ქართველმა ტანმოვარჯიშემ ანა სუბოტინამ რუსეთის ტურნირზე ვერცხლი მოიპოვა

AutoSharing Option
რუსეთის დედაქალაქმა სპორტულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონის - მიხაილ ვორონინის თასის ტრადიციულ გათამაშებას უმასპინძლა.

მოსკოვში 26 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. საქართველოს ღირსებას იცავდნენ ანა სუბოტინა, დმიტრი გოვოროვი და კონსტანტინ კუზავკოვი.

წარმატებით იასპარეზა ქალებში ანა სუბოტინამ - მრავალჭიდში მან 49.800 ქულას მოუყარა თავი და მე-5 ადგილი დაიკავა. პირველ-მეოთხე ადგილები ალექსანდრა შეკოლდინამ (რუსეთი, 54.550), ვლადისლავა ურაზოვამ (რუსეთი, 54.150), ანასტასია მიროშნიჩენკომ (უზბეკეთი, 50.375) და დილდორა არიპოვამ (უზბეკეთი, 50.050ძ) გაინაწილეს.

სუბოტინას თავისუფალ ვარჯიშში უხეში შეცდომა რომ არ დაეშვა, მესამე ადგილზე გავიდოდა.

სამაგიეროდ, მან ხტომებში იყოჩაღა
- 13.567 ქულა დაიმსახურა, რამაც ამ დისციპლინაში ვერცხლის მედალი მოუტანა.

პირველი იყო ვლადისლავა ურაზოვა (13.966), ხოლო დარია იასინსკაია (ყაზახეთი, 13.533) მესამე ადგილზე გავიდა. სუბოტინამ ნაირსიმაღლის ორძელსა და დვირზე მეექვსე, თავისუფალ ვარჯიშში კი მე-8 ადგილი დაიკავა.

ვაჟებში დმიტრი გოვოროვმა თავისუფალი ვარჯიშის შესრულებისას ტრავმა მიიღო, ხტომებში ვერ იასპარეზა და მრავალჭიდშიც შეუფასებელი დარჩა. კონსტანტინ კუზავკოვმა ორ იარაღზე იასპარეზა ფინალში: თავისუფალში (13.200) მეხუთე იყო, ხოლო ხტომებში (13.375) მე-6 ადგილით დაკმაყოფილდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული