ავტომარათონ "დაკარის" პირველი მსხვერპლი

AutoSharing Option
ლეგენდარულ ავტომარათონ "დაკარს" პირველი მსხვერპლი ჰყავს. მესამე ეტაპის მსვლელობისას დაიღუპა პოლონელი მოტომრბოლელი მიხალ ჰერნიკი. "დაკარის" 39 წლის დებიუტანტის გვამი ეტაპის 206-ე კილომეტრზე, ტრასიდან სამ მეტრში აღმოაჩინეს. მრბოლელის დაღუპვის მიზეზის შესახებ არაფერს იტყობინებიან.

ჰერნიკი "დაკარის" მეხუთე მსხვერპლია მას შემდეგ, რაც ეს რალი-რეიდი აფრიკიდან სამხრეთ ამერიკაში გადავიდა. 2009 წელს აქ დაიღუპა ფრანგი ტიერი პასკალი, 2012 წელს - არგენტინელი ხორხე მარტინეს ბოერო, 2013 წელს - ფრანგი ტომა ბურჟენი და შარშან - ბელგიელი ერიკ პალანტე.

* * *
მესამე ეტაპი მოტორბოლების კლასში "დაკარის" კიდევ
ერთმა დებიუტანტმა, მოტოკროსში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ავსტრიელმა მატიას უოლკნერმა მოიგო. KTM-ის პილოტმა 40 წამით აჯობა მოქმედ ჩემპიონს, ესპანელ მარკ კომას და წუთითა და 53 წამით ჩამოიტოვა უკან გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი, ასევე ესპანელი ხოან ბარედო. საერთო ჩათვლაში პირველ-მეორე ადგილებზე ბარედო და პორტუგალიელი გონკალვეში არიან. უოლკნერი მესამე პოზიციაზე გადავიდა, კომა - მეოთხეზე.

ავტომობილების კლასში გამარჯვება მოიპოვა არგენტინელმა ორლანდო ტერანოვამ, რომელიც "მინის" მანქანით გამოდის. მან თითქმის ორი წუთი მოუგო მეორე ადგილზე გასულ "ტოიოტას" წარმომადგენელს, სამხრეთაფრიკელ ჟინიელ დე ვილიერსს. გენერალურ კლასიფიკაციაში პირველ ადგილს ინარჩუნებს ყატარელი ნასერ ალ-ატიია, რომელიც ეტაპზე მეხუთე იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული