ფორმულა 1: "ფერარი" ისევ სწრაფია

AutoSharing Option
ბარსელონას ტესტების მეორე დღეს საუკეთესო დრო ისევ "ფერარის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა აჩვენა. გერმანელმა "ულტრასოფტის" საბურავით ჯერ კიდევ დილის სესიაში გაიარა საუკეთესო წრე - 1.22,810. ეს შედეგი წინა დღის საუკეთესო დროზე ორი წამით უკეთესი იყო.

"ფერარის" 0.7 წამით ჩამორჩა "რედ ბულის" წარმომადგენელი დანიელ რიკარდო. უნდა აღინიშნოს, რომ თავისი უსწრაფესი წრე ავსტრალიელმა ასევე დილით, "ულტრასოფტის" საბურავებით გაიარა.

ტემპში სერიოზული პროგრესი ჰქონდა "ფორს ინდიას". ამჯერად, ინდური საჯინიბოს საჭესთან მექსიკელი სერხიო პერესი მუშაობდა. მან წამზე ნაკლები წააგო ფეტელთან, ოღონდ მისი ბოლიდი "სუპერსოფტის" საბურავებით იყო
აღჭურვილი.

"მერსედესში" მუშაობა გააგრძელა ნიკო როსბერგმა. მსოფლიოს ჩემპიონმა გუნდმა ისევ ყველაზე მეტი წრე გაიარა - ამჯერად, 172, ხოლო როსბერგის დრო მეოთხე იყო საბოლოო ოქმში. ამ შედეგებს ვერ დავუკავშირებთ "მერსედესის" სისუსტეს, რადგან გერმანული საჯინიბო სულ სხვა პროგრამით მუშაობს, ვიდრე სხვა გუნდები. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ როსბერგმა საუკეთესო წრე (1.24,867) "მედიუმის" საბურავით გაიარა.

ნიკოსთან დაახლოებით ნახევარი წამი წააგო მარკუს ერიქსონმა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა. შვედს უკან მოსდევდა ესტებან გუტიერესი "ჰაასიდან". ცხადია, რომ ამჯერად, ამერიკულ გუნდს საქმეები უკეთ ჰქონდა, ვიდრე წინა დღეს.

ვალტერი ბოტასი მხოლოდ მეშვიდე დროით დაკმაყოფილდა, "მანორის" პილოტი პასკალ ვერლაინი კი ფინელს სულ რაღაც 0.2 წამით ჩამორჩა.

მეცხრე ადგილზე ოქმში ფერნანდო ალონსო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ "მაკლარენი" ჯერ ვერ აჩვენებს მაღალ ტემპს, თავად ის ფაქტი, რომ გუნდმა 119 წრე დაფარა, არ შეიძლება არ ახარებდეს გუნდის ხელმძღვანელობას.

"მაკლარენისგან" განსხვავებით, ვადაზე ადრე დაასრულა დღე "რენომ". ჯოლიონ პალმერმა მხოლოდ 42 წრის გავლა შეძლო. არის ვარაუდი, რომ ფრანგული გუნდის პრობლემების მიზეზი კვლავაც ძალისმიერი აგრეგატია.

ძრავასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა მაქს ფერსტაპენის "ტორო როსოსაც". მაგრამ ტექნიკური ხარვეზი გამოასწორეს და ჰოლანდიელმა 121 წრე გაიარა, ოღონდ ბოლო ადგილი დაიკავა.

დღის ბოლოს უსიამოვნება შეემთხვა "ფერარის", როცა ძრავის პრობლემის გამო მესამე მოსახვევში გაჩერდა ფეტელი. დღის საუკეთესო დროის მიუხედავად, გერმანელი შეშფოთებული და უკმაყოფილო ჩანდა. როგორც ჩანს, პრობლემა მართლაც სერიოზულია, რადგან მოგვიანებით, "ფერარიში" გამოაცხადეს, რომ მესამე დღეს "სკუდერია" ტრასაზე არ გავიდოდა.

II დღე
1. ფეტელი (ფერარი) 1.22,810 (125 წრე)
2. რიკარდო (რედ ბული) +0,715 (112)
3. პერესი (ფორს ინდია) +0,840 (100)
4. როსბერგი (მერსედესი) +2,057 (172)
5. ერიქსონი (ზაუბერი) +2,427 (106)

6. გუტიერესი (ჰაასი) +2,714 (77)
7. ბოტასი (უილიამსი) +2,838 (132)
8. ვერლაინი (მანორი) +3,115 (69)
9. ალონსო (მაკლარენი) +3,272 (119)
10. პალმერი (რენო) +3,379 (42)
11. ფერსტაპენი (ტორო როსო) +4,426 (121)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული