ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა არმაგედონს გადაურჩა

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის 2017 წლის გათამაშებაზე პირველი ეტაპის ტაიბრეიკები გაიმართა. მეორე რაუნდში გასასვლელად 25 წყვილი იბრძოდა. მოასპარეზეთა შორის მხოლოდ ერთი ქართველი იყო - დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (ნანა ძაგნიძე, მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაია, როგორც გაუწყეთ, მინი-მატჩის კლასიკურ პარტიებში დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ).

ახალგაზრდა ესპანელ ივან სალგადო ლოპესთან (2627) მისი 25-წუთიანი (თითოეულ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) ორივე პარტია ყაიმით დასრულდა. უძლიერესის გამოსავლენად, დებულებით, ამჯერად ორი 10-10-წუთიანი პარტია
დაინიშნა, აქაც თითოეულ სვლაზე 10-10 წამის დამატებით. პირველი ორთაბრძოლა თეთრი ფიგურებით ჯობავამ (1702) შესანიშნავად წარმართა და 39-ე სვლაზე მეტოქეს საათი გააჩერებინა.

ქართველი დიდოსტატი მეორე პარტიაში შავებითაც ახლოს იყო წარმატებასთან - 27-ე სვლისთვის ბევრად უკეთესი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ ორიოდე სვლის შემდეგ უხეში შეცდომით მეტოქეს პოზიციის გათანაბრების შანსი მისცა. ჯობავას მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყაიმიც ხელს აძლევდა, მაგრამ 32-ე სვლაზე ისევ უხეშად შეცდა - ამჯერად მეტოქეს მხედარი დაუთმო. რადგანაც ეს დანაელთა ძღვენს არ ჰგავდა, ესპანელმა საჩუქარი სიხარულით მიიღო და მალე ანგარიშში წონასწორობაც აღადგინა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ხუთწუთიანი პარტია გახდა საჭირო, ყოველ სვლაზე 3-3 წამის დამატებით. თუ ეს პაექრობებიც ფრედ დასრულდებოდა, გადამწყვეტი იქნებოდა "არმაგედონი" - როცა თეთრებს მოსაგებად 5 წუთი ეძლევათ, შავებს კი - ოთხი. პაექრობის ყაიმით დასრულების შემთხვევაში გამარჯვებულად შავები ცხადდება.

ჯობავამ საქმე "არმაგედონამდე" არ მიიყვანა: პირველ ბლიცპარტიაში შავებით მეტოქესთან ქულა გაიყო, თეთრებით კი წარმატებას მიაღწია, საბოლოოდ გაიმარჯვა 4,5:3.5 და მეორე წრეში ჩინელ იუ იანთან (2750) გაარკვევს ურთიერთობას.

ეს უკანასკნელიც ირანელ ამირეზა პურმეზანალისთან (2534) კლასიკური პარტიების ყაიმებით დამთავრების შემდეგ გუშინ ტაიბრეკში ჩაერთო, ოღონდ, ჯობავასგან განსხვავებით, ორივე 25-წუთიანი პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა და შეხვედრა 3:1 მოიგო. ჯობავა-იუ იანს შორის უძლიერესს მესამე წრეში ევროპის ექსჩემპიონ იან ნეპომნიაშჩისა (რუსეთი, 2741) და ადჰიბანის (ინდოეთი, 2670) წყვილში გამარჯვებული შეხვდება.

მეორე რაუნდის პირველი პარტიები დღეს გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2827)-ალექსეი დრეევის (რუსეთი, 2648) დაპირისპირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული