სხვა

ტანვარჯიში

მსახიობი და მთხრობელი - fig-gymnastics.com-მა სალომე ფაჟავას წერილი უძღვნა

AutoSharing Option
ახლახან, იტალიის ქალაქ პეზაროში მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ნაკრების ლიდერმა სალომე ფაჟავამ მრავალჭიდში მე-15 ადგილი დაიკავა, გურზებით ფინალში კი მე-8 ადგილზე გავიდა. ცხადია, ეს სულაც არაა მისი საუკეთესო მაჩვენებლები. უბრალოდ, იგი ტრავმების გამო საერთაშორისო ასპარეზზე ერთი წელიწადი არ ჩანდა.

ტანვარჯიშის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა fig-gymnastics.com-მა ჩვენებურზე წერილი გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"სალომე ფაჟავა - მსახიობი და მთხრობელი. თუმცა ის არ გამოდის თეატრში, არაფერს ამბობს სიტყვებით. ამის ნაცვლად, საქართველოს საუკეთესო მხატვრული ტანმოვარჯიშე თავის ვარჯიშებში ასახიერებს კონკრეტულ პერსონაჟებს
და გადმოგვცემს მათ ემოციებს.

"ვცდილობ, ჩემი გამოსვლებით აუდიტორია გავახარო", - ამბობს ტანვარჯიშის ფანების ფავორიტი საქართველოდან. მან ყველაზე მეტი ოვაცია დაიმსახურა პირველივე ვარჯიშის შემდეგ პეზაროში.

"ყველა ჩემი კომპოზიცია პატარა ისტორიას გიამბობთ. ვცდილობ, ის ემოციებით გადმოგცეთ. ალბათ, სწორედ ამიტომ ვარ ყველასგან განსხვავებული", - ვარაუდობს ის.

2015 წელს ფაჟავამ საბოლოოდ დაიპყრო საერთაშორისო არენაზე ფანების გულები - მას შტუტგარტში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლამდე სულ ცოტა დააკლდა. თუმცა ამ ტურნირზე გამოჩნდა, რომ რიოში, ოლიმპიადაზე მისი გამოსვლისთვის განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გვეცქირა. მისმა ნიჭმა, გადმოგცეთ ცეცხლოვანი "ჯიგიტის" მწუხარება დაკარგული სიყვარულის გამო, მას მთელ მსოფლიოში უამრავი ქომაგის მოწონება მოუტანა.

სამწუხაროდ, ტრავმებმა მას რიოში წარმატების მიღწევის შანსი წაართვა.

"2017 წელი ურთულესი იყო ჩემთვის, - აღიარებს სალომე ფაჟავა. - ის იყო, ფეხზე ტრავმა მოვირჩინე, რომ ვარჯიშისას იდაყვი ვიღრძე, რომლის მორჩენაც ძალიან გაჭიანურდა. ამას თან დაერთო სკოლისა და უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები. ამიტომ ვარჯიში გვიან დავიწყე. მსოფლიოს ჩემპიონატამდე ცოტა დრო რჩებოდა. ფორმაში შესვლას ვერაფრით ვასწრებდი. გადავწყვიტე, ყაზანში გამართულ მსოფლიოს თასის ეტაპზე მეასპარეზა, რომელიც ჩემთვის ძალიან რთული და ამასთან ერთად, სასიამოვნოც აღმოჩნდა. იქ მაყურებლების მხარდაჭერამ და ჩემ მიმართ გამოხატულმა სიყვარულმა დიდი სამსახური გამიწია. ემოციური ადამიანი ვარ და ასეთი მხარდაჭერა ჩემთვის გამარჯვების ტოლფასია. ეს მხოლოდ მაძლიერებს და მედლებისთვის საბრძოლველად კიდევ უფრო მეტად განმაწყობს".

იმის ნაცვლად, რომ მთელი კონცენტრაცია დღევანდელისკენ მიმართოს, მისი მიზნები უფრო გრძელვადიანია:

"ყველა შეჯიბრება შესანიშნავ გამოცდილებას გძენს. ამიტომ ვცდილობ, ის გამოვიყენო და უკვე აქედანვე მოვემზადო ტოკიოში გასამართავი ოლიმპიური თამაშებისთვის", - დასძინა მან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"