კანადის გრანპრი: ლუის ჰემილტონმა დიდი სლემით მოიგო

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპის - კანადის გრანპრის სრული ტრიუმფატორი "მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი გახდა. მან მონრეალში "დიდი სლემი" შეასრულა - სტარტი აიღო პოულიდან, საუკეთესო წრე დააფიქსირა, მოიგო რბოლა და უწყვეტად ლიდერობდა სტარტიდან ფინიშამდე. ეს მისი მეოთხე "დიდი სლემი" იყო კარიერაში და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ფეტელს, მენსელს, სენასა და სტიუარტს.

შაბათს, ჰემილტონმა კარიერაში 65-ე პოული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა აირტონ სენას. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ლეგენ
დარული ბრაზილიელი პილოტის ოჯახმა სენას ერთ-ერთი სარბოლო ჩაფხუტი გადასცა ჰემილტონს. პოზიტიური განწყობა კვირისთვის შენარჩუნდა და ლუისმა მეექვსედ მოიგო კანადის გრანპრი.

პირველად მიმდინარე სეზონში, პოდიუმზე ვერ ვიხილეთ ჩემპიონატის ლიდერი სებასტიან ფეტელი, რომელმაც სტარტი ჩააგდო და მე-18 ადგილამდე ჩამოქვეითდა. საბოლოდ, "ფერარის" გერმანელმა პილოტმა ფინიშისთვის მეოთხე ადგილამდე გაიკვლია გზა.

პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა "მერსედესის" მეორე პილოტი ვალტერი ბოტასი (ჩამორჩენა - 19,783 წამი), მესამეზე აღმოჩნდა "რედ ბულის" წევრი დანიელ რიკარდო - 35.297 წამის ჩამორჩენით.

ფეტელმა შეინარჩუნა ლიდერობა ჩემპიონატში - მას 141 ქულა აქვს. 13 ქულამდე მიუახლოვდა გერმანელს ლუის ჰემილტონი. გენერალურ კლასიფიკაციაში მესამეზეა ბოტასი - 93 ქულა.

კონსტრუქტორთა თასზე ლიდერობა დაიბრუნა "მერსედესმა", რომელიც 8 ქულით უსწრებს "ფერარის".

მორიგი ეტაპი - აზერბაიჯანის გრანპრი ბაქოში ორი კვირის შემდეგ გაიმართება.

რბოლის სტენოგრამა
- სტარტზე ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა. ფერსტაპენი მეორეზე გადავიდა. მასთან კონტაქტის შემდეგ, მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა ფეტელი.

- გროსჟანთან კონტაქტის შემდეგ, საინსი მოსრიალდა და მასას შეეჯახა - ორივე პილოტი გამოეთიშა ბრძოლას. ტრასაზე გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა.

- პირველი ათეული მე-2 წრეზე: ჰემილტონი - ფერსტაპენი - ბოტასი - ფეტელი - რიკარდო - რაიკონენი - პერესი - ოკონი - ჰიულკენბერგი - კვიატი.

- მე-3 წრეზე გამოაცხადეს რესტარტი. ფერსტაპენმა სცადა შეტევა, მაგრამ ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა. რაიკონენი მეშვიდე მოსახვევში ტრასიდან გადავიდა და პერესი გაატარა.

- მე-6 წრეზე ფეტელმა ბოქსებში შეუხვია საბურავებისა და სტარტზე დაზიანებული "ცხვირის" გამოსაცვლელად. გერმანელი ტრასაზე ბოლო დაბრუნდა.

- მე-11 წრეზე ფერსტაპენმა სიმძლავრე დაკარგული ბოლიდი მეორე მოსახვევის ბოლოს გააჩერა და ბრძოლას გამოეთიშა.

- გამოცხადდა უსაფრთხოების მანქანის ვირტუალური რეჟიმი.

- პირველი ათეული მე-12 წრეზე: ჰემილტონი - ბოტასი - რიკარდო - პერესი - რაიკონენი - ოკონი - კვიატი - ალონსო - ვანდორნი - მაგნუსენი.

- მე-18 წრეზე რაიკონენმა საბურავები შეცვალა, მე-19 წრეზე - რიკარდომ. ფეტელმა გაუსწრო ვანდორნს, კვიატსა და ჰიულკენბერგს და ათეულში დაბრუნდა.

- მე-20 წრეზე რიკარდომ, პერესმა და რაიკონენმა გაუსწრეს ალონსოს, ფეტელმა - მაგნუსენს.

- 24-ე წრეზე საბურავები შეცვალა ბოტასმა. ფეტელმა გაუსწრო ალონსოს.

- 32-ე წრეზე ჰემილტონმა შეცვალა საბურავები. ლუისი ტრასაზე ისევ ლიდერად დაბრუნდა.

- 42-ე წრეზე მეორედ გაემგზავრა ბოქსებში რაიკონენი - დისტანციის დასკვნითი ნაწლისთვის მან UltraSoft აირჩია.

- ფეტელი მიაუხლოვდა მჭიდრო ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ "ფორს ინდიას" პილოტები და რიკარდო, მაგრამ შეტევა ვერ შეძლო და 50-ე წრეზე ბოქსებში შევიდა.

- პირველი ათეული 57- წრეზე: ჰემილტონი - ბოტასი - რიკარდო - პერესი - ოკონი - რაიკონენი - ფეტელი - ჰიულკენბერგი - სტროლი - ალონსო.

- მე-60 წრეზე რაიკონენი მუხრუჭების პრობლემის გამო, ტრასის მიღმა გადავიდა და ფეტელი გაატარა. კიმიმ ტემპი დაკარგა, სებასტიანმა მოუმატა და მალე შეამცირა სხვაობა "ფორს ინდიას" პილოტებთან.

- ფეტელი უტევდა, ოკონი თავს იცავდა, მაგრამ ტრასის მიღმა აღმოჩნდა და სებასტიანმა მასაც გაუსწრო. შემდეგ, ფეტელი მოსახვევში ვერ ჩაეტია, ესტებანმა კონტრშეტევა სცადა, მაგრამ, უშედეგოდ. ერთი წრის შემდეგ, სებასტიანმა პერესსაც გაუსწრო.

- ლუის ჰემილტონმა მოიგო კანადის გრანპრი - ეს მისი მესამე მოგებაა სეზონში და 56-ე კარიერაში. მეორეზე გავიდა ვალტერი ბოტასი - "მერსედესმა" სეზონში პირველი დუბლი შეასრულა. წელს პირველად, პოდიუმზე არ ყოფილა "ფერარის" არც ერთი პილოტი.

- "უილიამსის" პილოტმა ლენს სტროლმა საშინაო ტრასაზე მეცხრე ადგილი დაიკავა და თავისი პირველი ქულები დააგროვა ფორმულა 1-ში.

კანადის გრანპრი
მონრეალი. 70 წრე. 305.270 კმ.
1(1). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) 1:33.03,153
2(3). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) +19,783
3(6). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) +35,297
4(2). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) +35,907
5(8). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) +40,476
6(9). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) +40,716
7(4). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) +58,632
8(10). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) +60,374
9(17). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) 1 წრე
10(14). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) 1 წრე

11(15). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) 1 წრე
12(18). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) 1 წრე
13(19). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) 1 წრე
14(16). სტოფელ ვარნდორნი (ბელ, მაკლარენი) 1 წრე
15(20). პასკალ ვერლაინი (გერ, ზაუბერი) 2 წრე

ფინიშზე ვერ მივიდნენ
16(12). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) 68 წრე
17(11). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) 12 წრე
18(5). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) 10 წრე
19(13). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) 1 წრე
20(7). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) 1 წრე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი - 141 (3 მოგება)
2. ლუის ჰემილტონი - 129 (3)
3. ვალტერი ბოტასი - 93 (1)
4. კიმი რაიკონენი - 73
5. დანიელ რიკარდო - 67
6. მაქს ფერსტაპენი - 45
7. სერხიო პერესი - 44
8. ესტებან ოკონი - 27
9. კარლოს საინსი - 25

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 222
2. ფერარი - 214
3. რედ ბული - 112
4. ფორს ინდია - 71
5. ტორო როსი - 29
6. უილიამსი - 22
7. რენო - 18
8. ჰაასი - 15
9. ზაუბერი - 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული