ფორმულა 1: ჩვეული დუბლი და გინება მეხიკოში

AutoSharing Option
მექსიკის სკანდალურმა გრანპრიმ "მერსედესს" მორიგი დუბლი მოუტანა, თუმცა, უფრო საინტერესო იყო სებასტიან ფეტელისა და "რედ ბულის" პილოტების ბრძოლა და მათთვის გამოტანილი ჯარიმები...

ნიკო როსბერგს შესანიშნავი რეაქცია ჰქონდა სასტარტო ნიშანზე და რაღაც მომენტში გაუთანაბრდა კიდეც პოულის მფლობელ ლუის ჰემილტონს. ბრიტანელის ბედად, "მერსედესების" უკან მაქს ფერსტაპენი აქტიურობდა და როსბერგს ჰოლანდიელისგან თავის დაცვა დასჭირდა. ლუისმა თითქოს მოიგერია ნიკოს შეტევა, მაგრამ პირველ მოსახვევში დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ტრასის მოჭრა მოუწია, თუმცა ჯარიმას გადაურჩა. ამასობაში, როსბერგი მაქსის შეტევებს იგერიებდა და ჰოლანდიელთან კონტაქტის გამო, მასაც მოუწია
ტრასიდან გადასვლა. საბოლოოდ, ნიკომ შეინარჩუნა მეორე ადგილი.

პირველ მეტრებზე ავარია მოხდა მარკუს ერიქსონსა და პასკალ ვერლაინს შორის. ვერლაინის "მანორი" დაიმტვრა და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა გახდა საჭირო.

რესტარტი მეოთხე წრეზე მისცეს. და, ამჯერად, ჰემილტონი სწორად შევიდა პირველ მოსახვევში. როსბერგი რვა მეათედით ჩამორჩა თანაგუნდელს, მის უკან კი მჭიდრო ჯგუფი ჩამოაყალიბეს ფერსტაპენმა, ჰიულკენბერგმა, რაიკონენმა, მასამ და ფეტელმა.

* * *
ამასობაში, პიტსტოპების პირველი სერიის დროც დადგა. ჰემილტონი ბოქსებში მე-18 წრეზე შევიდა და 31-ე წრემდე რბოლას სებასტიან ფეტელი ლიდერობდა. გერმანელის პიტსტოპის შემდეგ, პირველ ადგილზე ჰემილტონი დაბრუნდა. იმ მომენტისთვის, ბრიტანელის უპირატესობა როსბერგზე უკვე ხუთ წამს შეადგენდა. გერმანელს კი ორი წამით ჩამორჩებოდნენ ფერსტაპენი და რიკარდო.

* * *
ფინიშამდე 25 წრით ადრე, სიტუაცია ტრასაზე დაიძაბა. ფერსტაპენმა შეძლო როსბერგის დაწევა, რადგან ამ უკანასკნელმა ძვირფასი წამები დაკარგა წრეზე ჩამორჩენილების გასწრებისას. როგორც კი ჰოლანდიელი ნიკოს გაუსწორდა, მაშინვე შეტევაზე გადავიდა და წინ გასვლაც შეძლო, მაგრამ მომდევნო წამს, "რედ ბული" ტრასიდან გადავიდა და როსბერგმა მეორე ადგილი შეინარჩუნა.

* * *
ფერსტაპენმა მეორე ადგილი ვერ მოიპოვა და მოგვიანებით, მესამე ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ხანი ებრძოდა ფეტელს. რაღაც მომენტში, მან წააგო გერმანელთან ლოკალური ორთაბრძოლა, მაგრამ მეორე მოსახვევის მოჭრის შემდეგ, დაიბრუნა მესამე ადგილი. მაქსმა ყურად არ იღო გუნდის ბრძანება და არ გაატარა სებასტიანი. მან იმდენად შეაყოვნა ფეტელი, რომ ამ უკანასკნელს დანიელ რიკარდო წამოეწია. ახლა უკვე ავსტრალიელსა და გერმანელს შორის გაიმართა დიდი ბრძოლა და რიკარდომ კინაღამ გადააგდო ტრასიდან ფეტელი.

მოსახვევის მოჭრისთვის, მსაჯებმა ოპერატიულად დაუმატეს ფერსტაპენის საბოლოო შედეგს ხუთი წამი და ჰოლანდიელი მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. მეოთხე პოზიცია რიკარდოს გადაეცა, პოდიუმის მესამე საფეხური კი ფეტელს ერგო.

სებასტიანმა თავისი წილი შამპანური მიირთვა პოდიუმზე, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის დამნაშავედ აღიარეს რიკარდოსთან ინციდენტში და 10-წამიანი ჯარიმა გამოუწერეს. ასე რომ, საბოლოო ოქმში მესამე ადგილი რიკარდოს გადაეცა, მეოთხეზე გავიდა ფერსტაპენი და მხოლოდ მეხუთეზე - ფეტელი.

* * *
"მერსედესში" გადაწყვიტეს, ფინიშამდე აღარ შეეცვალათ საბურავები - რბოლაში არსებული სიტუაცია საბურავის დაზოგვის საშუალებას იძლეოდა. ჰემილტონმა დამაჯერებლად მოიპოვა კარიერაში 51-ე გამარჯვება და გაუთანაბრდა ალენ პროსტს. უფრო მეტი მოგება (91) ფორმულა 1-ის ისტორიაში მხოლოდ მიხაელ შუმახერს აქვს. მეორეზე როსბერგი მივიდა, მესამეზე კი ფერსტაპენი.

მექსიკაში გამარჯვების შემდეგ, ჰემილტონმა კიდევ შვიდი ქულა ჩამოაკლო როსბერგთან ჩამორჩენას, თუმცა, ნიკოს უპირატესობა 19 ქულას შეადგენს, ჩემპიონატის დამთავრებამდე კი ორი ეტაპია დარჩენილი.

შემდეგი რბოლა ორი კვირის შემდეგ, სან პაულუში გაიმართება.

ფეტელმა ყველას აგინა. დირექტორსაც კი...
ცალკე სალაპარაკო თემაა სებასტიან ფეტელი, რომელმაც ბევრი უწმაწური სიტყვა იხმარა არა მხოლოდ მაქს ფერსტაპენის, არამედ, სამეფო რბოლების დირექტორის ჩარლი უაიტინგის მისამართით. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის ამგვარმა საქციელმა ბევრი ექსპერტისა და ხელმძღვანელის აღშფოთება გამოიწვია.

გთავაზობთ ფეტელისა და მისი ინჟინრის რადიომოლაპარაკების სრულ ტრანსკრიპციას ფერსტაპენთან ინციდენტის შემდეგ:

ფეტელი: "მან უნდა გამატაროს. იმოძრავე! გაიწიე, შენი***! ის ნამდვილი ***, აი, ვინ არის. მარტო მე დავინახე ეს, თქვენ ვერ ხედავთ? პირდაპირ რიკარდოზე მიმაგდო, ***"

ადამი (ინჟინერი): "ჩარლიმ თქვა, რომ..."

ფეტელი: "დიახ! იცით რა, აი, ჩემი გზავნილი ჩარლის მისამართით: "წავიდეს ***. მართლა, წადი შენი ***"

ფეტელი: "მან უნდა დამიბრუნოს ჩემი პოზიცია. და წერტილი".

არივაბენე: "სებასტიან, სებასტიან დამშვიდდი. მშვიდად. ეპიზოდს ახლა არჩევენ. ვიცი, რომ მართალი ხარ, მაგრამ უნდა დამშვიდდე. შენს საქმეს მიხედე, მოგვიანებით, ყველაფერს ერთად განვიხილავთ".

ფეტელი: "ო-ქეი, მაურიციო, გავიგე".

საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 349 (9)
2. ლუის ჰემილტონი 330 (8)
3. დანიელ რიკარდო 242 (1)
4. სებასტიან ფეტელი 187
5. კიმი რაიკონენი 178
6. მაქს ფერსტაპენი 177 (1)
7. სერხიო პერესი 85
8 ვალტერი ბოტასი 85
9. ნიკო ჰიულკენბერგი 60
10. ფერნანდო ალონსო 52

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული