ფორმულა 1: დიდი არეულობა ბელგიაში

AutoSharing Option
ბელგიაში კვალიფიკაციას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სპაზე გასწრება იოლია, ვიდრე ჩემპიონატის სხვა ტრასებზე.

ამიტომაც, "მერსედესში" გადაწყვიტეს რამდენჯერმე შეეცვალათ ლუის ჰემილტონის მანქანაზე ძალისმიერი აგრეგატი. საბოლოოდ, გერმანელებმა ეს სამჯერ გააკეთეს და ბრიტანელმა პილოტმა მიიღო ჯარიმა - სტარტზე 55 პოზიციის დაკარგვა. ამიტომაც, კვალიფიკაციაზე ჰემილტონმა მხოლოდ ერთი წრე გაიარა, რადგან ჯარიმის გამო მის შედეგებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

კვალიფიკაცია ნიკო როსბერგმა მოიგო - მან სეზონში მეექვსე და კარიერაში 28-ე პოული მოიპოვა. მის გვერდით მაქს ფერსტაპენი იდგა - ყველაზე ახალგაზრდა პილოტი ისტორიაში, ვინც პირველი რიგიდან
იღებდა სტარტს. წინა რეკორდმა, რომელიც 1961 წელს, იტალიის გრანპრიზე რიკარდო როდრიგესმა დაამყარა, 55 წელი გაძლო. მეორე რიგში იდგნენ კიმი რაიკონენი და სებასტიან ფეტელი, მესამეში - დანიელ რიკარდო და სერხიო პერესი...

* * *
პირველად ბოლო სამ რბოლაში, როსბერგმა შეძლო პოულიდან პირველი პოზიციის შენარჩუნება, მისი კონკურენტები კი სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ. ფერსტაპენს სტარტზე "ჩაეძინა", ორ "ფერარის" შორის კი კონტაქტს ჰქონდა ადგილი: ფეტელი მოსრიალდა, რაიკონენმა კი მანქანა დააზიანა. პირველი წრის ბოლოს, ფერსტაპენის "რედ ბულმა" და ორივე "ფერარიმ" ბოქსებში შეუხვიეს, მეორე ადგილზე კი ნიკო ჰიულკენბერგი გადავიდა, მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა რიკარდომ.

ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰემილტონი 21-ე პოზიციიდან სტარტის შემდეგ, მე-11ადგილზე აღმოჩნდა, მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავი გარღვევა ჰქონდა ფერნანდო ალონსოს - ის სტარტზე ბოლო ადგილზე იდგა, სამი წრის შემდეგ კი მეათე იყო.

* * *
თითქოს, მესამე წრისთვის ტრასაზე სიტუაცია ასე თუ ისე სტაბილური გახდა, მაგრამ მეექვსე წრეზე უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა. ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოსვლისას, კევინ მაგნუსენმა ბოლიდი ვერ დაიმორჩილა და ტრასიდან გადავარდა. საბურავების ბარიერზე დარტყმა ძალიან ძლიერი გამოვიდა. დანიელმა დამოუკიდებლად დატოვა ბოლიდი, მაგრამ მაინც გაემართა სამედიცინო ცენტრისკენ.

პილოტებმა მომენტით ისარგებლეს და პირველ პიტსტოპზე წავიდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, იჩქარეს, რადგან მალე ამისთვის უკეთესი შესაძლებლობა გაჩნდა - წითელი დროშები. მაგნუსენის ავარიის ადგილზე ბარიერი ძალიან დაზიანდა, ამიტომაც პილოტებს ბოქსებისკენ მიუთითეს და რბოლა დაახლოებით 20 წუთით შეწყდა. ამ მომენტისთვის, რიკარდო მეორე ადგილზე იყო გადასული, ალონსო და ჰემილტონი კი, შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე იმყოფებოდნენ.

რესტარტის შემდეგ, როსბერგი დიდი სისწრაფით გაიჭრა წინ და რიკარდოს შეტევის მინიმალური შანსიც არ დაუტოვა, ჰიულკენბერგი კი ალონსოს წნეხის ქვეშ მოხვდა, მაგრამ მაინც არ გაატარა ესპანელი. ეს უკანასკნელი კი ჰემილტონის მსხვერპლი და მეოთხე ადგილი დაკარგა.

მე-18 წრისთვის ჰემილტონი კიდევ უფრო გააქტიურდა. მან გარკვეული ხანი ჰიულკენბერგს უკან მისდია და რაღაც მომენტში მკვეთრად მოუმატა ტემპს, რითაც გერმანელს მესამე ადგილი წაართვა. რბოლის წინ, ლუისს ეჭვი ეპარებოდა, რომ საერთოდ მოხვდებოდა ქულათა ზონაში, მაგრამ რბოლის შუაში პირველ სამეულში შევიდა და მის წინ მხოლოდ როსბერგი და რიკარდო იყვნენ. ავსტრალიელთან ბრიტანელი შვიდ წამს აგებდა, თანაგუნდელთან - 11 წამს.

