ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა

AutoSharing Option
წლეულს, 2 სექტემბრიდან საქართველოს დედაქალაქი მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშებას უმასპინძლებს. შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 128 უძლიერესი დიდოსტატი მოიყრის თავს.

თბილისურ ბატალიებში საქართველოს ოთხი წარმომადგენელიც მოსინჯავს ძალებს. ესენი არიან: ვაჟთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის მეორეპრიზიორი ბაადურ ჯობავა (რეიტინგი 2687), ქალებში ბებერი კონტინენტის 2017 წლის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე (2519), საქართველოს ნაკრების წევრები - მიხეილ მჭედლიშვილი (2590) და ლევან ფანცულაია (2585).

საგულისხმოა, რომ მსოფლიოს თასის გათამაშებაში პირველად იასპარეზებს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2822). საჭადრაკო "ოსკარის" ხუთგზის მფლობელი ბრძენთა თამაშის ისტორიაში მსოფლიოს პირველი
აბსოლუტური ჩემპიონია: დიდოსტატი გახდა 13 წლისა და ხუთი თვისა, 2013 წლიდან კლასიკურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონია. მსგავსი ტიტულები 2014-16 წლებში რაპიდში, 2014-15 წლებში კი ბლიცში დაიმსახურა. თბილისური ტურნირის პირველ ტურში იგი ნიგერიელ ოლივაფემა ბალოგუნს (2255) შეხვდება.

ქართველთაგან ბაადურ ჯობავა ესპანელ ივან ლოპეს სალგადოს (2627) შეხვდება. ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს დიდოსტატს - ქართველების ჰოლანდიელ სიძე ანიშ გირს (2775, იგი დიდოსტატ სოფიკო გურამიშვილის მეუღლეა) გაუწევს მეტოქეობას.

ლევან ფანცულაია, რომელიც მსოფლიოს თასის გათამაშებაში 2005 წელს უკვე მონაწილეობდა, ამჯერად პირველ რაუნდში იან-კშიშტოფ დუდას (2707) დაუპირისპირდება. 19 წლის პოლონელი მოჭადრაკე 15 წლისა გახდა დიდოსტატი, 2014 წელს ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

მიხეილ მჭედლიშვილის მეტოქეა ევროპის 2016 წლის რუსი ჩემპიონი ერნესტო ინარკიევი (2702), რომელიც ყირგიზეთში დაიბადა, მაგრამ, ფიდეს პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვის წინადადებით, მისი მშობლები ელისტაში გადასახლდნენ საცხოვრებლად. შარშან დეკემბერს იგი ინგუშეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

ძაგნიძის გარდა, ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშებაში კიდევ ერთი ქალბატონი მონაწილეობს - მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონატების სამგზისა და საჭადრაკო ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებული ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2666), რომელიც პოლონეთის 2017 წლის ჩემპიონ კაცპერ პიორუნთან (2632) გაარკვევს ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული