაფხულზე ქუთაისში 20-წლამდელთა ჩელენჯტროფიზე, სადაც მესამე ადგილი დავიკავეთ, საუკეთესო შუამარბად დამასახელეს. ამ ტურნირზე ალბანეთთან, სომხეთსა და ინგლისთან გავიმარჯვეთ, ნახევარფინალში მოლდოვამ გვაჯობა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ისევ ბრიტანელები დავჯაბნეთ.

- თემურ, დღეს თქვენ მაკედონიის "პრილეპის" მოთამაშე ხართ. ამ გუნდში როგორ აღმოჩნდით?
- ორი წლის წინათ რუმინეთის "ოდორჰეიში" მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრ ვლადიმერ რუსიას მაკედონიელი თანაგუნდელ გორან კუზმანოსკისთვის უამბია ჩემზე. მისგან კი "პრილეპის" პრეზიდენტმა ალექსანდრ მარინოვსკიმ შეიტყო თურმე. 2015 წელს მაკედონიის ახალგაზრდულ ნაკრებს ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში შევხვდით. სამი ბურთით დავმარცხდით, მაგრამ იმ მატჩში 12 გოლი გავიტანე. "პრილეპის" პრეზიდენტსა და მწვრთნელ ტომე პეტროვსკის იმ პაექრობის ვიდეოფირი უნახავთ და 2016 წლის აგვისტოში სინჯებზე მიმიწვიეს. გუნდთან ერთად ერთი კვირა ვივარჯიშე, შემდეგ კი კოსოვოს ჩემპიონთან ამხანაგური მატჩი გავმართეთ. შეხვედრაში, რომელიც ფრედ დამთავრდა, რვა გოლი გავიტანე. მწვრთნელმა შემაქო და გუნდშიც დამტოვეს, ნორმალური პირობები შემომთავაზეს.

შარშან "პრილეპმა" ეროვნულ ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა. ამჯერად რეგულარული გათამაშების დამთავრებამდე ორი ტურით ადრე მეხუთე ადგილზე ვართ, თუმცა საპლეიოფო ოთხეულში მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ძლიერ გუნდებს ვხვდებით. მეორე წრის დასაწყისში გუნდში რეორგანიზაცია მოხდა, ვეტერანები გაუშვეს, ახალგაზრდებს კი გამოცდილება აკლიათ.

- ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი ხართ. ყველაზე მეტად რომელი გუნდი დაამწუხრეთ?
- რევაზ ჭანტურიას "პელისტერი", რომელიც ახლა რეგულარული ჩემპიონატის სათავეშია. ეს სენსაცია იყო - ლიდერს სტუმრად ორი ბურთით ვაჯობეთ, მე კი 11 გოლი გავიტანე.

- საქართველოს ეროვნულ გუნდში 2014 წლიდან თამაშობთ. დღევანდელ ნაკრებზე რას იტყვით?
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იტალიასა და ლუქსემბურგთან მარცხი მოულოდნელი არ ყოფილა. საქმე ის არის, რომ ნაკრების ძირითადი შემადგენლობის უმეტესობა ასაკისა და თუ ტრავმის გამო გუნდიდან წავიდა. ახალგაზრდებს კი ასეთ ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება ნაკლებად გვაქვს. დღეს რომ 2014 წლის ნაკრები გვყოლოდა, ორივე გუნდს მოვუგებდით.

წლეულს ივნისში ჩელენჯტროფიდან შევეცდებით მეორე შესარჩევ ეტაპზე მოხვედრას, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ჩვენი გუნდი 18-23 წლის ბიჭებითაა დაკომპლექტებული, ივნისის ტურნირზე კი 2-3 წლით უფროსებთან მოგვიწევს პაექრობა. სამაგიეროდ, სწორედ 2-3 წლის შემდეგ ევროპაში ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ბოლო წლებში ყველაფერს აკეთებს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის. შედეგიც ნათლად ჩანს - სხვადასხვა ასაკში უკვე ათობით გუნდი თამაშობს საქართველოს პირველობებში გოგონათა და ვაჟთა შორის. კარგი თაობა მოდის და, მჯერა, რომ ქართული ხელბურთი უწინდელ ტრადიციებს დაიბრუნებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული