დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია

AutoSharing Option
ქართველმა მოკრივეებმა წლეულს რამდენიმე ტურნირში იასპარეზეს წარმატებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოთარ ერანოსიანის წარმატება მსოფლიოს ჩემპიონატზე.

რამდენიმე დღის წინათ კი რუსულ კასპიისკში ჩვენმა ბიჭებმა ორ-ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. წლევანდელი მონაგარი ამით არ ამოწურულა, რადგან ჭაბუკ და ახალგაზრდა მოკრივეებს ევროპის ჩემპიონატები წინ აქვთ.

გვესაუბრება საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური:

- ჰამბურგში მსოფლიოს ჩემპიონატში ორი სპორტსმენით ვმონაწილეობდით. მათ ეს უფლება ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლით მოიპოვეს. ტურნირი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. წარმატებით იასპარეზა ოთარ ერანოსიანმა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოგვიტანა. მსგავსი შედეგი ქართულ კრივს
კარგა ხანია, არ ჰქონია.

პირველ წრეში მან ყაზახ მოკრივეს სძლია, მეორე წრეში ინდოელი მოკრივე არ გამოუცხადდა. როგორც ინდოეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა მითხრა, მას წინა მატჩში ტრავმა მიუღია. მეოთხედფინალში ოთარი მსოფლიოს 2015 წლის ბრინჯაოს პრიზიორს, აზიური თამაშების გამარჯვებულსა და მესამე ადგილის მფლობელ უზბეკ ელნურ აბდურაიმოვს შეხვდა. მან აშკარად დაჯაბნა აზიელი მეტოქე.

ჩვენმა შეგირდმა თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინა, ეს უკვე დიდი წარმატება იყო, მაგრამ აქ გაჩერებას არ ვაპირებდით, თუმცა, ნახევარფინალში ლონდონისა და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისა და პანამერიკული თამაშების ორგზის გამარჯვებული კუბელი ლასარო ხორხე ალვარეს ესტრადას ძლევა ერანოსიანმა ვერ შეძლო.

ისე, თავის მართლების მიზნით არ ვიტყვი და, არბიტრები უფრო ობიექტურნი რომ ყოფილიყვნენ, შესაძლოა, ორთაბრძოლა სხვა ანაგრიშითაც დასრულებულიყო.

მართალია, 81 კილოში კიზირიამ მხოლოდ პირველ წრეში იმარჯვა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ქართველ მოკრივეებს მეტი პოტენციალი აქვთ და მომდევნო ტურნირებში ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ჰამბურგში გამართულმა ორთაბრძოლებმა დამარწმუნა, რომ უფრო გამიზნული მომზადებით საერთაშორისო რინგზე ქართველ სპორტსმენებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.

- მაგომედ-სალიმ უმახანოვის საერთაშორისო მემორიალში მონაწილეობაზე რას იტყვით?
- კასპიისკში საქართველოს ნაკრები დაკომპლექტებული იყო, ფაქტობრივად, დებიუტანტებით, ანუ იმ მოკრივეებით, რომლებმაც ახალგაზრდებიდან წლეულს გადმოინაცვლეს უფროსებში. სასიამოვნოა, რომ გიორგი დოლიაშვილმა (64 კგ) და გიორგი ხარაბაძემ (69 კგ) მეორე, ხოლო კონსტანტინე კვიციანმა (81 კგ) და ახალგაზრდებში მსოფლიოს მეორე პრიზიორმა გიორგი ჭიღლაძემ (+91) მესამე ადგილები დაიკავეს.

სუბიეტურმა მსაჯობამ აქაც დაგვაკარგვინა უფრო მაღალი ხარისხის მედლები მასპინძლებთან პაექრობებში. კერძოდ, ეს შეეხება ჭიღლაძე-შამილ მირზალოვის ნახევარფინალურ და დოლიაშვილ-ალექსეი მაზურის ფინალურ პაექრობას. ყოველივეს მიუხედავად, შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან დებიუტანტებს თავი არ დაუზოგავთ და საერთაშორისო რინგზე კარგი გამოცდილება მიიღეს.

- სეზონის ბოლომდე კიდევ ორი შეჯიბრებაა დარჩენილი...
- ალბენაში 18 სექტემბერს ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ამ ასაკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბექა ლობჟანიძისა და მწვრთნელ ნიკა კიზირიას ხელმძღვანელობით იასპარეზებს. ამჟამად ნაკრები ბოლო საწვრთნელ შეკრებას ფოთში გადის და 17-ში ბულგარეთში გაემგზავრება. იმედია, ორ-სამ მედალს მოიპოვებენ. ოქტომბერში ანტალია ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. იქ წამსვლელთა საბოლოო შემადგენლობას მოგვიანებით დავაზუსტებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Ashkaraa rom qartuli krivi shedegebs aumjobesebs.warmatebebi chvens mokriveebs
shota
18:02 14-09-2017
1

სიახლეები პოპულარული