გარი კასპაროვი სამი ყაიმით დაბრუნდა

AutoSharing Option
12-წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი გარი კასპაროვი ჭადრაკს დაუბრუნდა. ქალაქ სენტ ლუისში Grand Chess Tour-ის ტურნირზე ლეგენდარული მოჭადრაკე რაპიდში თამაშობს და პირველ დღეს სამი პარტია ჩაატარა. სამივე ყაიმით დასრულდა - რუს სერგეი კარიაკინთან, ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურასთან და კუბელ ლენიერ დომინგესთან.

სამი პარტიის შემდეგ, ოთხ-ოთხი ქულით ლიდერობენ: ნეპოიმნიაშჩი, კარუანი და არონიანი. მათ შემდეგ, სამ-სამი ქულით მოდიან კარიაკინი და კასპაროვი.

"მას შემდეგ, რაც პროფესიული ჭადრაკიდან 2005 წელს წავედი, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მთელ მსოფლიოში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას მივუძღვენი, - განაცხადა პირველი დღის შემდეგ კასპაროვმა. - მოხარული ვარ, რომ ჩემმა მოკლევადიანმა გამოჩენამ სენტ ლუისის ტურნირზე დიდი ინტერესი გამოიწვია. მინდა თავიდანვე განვაცხადო ჭადრაკში ჩემი მომავალი მოღვაწეობის შესახებ. ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ 54 წლის ასაკში რთულია საჭადრაკო ფორმის აკრეფა.

სენტ ლუისის შემდეგ, თამაშის გაგრძელებას არ ვაპირებ. ეს არ არის კარიერის გაგრძელება, არამედ მცირე შესვენება. დღეს ჩემი ცხოვრებაა - დროის გატარება ოჯახთან ერთად, ადამიანის უფლებების დაცვა, ლექციების კითხვა, ჭადრაკის პოპულარიზაცია ჩემი ფონდის მეშვეობით. ხოლო მთლიანი შემოსავალი, რომელსაც სენტ ლუისის ტურნირში მონაწილეობისგან მივიღებ, აფრიკაში ჭადრაკის განვითარებას მოხმარდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული