ფორმულა 1 - 2017 წელი: კონტრაქტები და ჭორები

AutoSharing Option
ამ დღეებში, "ფორს ინდიამ" დაადასტურა მექსიკელ სერხიო პერესთან კონტრაქტის გაგრძელება, რითაც კიდევ ერთმა საჯინიბომ დააკომპლექტა შემადგენლობა მომავალი სეზონისთვის. გავიხსენოთ, რა მდგომარეობაა ამ მომენტისთვის ფორმულა 1-ის გუნდებში...

მერსედესი
ლუის ჰემილტონი, ნიკო როსბერგი - კონტრაქტები დადასტურებულია
გასულ წელს, საჩემპიონო გუნდმა 2018 წლის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტი ლუის ჰემილტონთან, 22 ივლისს კი გამოაცხადა იგივე ვადით ნიკო როსბერგთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

ფერარი
სებასტიან ფეტელი, კიმი რაიკონენი - კონტრაქტები დადასტურებულია
ოთხგზის ჩემპიონის სებასტიან ფეტელის კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდეა ძალაში. 8 ივლისს დადასტურდა კიმი რაიკონენის კონტრაქტიც. იტალიელებმა
შეინარჩუნეს დღევანდელი შემადგენლობა.

რედ ბული
დანიელ რიკარდო, მაქს ფერსტაპენი - კონტრაქტები დადასტრებულია
"რედ ბულში" დაადასტურეს, რომ 2018 წლის ბოლომდე შემადგენლობა არ შეიცვლება - თუ დანიელ რიკარდო არ იპოვნის სხვა ვარიანტს, როგორც თავის დროზე ეს ფეტელმა გააკეთა.

უილიამსი
ვალტერი ბოტასი, ლენს სტროლი, ფელიპე ნასრი
გუნდს აქვს ოპცია ვალტერი ბოტასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, ფელიპე მასამ კი დაადასტურა ამ სეზონის შემდეგ ფორმულა 1-დან წასვლა. ბრაზილიელის ადგილზე მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა ლენს სტროლი. ახალგაზრდა კანადელმა უკვე იმუშავა ტესტებზე "უილიამსის" 2014 წლის მანქანით.

ფორს ინდია
ნიკო ჰიულკენბერგი, სერხიო პერესი - კონტრაქტები დადასტურებულია
ორივე პილოტს გააჩნია კონტრაქტი, "ფორს ინდიას" მფლობელმა ვიჯეი მალიამ განაცხადა, რომ 2017 წელს, შემადგენლობა არ შეიცვლება. სერხიო პერესი ეძებდა უფრო ძლიერ გუნდში გადასვლის ვარიანტებს, მაგრამ მალაიზიის სარბოლო უქმეებისას მისი კონტრაქტი ოფიციალურად დაადასტურეს.

ტორო როსო
კარლოს საინსი, დანიილ კვიატი, პიერ გასლი
"ტორო როსოს" ხელმძღვანელი ფრანც ტოსტი ამბობს, რომ სურს 2017 წელს თანამშრომლობა გააგრძელოს კარლოს საინსთან და დანიილ კვიატთან, მაგრამ შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჰელმუტ მარკო იღებს. ივნისის ბოლოს, "ტორო როსში" გამოიყენეს საინსთან კონტრაქტის გაგრძელების ოპცია, კვიატის მომავალი კი გაურკვეველია.

თუ რუსს წასვლა მოუწია, მის შემცველად მთავარი კანდიდატია "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის მონაწილე - პიერ გასლი.

მაკლარენი
ფერნანდო ალონსო, სტოფელ ვანდორნი - კონტრაქტები დადასტურებულია
ფერნანდო ალონსოს კონტრაქტი ბრიტანულ გუნდთან 2017 წლის ბოლომდე მოქმედებს, ხოლო ვანდორნის ხელშეკრულება 2017 წლისთვის იტალიის გრანპრის დროს დაადასტურეს. ჯენსონ ბატონი "სათადარიგო" იქნება, გააგრძელებს თანამშრომლობას გუნდთან სხვა სტატუსით. გარდა ამისა, მას ოპცია აქვს 2018 წლისთვის - თუ გუნდში ისე ვერ წავა საქმე, როგორც საჭიროა.

ჰაასი
რომენ გროსჟანი - კონტრაქტი დადასტურებულია; ესტებან გუტიერესი
შარშან, "ლოტუსიდან" "ჰაასში" გადასვლისას, გროსჟანმა 2018 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, თუმცა არსებობს მისი გაწყვეტის შესაძლებლობა. კერძოდ, თუ ფრანგის გადაბირებას "ფერარი" მოისურვებს, "ჰაასი" ამას ვერ შეეწინააღმდეგება. ესტებან გუტიერესის კარიერის გაგრძელება დამოკიდებულია მის სპონსორებზე.

რენო
კევინ მაგნუსენი, ჯოლიონ პალმერი, ვალტერი ბოტასი, კარლოს საინსი, ესტებან ოკონი, სერგეი სიროტკინი
ერთის მხრივ, "რენოში" აქცენტს მომავალზე აკეთებენ, მეორეს მხრივ, გუნდის პროგრესისთვის საჭიროა გამოცდილი პილოტი. კევინ მაგნუსენი, შესაძლოა, დარჩეს, ჯოლიონ პალმერის პერსპექტივები კი ბუნდოვანია. ბევრი მის შეცვლას ვარაუდობს.

ზაუბერი
მარკუს ერიქსონი, ფელიპე ნასრი
ფელიპე ნასრის კონტრაქტი 2016 წელს სრულდება. ბრაზილიელს თავის სპონსორებთან ერთად "უილიამსში" გადასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ გამოიყურება დამაჯერებლად მარკუს ერიქსონთან ბრძოლაში, "უილიამსს" კი კონკურენტუნარიანი პილოტი სჭირდება.

ჭორების მიხედვით, "ზაუბერის" ახალმა მფლობელებმა ერიქსონს მომავალი სეზონისთვის გუნდში ადგილის გარანტია მისცეს.

მანორი
პასკალ ვერლიაინი, ესტებან ოკონი
"მანორის" შემთხვევა "ზაუბერისას" ჰგავს - ფინანსურად უზრუნველყოფილი პილოტი შეიძენს ადგილს გუნდში. გამორიცხული არ არის, რომ "მანორში" კარიერას გააგრძელებს პასკალ ვერლიაინი - თუ "მერსედესი" ვერ იპოვნის მისთვის უფრო ძლიერ გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული