რევაზ ჩომახიძე: შეგირდებით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
ამას წინათ მალტაზე დამთავრდა ახალგაზრდა წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რიმელშიც 16 საუკეთესო ნაკრები მონაწილეობდა. ჩვენმა გუნდმა პირველობაზე ექვსი მატჩი ითამაშა: მასპინძლებსა (15:9) და თურქებს (14:7) მოუგო, ხოლო სერბებთან (2:13), უნგრეთსა (7:21) და ორჯერ საფრანგეთთან (9:10, 5:10) დამარცხდა და საბოლოოდ მეათე ადგილი დაიკავა.

- შეგირდების თამაშითა და შედეგით კმაყოფილი ვარ, - გვითხრა სამშობლოში დაბრუნებულმა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ. - ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებს გავუსწარით, როგორებიცაა რუმინეთი, გერმანია, თურქეთი, უკრაინა. ბიჭებს ძალა და ენერგია არ დაუზოგავთ არა მარტო მალტაზე, არამედ ბოლო
ორი თვის განმავლობაში მოსამზადებელი ეტაპისას. მათთან მუშაობა სიამოვნება იყო.

უნდა გითხრათ, რომ ევროპაში წყალბურთის დონე ძალიან ამაღლდა. უწინ თუ 6-7 ქვეყანა დომინირებდა, ახლა როგორც უფროსებში, ისე ახალგაზრდებში ფინალის მონაწილე პირველ და მეორე რვა-რვა გუნდს შორის თამაშის კლასში სხვაობა ძალიან მცირეა. დასტურად თუნდაც მალტაზე გამართული პირველობაც კმარა. ფინალში ასპარეზობა ჩვენთვის გამოცდილების მისაღებად კარგი სკოლა იყო.

- წლეულს, გაზაფხულზე, შესარჩევი ტურნირისას ფრანგებს შინ 7:1 ვაჯობეთ, ევროფინალში კი ორჯერ დავმარცხდით...
- ფრანგებმა მალტაზე სრულიად განსხვავებული გუნდი ჩამოიყვანეს - მათ შემადგენლობაში ოთხი ახალგაზრდა წყალბურთელი თამაშობდა, რომლებიც ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების ღირსებას იცავენ.

ამის მიუხედავად, პირველ მატჩში მსაჯების შეცდომა რომ არა, შეხვედრას არ წავაგებდით. მეორე პაექრობისას კი სამი პერიოდის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა იყო. საფინალო გონგამდე სამი წუთით ადრე, როცა მეტოქე ორი ბურთით გვიგებდა, ბიჭებმა თავდასხმა გააძლიერეს, დაცვის ხაზი კი, სამწუხაროდ, მოიშალა და ფრანგებმაც ამ მოკლე დროში სამი გოლი გაგვიტანეს. ასე რომ, ანგარიში მატჩის რეალურ სურათს არ ასახავს.

თანაც, ფინალური ეტაპისთვის ფრანგები თუ გაძლიერდნენ, ჩვენ დავსუსტდით, რადგან ერთ-ერთი ლიდერი, გუნდის კაპიტანი გიორგი წულუკიანი ტრავმის გამო დაგვაკლდა. მეტოქეებისგან განსხვავებით, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ძირითადის მოთამაშე თანაბარძალოვანი წყალბურთელით შევცვალოთ. თუმცა ახლო მომავალში ამ პრობლემასაც მოევლება - ნიჭიერი თაობა მოდის.

- თქვენი გუნდის სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
- ეს ბიჭები მალე ახალგაზრდულ ასაკს გადააბიჯებენ. ამიტომ გაისად 19-წლამდელთა ნაკრებში ითამაშებენ და აქედანვე თანატოლთა შორის ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული