გიორგი მესხი და ნიკოლოზ შუშაშვილი ადრიატიკის ლიგაზე ითამაშებენ

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი მესხი ორი წელიწადია, სერბეთის პრიმერა ლიგაში გამოდის. ჯერ ნოვი სადის "დუნავში" თამაშობდა, შემდეგ ამავე ქალაქის "ვოივოდინაში" მიიწვიეს. მის შემადგენლობაში წლეულს გიორგიმ სერბეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

პირველ ადგილზე ბელგრადის "პარტიზანი" გავიდა, ბრინჯაოს მედალი "ცრვენა ზვეზდას" ხვდა. მეოთხე ადგილი ქალაქ შაბაცის ამავე სახელწოდების გუნდს ერგო.

და აი, ახალი სეზონი მესხმა სწორედ ამ კლუბში დაიწყო. მასთან ერთადაა ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი ნიკოლოზ შუშიაშვილიც.

"შაბაცი" 1990 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინათ ქალაქში საცურაო აუზი
დახურეს, კლუბს პრობლემები შეექმნა და მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. ჯერ ნოვი სადს შეაფარა თავი, ბოლო სამი სეზონი ქალაქ ობრენოვაცის აუზში ატარებდა საშინაო შეხვედრებს. ამ ცოტა ხნის წინათ კი დამთავრდა ქალაქის დახურული საცურაო აუზის რეკონსტრუქცია და გუნდიც მშობლიურ ბუდეს დაუბრუნდა. მის მესვეურებს ახალ სეზონში დიდი მიზნები აქვთ დასახული: ორ ფრონტზე იბრძოლებენ - სერბეთის პრიმერა ლიგასა და ადრიატიკის ლიგაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტოპ-გუნდები თამაშობენ ამიტომაც გაძლიერება გადაწყვიტეს.

- წლეულს, სეზონის ბოლოს ნოვი სადში "შაბაცის" ძლევის შემდეგ "ვოივოდინამ", რომლის შემადგენლობაშიც მე გამოვდიოდი, სერბეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, - გვითხრა გიორგი მესხმა, რომელსაც გუშინ სერბეთში შევეხმიანეთ. - სწორედ მაშინ გადაწყდა ჩემი "შაბაცში" გადასვლის საკითხიც, რადგან ახალ კლუბში ბევრად უკეთესი პირობები შემომთავაზეს. ქალაქის რეკონსტრუირებული საცურაო აუზი ერთ-ერთი საუკეთესოა არამხოლოდ სერბეთში.

მე და ნიკა შუშიაშვილი აქ სექტემბრის დასაწყისში ჩამოვედით. ოროთახიანი ბინა დაგვიქირავეს. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. ამხანაგურ მატჩში სერბეთის პრიმერალიგის წევრ "ვალიევოს" ვუმასპინძლეთ და დიდი ანგარიშით დავამარცხეთ. სამი ბურთი მე გავიტანე.

კარგი მწვრთნელი გვყავს. სეზონს 7 ოქტომბერს დავიწყებთ - ადრიატიკის ლიგაზე შინ ხორვატიის "სოლარის" შევხვდებით. ვეცდებით, წყალბურთს მონატრებული შაბაცის ქომაგები გავახაროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული