რა მოხდა 2017 წელს ქართულ სპორტში - წლის შეფასება

AutoSharing Option
დამყარებული რეკორდები, ოქროს გამოსვლა ძიუდოში, ფეხბურთში ჩარეული საზოგადოება და კვლავ გარიგებული თამაშები, ამჯერად კალათბურთში - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ 2017 წელი ქართულ სპორტში.

დავიწყოთ ფეხბურთით, სადაც ბოლო წლებია საუბარი კვლავ არადამაკმაყოფილებელ შედეგებზე გვიწევს.

აისიდან დაისამდე - ანუ კახა ცხადაძიდან ვლადიმერ ვაისამდე

ბევრი იწვალა თუ ცოტა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვების გარეშე დაასრულა.

ზოგისთვის ნაკრებმა მოუმატა და კარგ ფეხბურთს თამაშობს, ზოგისთვის კი მთავარი ტაბლოა.

მართლაც, არცთუ ისე ძლიერ D ჯგუფში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილებმა თავი მხოლოდ 5 ქულას მოუყარეს და
ბოლოსწინა, მე-5 ადგილი დაიკავეს.

დადებითსა და უარყოფითზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ჩვენ უბრალოდ ფაქტებს აღვნიშნავთ. შედეგი კი ისაა, რომ ვლადიმირ ვაისი მომდევნო 2 წელი კვლავ ჩვენი ფეხბურთის უმთავრესი ნაკრების მესაჭე იქნება.

"ქართული დასი" და გურამ კაშია

თითქოს ქართულ ფეხბურთს ბოლოდროინდელი წარუმატებლობა და ცუდი შედეგები არ ეყოფოდა და ბოლო დროს საქმეში არასაფეხბურთო საზოგადოებაც ჩაერთო. ყველაფერი კი გურამ კაშიას მიერ ლგბტ სამკლავურის გაკეთებას უკავშირდება.

ამ ფაქტით განრისხებულმა ქართულმა საზოგადოებამ კი აქციები გამართა და ნაკრებიდან არნემის "ვიტესის" კაპიტნის მოკვეთაც კი მოითხოვა.

კაშიას მომხრეებიც ბევრნი გამოუჩნდნენ. მათ შორის აღსანიშნავია სფფ-ის მხარდაჭერა, რომელმაც თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა.

ყველაზე ცუდი და სამარცხვინო ფაქტი კი, რაც ამ თემას უკავშირდება, ქუთაისის სტადიონზე მომხდარი ინციდენტია.

რამდენიმე ადამიანი კაშიას მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახდა, რის გამოც გურამმა შეცვლა მოითხოვა.

და ვინ მოიგო საქციელით? ვინ გამოვიდა საბოლოოდ გამარჯვებული?

ფაქტი ერთია, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ფეხბურთის სახელი კიდევ უფრო შეიბღალა და ფეხბურთი კიდევ ერთხელ დამარცხდა.

15 წლის შემდეგ...

დიახ, ქუთაისში ნანატრი საქართველოს ჩემპიონის ტიტული ჩავიდა. თანაც, როგორ?! ნამდვილი ჰოლივუდური სცენარი იყო და ვუდი ალენი თუ სხვა ცნობილი რეჟისორებიც ნამდვილ დრამას გადაიღებდნენ!

თუმცა, ქუთაისს, ერმალო მაღრაძის სახით, თავისი ვუდი ალენი ჰყავს და დარწმუნებულნი ვართ, ბატონ ერმალოსაც ამ საქმისთვის თავის გართმევა არ უნდა გაუჭირდეს.

იმერელთა გმირად კი როინ კვასხვაძე იქცა. თითქოს ბოლო დროს დავიწყებულმა კარის დარაჯმა თავისი სიტყვა კიდევ ერთხელ თქვა და ბოლო წამზე პენალტი მოიგერია, რითაც ჩემპიონის ტიტული იმერეთში გაუშვა.

როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს აწ უკვე დასრულებული ჩემპიონატი?

მწვრთნელთა უმრავლესობის აზრით, ჩემპიონატის დონემ აიწია და გაშუქებითაც ის უფრო კარგად შუქდება.

გამოჩნდნენ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებისაც მომავალში ქართველ გულშემატკივარს ეიმედება.

უცნაური ფაქტები კი ცოტა უფრო ბოლოსკენ მოხდა. "ლოკომოტივმა" კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანს, რისი მიზეზიც, სიმართლე რომ ვთქვათ, დევდარიანმა და ალბათ "რკინიგზელთა" სპორტულმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმაც ვერ გაიგო.

როგორ შეიძლება, გუნდმა კარგი შედეგი აჩვენოს და მწვრთნელის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდეს? თუმცა, ეს სხვა თემაა.

დაბოლოს, ეროვნულ ჩემპიონატზე საუბარი ჩემპიონი "ტორპედოს" მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის სიტყვებით დავასრულოთ: "უფლის სასწაული იქნება, ამ ეტაპზე ქართული კლუბი ევროტურნირებზე გავიდეს".

დამაიმედებელი დასასრული კი ნამდვილად არ გამოგვივიდა.


მე წავედი...

"ამ საქმიდან არაფერი გამოვა - მე წავედი", დაახლოებით ასეთ კონტექსტში გამოუვიდა შიო ხეცურიანს არჩევნებამდე 1 საათით ადრე გაკეთებული განცხადება.

შესანიშნავი ქართული ფილმის, "არასერიოზული კაცის" ერთ-ერთი მსახიობის, გია ფერაძის პერსონაჟივით, კარგად ბრძანდებოდეთო, განაცხადა.

ქართულ სპორტს კანდიდატურის მოხსნა-გადადგომა რომ არ გაუკვირდება, ეს ყველამ კარგად ვიცით.

გიორგი ნემსაძე ხომ უკვე სფფ-ის პრეზიდენტი იყო, როდესაც რამდენიმე წუთში გადადგა?

აი, ბატონმა შიომ კი სულაც, არც აცია, არც აცხელა და კანდიდატურა არჩევნებამდე მოხსნა. მისი განცხადებით, მან დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა არ მიიღო.

ქართული კალათბურთის პირველი კაცი კი პაატა გურასპაული გახდა.

ისევ ჩაწყობილი თამაშები...

თითქოს წელი ისე უნდა დაგვესრულებინა, ჩაწყობილ თამაშებზე აღარ გვესაუბრა, თუმცა...

რამდენიმე დღის წინ სუს-მა "სოხუმის" პრეზიდენტი და კიდევ ოთხი პირი ამ ბრალდებით დააკავა.

აქედან ორმა პიროვნებამ აღნიშნული დანაშაული აღიარა. პაატა გურასპაულის თქმით კი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ეს პიროვნებები კალათბურთიდან მოიკვეთებიან.

საქართველოს საკალთბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი შესანიშნავად დაიწყო და ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ თითქოს პლეი-ოფში თამაშიც გარანტირებული იყო, თუმცა თავი ისევ ქართულმა სენმა იჩინა.

ილიას ზუროსის გუნდმა უკრაინასთან სენსაციური მარცხი იგემა, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია კიდეც და ქართველი კალათბურთელები ჯგუფში ჩატოვა.

ევრობასკეტის დასრულების შემდეგ კი ნაკრები წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს და კალათბურთში ახალი დესანტის გადასხმაც დაიწყო...

ბეჭდების მბრძანებელი

ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი... საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!",- აღნიშნა საჩემპიონო ბეჭდის მოგების შემდეგ ზაზა ფაჩულიამ.

"უორიორსის" ცენტრი გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც აღნიშნულ წარმატებას მიღწია.

ფაჩულიამ დანაპირები შეასრულა და როგორც ბეჭედი, ასევე თასი, საქართველოში ჩამოიტანა.

მისი უშუალო მონაწილეობით იმღერა "გოლდენ სტეიტის" არენაზე ქართულმა ანსამბლმა "შვიდკაცამაც", რითაც ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჩვენი სამშობლო ყველას გააცნო.


ბასილაშვილი და სხვანი...

ჩოგბურთში რომ დიდი ვერაფერი სეზონი გვქონდა, ფაქტია. ერთადერთი, თუ ვინმეს რაიმე წარმატებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ნიკა ბასილაშვილია.

ქართველი ჩოგბურთელი "ეიტიპის" ტურნირის ფინალშიც გავიდა და ასევე, ნახევარფინალიც ითამაშა.

საბოლოო ჯამში, ბასილაშვილმა სეზონი 59-ე პოზიციაზე დაასრულა.

სამწუხაროდ, ქალთა ერთეულთა თანრიგში სანატრელი გაგვიხდა ქართველი ჩოგბურთელის WTA-ს კატეგორიის ტურნირში ასპარეზობა...

წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ნაკრების ასპარეზობა დევისის თასზეც.

მზიურის კორტებზე გამართულ ლიტვის ნაკრებთან დაპირისპირებაში ქართველებმა პირველი ჯგუფის საგზური ვერ მოიპოვეს და საერთო ჯამში 3:2 დამარცხდნენ.

აღსანიშნავი ფაქტი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს უბრუნდება სანდრო მეტრეველი.

ჩოგბურთელი ბოლო დროს ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა. ასევე სამწუხაროდ, ავტოავარიაში მოყვა, რის გამოც სპორტს ჩამოცილებული იყო.

თუმცა, მეტრეველმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აპირებს ნაკრებს თებერვალში მოროკოსთან გასამართ შეხვედრაში დაეხმაროს.

რაც შეეხება ქალთა ნაკრებს, ისინი კვლავ ფედერაციის თასის პირველ ჯგუფში იასპარეზებენ.

ძალოსნობა...

ლაშა რეკორდაძე...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სპორტში 2017 წელს ვინც უნდა აღინიშნოს, ერთ-ერთი უმთავრესი ლაშა ტალახაძეა.

ქართველმა ძალოსანმა ხომ რეკორდი დაამყარა და მასზე ყველა საუბრობდა...

ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიოს ძალოსნობის ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 210, 215 და 220 კგ დაძლია. აკვრაშიც სამივე ცდა (243, 250, 257კგ) გამოიყენა და ჯამში 477 კილოგრამი დასძლია!

ანაჰაიმში ქართული ჰიმნი, მსოფლიოში კი ტალახაძის რეკორდის ამბავი გაჟღერდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით, ჯამში 7 მედლით დაასრულა.

გადავიდეთ რაგბიზე:

მფრინავი სოსო

ნოემბრის ტესტების ეგიდით, საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა გამართა.

მილტონ ჰეიგის გაწვრთნილებმა აქედან ორი მოიგეს, თუმცა უელსის ნაკრებსაც არაფერი დაუთმეს და ღირსეულად დამარცხდნენ.

გულშემატკივარს ამ შეხვედრებმა ექვს ერში შესვლის იმედები კიდევ უფრო გაუღვივა.

მაგრამ რა დაგვამახსოვრდა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, მფრინავი სოსო!

სოსო მათიაშვილმა მართლაც რომ იფრინა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა...


რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი

2017 წელს საქართველოში რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მე-10 ადგილზე დაასრულა, ჩემპიონის ტიტული კი ახალმა ზელანდიამ მოიპოვა.

თამაშები მსოფლიოს 120 ქვეყანაში გადაიცემოდა და მას ჯამში ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით მილიარდამდე ადამიანმა უყურა, ჩვენს ქვეყანას კი უამრავი ტურისტი ეწვია.

შეხვედრებს თბილისისა და ქუთაისის სტადიონებმა უმასპინძლეს.

გორგოძე წავიდა...

2017 წელს საქართველოს ნაკრების რიგები დატოვა მამუკა გორგოძემ.

კაპიტანმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ უკვე ასაკშია და წლების მატებასთან ერთად დაღლილობაც ემატება.

იგი ეროვნული ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან მოყოლებული იცავდა და მონაწილეობა სამ მსოფლიო თასზე მიიღო.


თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა


2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

საფრანგეთის დედაქალაქში უმაღლესი სინჯის მედალი გენო პეტრიაშვილმა და ზურაბ იაკობიშვილმა აიღეს, ბრინჯაოს მედალს კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაეუფლა.

რაც შეეხებათ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, ისინი 2 ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ.

მისი მფლობელები კი რობერტ კობლიაშვილი და რევაზ ნადარეიშვილი გახდნენ.

ნიჩბოსნობა

2017 წელი შესანიშნავი გამოდგა ქართველ ნიჩბოსან ზაზა ნადირაძისთვის.

24 წლის ნადირაძემ, ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ნადირაძეს მონაწილეობა მიღებული ასევე რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც აქვს, სადაც მეხუთე ადგილი დაიკავა.

დაბოლოს, ძიუდო:

მავთულხლართებს მიღმა ქართული ჰიმნია

2017 წელი, სპორტული თვალსაზრისით რომ კარგ ხასიათზე შეგვიძლია დავასრულოთ, ეს ქართველი ძიუდოისტების დამსახურებაა.

ჩვენმა მოჭიდავეებმა სანკტ-პეტერბურგში გამართულ მასტერსზე 5 მედალი მოიპოვეს, თანაც აქედან სამი ხომ უმაღლესი სინჯისა იყო!!!

ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა რუსულ ტატამზე ქართული ოკუპაცია მოაწყვეს და ოქროს მედლის მფლობელებიც გახდნენ.

ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედალს კი ვაჟა მარგველაშვილი დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა თავისი მასტერსის ისტორია გადაწერეს.

აქამდე მასტერსის ისტორიაში ქართველ ძიუდოისტებს მაქსიმუმ 2 მედალი ჰქონდათ მოპოვებული. ახლა კი ეს მაჩვენებელი 3 მედლით გაზარდეს!!!

2017 წელი სპორტის მხრივ მოკლედ ასე შეგვიძლია მიმოვიხილოთ. იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს ჩვენი სპორტსმენები უფრო კარგ შედეგებს აჩვენებენ და გაგვახარებენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტალახაძის რეკორდები კარგია და ამაზე საუბარი ალბათ არც მოგვეზრდება, მაგრამ გასაკვირია, რომ საერთოდ არ არის ნახსენები ანასტასია გოტფრიდი, მოჭიდავეთა ბრინჯაოს მედლებს აღვნშნავთ, ძიუდოისტების მასტერსზე წარმატებულ გამოსვლას (რასაც მივესალმებით) და ქალთა შორის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი არ არის ღირსი? თუ ბევრი გყვავს მსოფლიო ჩემპიონი? უფრო ობიექტურ და კომპეტენტურ სტატიებს ვისურვებდი, მითუმეტეს როდესაც წლის სპორტული მონაგარის შეფასებას ეხება ეს სტატია
vano
16:50 28-12-2017
1
რეალურად ყველა სპორტის სახეობაში წარმატება გვაქვს. ყველამ ასახელა ქვეყანა.
გამონაკლისი ქართული ფეხბურთია, რომელმაც თავსლაფი დაასხა მთელ ქვეყანას, ფეხბურთელებიან, ფედერაციიანად და მწვრთნელიანად.
კაშია კი არა უღირსი საქციელის გამო ბენზემა მოკვეთეს საფრანგეთის ნაკრებიდან, იმიტომ რომ ამ ხალხს ღირსება აქვს და ფედერაცია პატივს ცემს ფრანგ ხახლს და მთელ ქვეყანას. ჩვენი ფედერაციისგან განსხვავებით, რომელსაც სულ ფეხებზე კიდია ქართველი ხალხიც და მთელი ქვეყანაც
lashamax
14:06 28-12-2017
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული