ფორმულა 1. ავსტრალიის გრანპრი: "მერსედესმა" ისევ მოიგო, მაგრამ...

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში სეზონი გაიხსნა და პირველივე რბოლამ ოპტიმიზმის საფუძველი მისცა გულშემატკივრებს: არ ყოფილა "მერსედესის" დომინირება, კარგი იყო "ფერარის" და "რედ ბულის" ტემპი, გაიბრწყინა დებიუტანტმა "ჰაასმა"...

"მერსედესის" პილოტმა ნიკო როსბერგმა მოგებით დაიწყო 2016 წლის სეზონი. გერმანელმა პირველ რბოლაში გამარჯვებას დრამატულ და არაპროგნოზირებად ბრძოლაში მიაღწია.

სტარტზე ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზეს "ფერარის" პილოტებმა - სებასტიან ფეტელმა და კიმი რაიკონენმა, რომლებმაც იოლად აუარეს გვერდი კვალიფიკაციის გამარჯვებულებს - ლუის ჰემილტონსა და ნიკო როსბერგს. ამასთან, მოქმედი ჩემპიონი ერთბაშად მეექვსე პოზიციამდე დაქვეითდა, ასე რომ, საიუბილეო 50-ე პოულმა ბრიტანელს
უპირატესობა ვერ მოუტანა. მომდევნო წრეებზე ფეტელი უპრობლემოდ ზრდიდა დროში სხვაობას "მერსედესებთან" და რაიკონენიც არ უშვებდა ახლოს როსბერგს.

მოლოდინის მიუხედავად, ჰემილტონმა ვერ შეძლო დაკარგული პოზიციების მომენტალურად დაბრუნება და მხოლოდ მეოთხე წრეზე გაუსწრო მასას, რის შემდეგაც, კარგა ხანი ჩარჩა მაქს ფერსტაპენის უკან.

იმის გათვალისწინებით, რომ მრბოლელთა უმრავლესობამ Supersoft-ის საბურავები აირჩია, პიტსტოპების პირველი ტალღა ადრე დაიწყო. ლიდერთაგან პირველი ბოქსებში როსბერგი შევიდა, რამაც გერმანელს სერიოზული უპირატესობა მისცა სისწრაფეში და თითქმის გააბათილა ფეტელთან ჩამორჩენა. ამ უკანასკნელმა თავისი პიტსტოპის შემდეგ შეინარჩუნა ლიდერობა, მაგრამ წამზე ნაკლებს უგებდა ნიკოს.

ამასობაში, მე-18 წრეზე სეზონის პირველი სერიოზული ავარია მოხდა. მესამე მოსახვევში ფერნანდო ალონსომ ესტებან გუტიერესის გასწრება სცადა, მაგრამ ბოლიდებს შორის კონტაქტი მოხდა და ალონსოს "მაკლარენი" ჯერ კედელს შეასკდა, შემდეგ რამდენჯერმე გადაბრუნდა და კიდევ ერთხელ შეეჯახა ბარიერს.

საბედნიეროდ, ალონსომ ტრავმების გარეშე, დამოუკიდებლად დატოვა ბოლიდი. თავდაპირველად, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, მაგრამ ასფალტზე იმდენი ნამსხვრევი იყო მიმოფანტული, რომ ორგანიზატორებმა რბოლის შეჩერება გადაწყვიტეს.

რბოლა ავარიიდან 18 წუთში განახლდა. ამ მომენტისთვის პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: ფეტელი, როსბერგი, რაიკონენი, რიკარდო, ფერსტაპენი, საინსი, ჰემილტონი, მასა, გროსჟანი და ბოტასი.

რესტარტის შემდეგ, ძალთა განლაგებაში ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა 24-ე წრეზე "ფერარიმ" ერთი პილოტი დაკარგა - კიმი რაიკონენის ბოლიდზე ძრავა გამოვიდა მწყობრიდან.

ჰემილტონი ისევ ვერაფერს უხერხებდა ნელ მანქანებს - მოქმედი ჩემპიონი DRS-ითაც კი ვერ უსწრებდა კარლოს საინსს და თითქოს, დაკარგული ჰქონდა პოდიუმის შანსი.

მაგრამ, პიტსტოპების მეორე ტალღამ ყველაფერი შეცვალა. როგორც კი "ტორო როსოს" პილოტები ბოქსებში შევიდნენ, ლუისი ყოველ წრეზე დაახლოებით წამნახევარს უგებდა ფეტელს, რომლის საბურავები თითქმის გამოსული იყო მწყობრიდან. ამიტომაც, 35-ე წრეზე გერმანელმა ბოქსებში შეუხვია და ტრასაზე მეოთხე პოზიციაზე დაბრუნდა როსბერგის, რიკარდოსა და ჰემილტონის უკან.

მე-40 წრისთვის პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: როსბერგი, რიკარდო (+9.1), ჰემილტონი (+10.2), ფეტელი (+27.5), მასა (+27.6), გროსჟანი (+41.3), ჰიულკენბერგი (+42.5), ბოტასი (+43.3), პალმერი (+49.3), საინსი (+49.3).

42-ე წრეზე ჰემილტონმა გატეხა რიკარდოს წინააღმდეგობა და მეორე ადგილზე გადავიდა. რიკარდო მაშინვე ბოქსებში შევიდა და რბოლის დასკვნითი ნაწილისთვის Supersoft მიიღო. მან ძალიან მალე გაუსწრო მასას მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში და ერთი მეორეს მიყოლებით აფიქსირებდა უსწრაფეს წრეებს, რითაც ფეტელს დაეწია.

თავის მხრივ, სებასტიანი ჰემილტონს უახლოვდებოდა და 52-ე წრეზე თითქმის დაეწია მას, თუმცა სამი წრის შემდეგ, გერმანელმა შეცდომა დაუშვა და ტრასის მიღმა გადავარდა, რითაც დაკარგა მეორე ადგილის შანსი. ამით, პირველ სამეულში ბრძოლა დასრულებული იყო. ნიკო როსბერგმა რვაწამიანი უპირატესობით მოიგო სეზონის პირველი რბოლა. ეს იყო გერმანელის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება და მე-15 ტრიუმფი კარიერაში. "მერსედესმა" კი ზედიზედ მეორედ მელბურნში დუბლი შეასრულა.

რა თქმა უნდა, მთავარი სენსაცია გახდა რომენ გროსჟანის მეექვსე ადგილი. თავის სადებიუტო რბოლაში, ამერიკულმა "ჰაასმა" წააგო მხოლოდ ორ "მერსედესთან", "ფერარისთან" და "რედ ბულთან".

სამი დებიუტანტიდან კი საუკეთესო იყო ჯოლიონ პალმერი - მან მე-11 ადგილი დაიკავა.
ორი კვირის შემდეგ, სეზონი ბაჰრეინის გრანპრით განახლდება.

რბოლის შემდეგ
ნიკო როსბერგი: "ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, როგორ განვითარდება მოვლენები ჩემპიონატში, მაგრამ სეზონის დასაწყისი იდეალური გამოვიდა. აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ "ფერარის" პილოტებს, რადგან ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ჩვენთან. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ლიდერებად დავრჩეთ".

ლუის ჰემილტონი: "კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და "მერსედესის" დუბლით. ჩემს კარიერაში არა ერთხელ ყოფილა სეზონის ცუდი დასაწყისი, ამიტომაც, დღევანდელი მეორე ადგილი - ნამდვილი ბონუსია, მით უმეტეს, რომ რაღაც მომენტში მეშვიდე ადგილზე აღმოვჩნდი და დიდი ხანი მომიწია წამყვან პოზიციებზე გასვლა".

ავსტრალიის გრანპრი (57 წრე, 302.271 კმ)
1(2). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes 1:48.15,565 25
2(1). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes +8,606 18
3(3). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +9,643 15
4(8). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +34,330 12
5(6). ფელიპე მასა (ბრა) Williams +58,979 10
6(19). რომენ გროსჟანი (საფ) Haas +1.12,081 8
7(10). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India +1.14,199 6
8(16). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams +1.15,153 4
9(7). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso +1.15,680 2
10(5). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Toro Rosso +1.16,833 1

11(13). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault +1.23,399
12(14). კევინ მაგნუსენი (დან) Renault +1.25,606
13(9). სერხიო პერესი (მექ) Force India +1.31,699
14(12). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren 1 წრე
15(17). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 1 წრე
16(21). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 1 წრე

ფინიშამდე ვერ მივიდნენ
(15). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 38 წრე
(4). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari 21 წრე
(22). რიო ჰარიანტო (ინდოენეზ) Manor 17 წრე
(20). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 16 წრე
(11). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren 16 წრე
(18). დანიილ კვიატი (რუს) Red Bull 0 წრე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი რბოლა გამოვიდა
avtuko
00:05 21-03-2016
0

სიახლეები პოპულარული