* * *
ჰემილტონმა რიკარდოს გასწრების შანსი პიტსტოპების მეორე სერიისას მიიღო. ის "რედ ბულის" პილოტზე ადრე შევიდა ბოქსებში, ავსტრალიელი კი გაცვეთილი საბურავების გამო დიდ დროს კარგავდა და პიტსტოპის შემდეგ, მისი უპირატესობა ჰემილტონთან ორ წამამდე შემცირდა.

ლუისმა შანსის გამოყენება სცადა, ტემპი გაზარდა და 30-ე წრისთვის წამზე ნაკლები მანძილით მიუახლოვდა დანიელს. თუმცა შესატევ დისტანციაზე გასვლა ბრიტანელმა ვერ შეძლო და ფინიშამდე 12 წრით ადრე, მესამე პიტსტოპზე შევიდა. ჩემპიონატის ლიდერი მეოთხე დაბრუნდა ტრასაზე, მალე გაასწრო ჰიულკენბერგს და დაიბრუნა მესამე ადგილი, მაგრამ უკვე ნახევარ წუთს აგებდა რიკარდოსთან.

* * *
როსბერგმა უპრობლემოდ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. გერმანელმა ბელგიაში პირველად გაიმარჯვა, კარიერაში კი ეს მისი მე-20 ტრიუმფია. რიკარდოსთვის მეორე ადგილი - ზედიზედ მესამე პოდიუმს ნიშნავს, ხოლო ჰემილტონმა უნდა იამაყოს მესამე პოზიციით, რადგან სტარტზე 21-ე ადგილზე იდგა. გაიბრწყინა "ფორს ინდიამ" - პირველ ხუთეულში ამ გუნდის ორი პილოტი შევიდა. ბოლო წრეებზე ალონსოსა და მასას გაუსწრო ფეტელმა და მეექვსე ადგილი მოიპოვა.

13 ეტაპის შემდეგ, სხვაობა ჰემილტონსა და როსბერგს შორის ცხრა ქულამდე შემცირდა. მესამეზე კვლავ რიკარდოა, ხოლო მეოთხეზე გადავიდა ფეტელი, რომელმაც თანაგუნდელი რაიკონენი დააქვეითა ერთი პოზიციით.

კონსტრუქტორთა თასზე "მერსედესი" უკვე 181 ქულით უსწრებს "რედ ბულს", ხოლო "ფერარის" ჩამორჩენა 203 ქულამდე გაიზარდა. სამაგიეროდ, "ფორს ინდიამ" გაუსწრო "უილიამსს" და ნანატრ მეოთხე ადგილზე გადავიდა.

ჩემპიონატში მოკლე შესვენებაა - უკვე 4 სექტემბერს, მონცაზე იტალიის გრანპრი გაიმართება.

ბელგიის გრანპრი (44 წრე, 308.052 კმ)
1(1). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes 1:44.51,058 25
2(5). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +14,113 18
3(21). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes +27,634 15
4(7). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India +35,907 12
5(6). სერხიო პერესი (მექ) Force India +40,660 10
6(4). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +45,394 8
7(22). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren +59,445 6
8(8). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams +1.00,151 4
9(3). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +1.01,109 2
10(10). ფელიპე მასა (ბრა) Williams +1.05,873 1

11(2). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull ++1.11,138
12(18). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas +1.13,877
13(11). რომენი გროსჟანი (საფ) Haas +1.16,474
14(19). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso +1.27,097
15(13). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault +1.33,165
16(17). ესტებან ოკონი (საფ) Manor 1 წრე
17(16). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 1 წრე
ფინიშზე ვერ მივიდნენ
18(12). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 5 წრე
19(20). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 3 წრე
20(14). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso 1 წრე

21(9). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren 1 წრე
22(15). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 0 წრე

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი 232 (6)
2. ნიკო როსბერგი 223 (6)
3. დანიელ რიკარდო 151
4. სებასტიან ფეტელი 128
5. კიმი რაიკონენი 124
6. მაქს ფერსტაპენი 115 (1)
7. ვალტერი ბოტასი 62
8. სერხიო პერესი 58
9. ნიკო ჰიულკენბერგი 45
10. ფელიპე მასა 39

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 455
2. რედ ბული 274
3. ფერარი 252
4. ფორს ინდია 103
5. უილიამსი 101
6. მაკლარენი 48
7. ტორო როსო 45
8. ჰაასი 28
9. რენო 6
10. მანორი 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული