სხვა

ჭადრაკი

ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ტაიბრეიკი - ბაადურ ჯობავას შანსი

AutoSharing Option
სასტუმრო "ჰუალინგ პრეფერენსის" დარბაზში მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის მონაწილეებმა გუშინ პირველი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაითამაშეს.

ახალგაზრდა ესპანელ ივან სალგადო ლოპესთან ბაადურ ჯობავას განმეორებითი პარტიაც ყაიმით დასრულდა და ანგარიშია 1:1. მეორე რაუნდში გამსვლელის ვინაობას დღეს ტაი ბრეიკი დაასახელებს: მეტოქეები ჯერ რაპიდის ორ პარტიას ითამაშებენ, თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მერე გამარჯვებული ბლიცებში გაირკვევა.

მსგავსი მდომარეობაა იუ იანისა (ჩინეთი) და ამირეზა პურამეზანალის (ირანი) დაპირისპირებაში. სწორედ ამ წყვილში წარმატებული მეორე რაუნდში ჯობავა-სალგადოს შორის უძლიერესს შეხვდება.

დანარჩენი სამი ქართველი მოჭადრაკე შეჯიბრებას გუშინვე გამოეთიშა:
ნანა ძაგნიძე
მეორე პარტიაში ანიშ გირს (ჰოლანდია) დაუზავდა, მაგრამ მინიმატჩში ნიდერლანდელმა 1,5:0,5 გაიმარჯვა. მეორე წრეში მას მეტოქეობას რუსი ალესანდრ მოტილიევი გაუწევს.

ლევან ფანცულაიამ
იან-კშიშტოფ დუდასთან (პოლონეთი) მეორე პაექრობაც დათმო. ეს უკანასკნელი მომდევნო ეტაპზე ვასილი ივანჩუკსა (უკარინა) და მურაზ კაჟგალიევს (ყაზახეთი) შორის უძლიერესს დაელოდება.

მიხეილ მჭედლიშვილმა ერნესტო ინარკიევთან (რუსეთი) მეორე ორთაბრძოლა ზავით კი დაასრულა, მაგრამ ორი პარტიის ჯამში 0.5:1.5 დამარცხდა. კუბელი ბაკალაო ალონსო და რუსი ვლადიმირ ფედოსეევი ტაი ბრეიკში ხვდებიან ერთმანეთს.

მსოფლიოს ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია) იოლად დაამარცხა ოლიბაფემი ბალაგური (ნიგერია). მეორე წრეში იგი რუს ალექსეი დრეევთან გაარკვევს ურთიერთობას. 16 წლის ავსტრალიელმა ანტონ სმირნოვმა გუშინდელ პარტიაშიც ქულა გაიყო სერგეი კარიაკინთან (რუსეთი).

ქალთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ჰოუ იფანმა პოლონელი კასპერ დიორენი დაჯაბნა (1,5:0,5) და მეორე რაუნდში სომეხ ლევონ არონიანს დაუპირისპირდება.

პირველ წრეში დამარცხებულები 6-6 ათას დოლარს მიიღებენ.

დღეს ტაი ბრეიკების დღეა. მეორე რაუნდის პირველი პარტიები ხვალ გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"