მეივეზერ-მაკგრეგორიდან 40 წლით ადრე: ალი ინოკის წინააღმდეგ

AutoSharing Option
კონორ მაკგრეგორისა და ფლოიდ მეივეზერის ბრძოლამდე 40 წლით ადრე, ლეგენდარული მოკრივის მოჰამედ ალისა და იაპონური პროფესიული რესტლინგის ვარსკვლავ ანტონიო ინოკის ორთაბრძოლა გაიმართა. იაპონელს შეეძლო გდებების, ჩავლებებისა და ილეთების შესრულება, ამიტომაც ეს ბრძოლა მიჩნეულია თანამედროვე MMA-ის წინამორბედად, აგრეთვე მოკრივისა და მებრძოლის ყველაზე ცნობილ დაპირისპირებად.

მაშინ მოჰამედ ალი ფლობდა მძიმე წონაში WBC-ისა და WBA-ის ტიტულებს, თუმცა ლეგენდარული ბრძოლები ჯო ფრეიზერთან და ჯორჯ ფორმანთან უკვე ჩავლილი იყო, მისი კარიერა კი დასასრულს უახლოვდებოდა. როგორც ასეთი სიტუაციებისთვის არის დამახასიათებელი, ბრძოლის ჩატარების მთავარი მოტივი ფული გახდა - ჩემპიონს შესთავაზეს 6 მილიონი დოლარი, ინოკი, რომელიც დიდი ვარსკვლავი იყო იაპონიაში, 4 მილიონს იღებდა. ბრძოლა დაგეგმილი იყო 1976 წლის 26 ივნისს, ტოკიოს "ნიპონ ბუდოკანის" არენაზე, რომელიც 14 ათას მაყურებელს იტევდა.

ალი მაშინ 33 წლის იყო - ერთი წლის უფროსი გახლდათ თავის ოპონენტზე. ანტოპომეტრიული მონაცემებით, ორივე მებრძოლი თითქმის ერთნაირი იყო - დაახლოებით 190 სანტიმეტრი სიმაღლის და 100 კილოგრამი წონის. ანტონიო ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული "გაბარიტებით", ხოლო იქამდე, სანამ პროფესიულ რესტლინგში გადავიდოდა, მოიგო ტურნირები ბადროსა და შუბის ტყორცნაში.

ალი ორთაბრძოლას თავის სტილში უკეთებდა რეკლამას. მან მოწინააღმდეგეს მეტსახელი მოუძებნა - "პელიკანი", რითაც ხაზს უსვამდა იაპონელის გამოწეულ ყბას. "ეცადე, მუშტი არ მოიტეხო ჩემს ნიკაპზე", - თარჯიმნის მეშვეობით პასუხობდა ინოკი.

ალის მწვრთნელის ანჯელო დანდის სიტყვებით, მოჰამედი ბრძოლის წინ, ყველა პრესკონფერენციაზე შოუს აწყობდა. ბრძოლას მოუთმენლად ელოდნენ - ტრანსლაცია 34 ქვეყანაში გადაიცემოდა. WWE-ის მომავალმა შეფმა ვინს მაკმენმა ნიუ იორკში ერთ-ერთ სტადიონზე ბრძოლის დახურულ ტრანსლაციაზე დასასწრებად 30 ათასზე მეტი ბილეთი გაყიდა. ბრძოლას ჯამში დაახლოებით 1.4 მილიარდმა ადამიანმა უყურა.

შოუ თუ რეალური ბრძოლა?

40 წლის შემდეგაც ძალიან რთულია იმის დადგენა - როგორ წესებზე მოილაპარაკეს მონაწილეებმა. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, თავდაპირველად ლაპარაკი იყო დადგმულ ბრძოლაზე.

ჟურნალისტ ჯიმ მერფის თქმით, სცენარი შემდეგი იყო - ალი შემთხვევით მოარტყამს რეფერის და მას ნოკაუტში გაუშვებს, რის შემდეგაც, მოკრივე გაკვირვებულ სახეს მიიღებს და ცდილობს, გაიგოს - რა მოხდა სინამდვილეში. ამ მომენტში ინოკი ალის თავში ურტყამს ფეხს, გამოფხიზლებული რეფერი კი ნოკაუტს უთვლის მოკრივეს. ალის არ მოეწონა აზრი იმის თაობაზე, რომ წაგებული რჩებოდა, ამიტომაც დადგმული ბრძოლის ნაცვლად, ორგანიზატორებს ნამდვილი ორთაბრძოლა შესთავაზა.

ბრძოლამდე დაახლოებით ექვსი დღით ადრე, ალის გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს - შეეცვალათ ჩატარების წესები. როგორც ამბობენ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ სხვა მებრძოლებთან ინოკის სპარინგები იხილეს. ალის სეკუნდანტებს არ მოეწონათ აზრი იმის შესახებ, რომ ალი უნდა წაექციათ და მასთან პარტერში ეჩხუბათ. მოლაპარაკებებისა და ცვლილებების შემდეგ, ინოკის ეკრძალებოდა გდებები და ჩავლებები. და მთავარი, გადამწყვეტი ცვლილება - ანტონიოს შეეძლო ფეხით დარტყმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი მუხლი იატაკზე ექნებოდა დაფიქსირებული. საინტერესოა, რომ პუბლიკამ არაფერი იცოდა ამ ცვლილებების შესახებ და ეს ალის გუნდის დამსახურებაა.

ტრავმები, სკანდალები და იმედგაცრუება

შედეგად, ბრძოლა არ ჰგავდა MMA-ს მისი თანამედროვე გაგებით. გამოცხადებული იყო 15 რაუნდი. ალი გამოდიოდა საკრივო ხელთათმანებით, ინოკი - შიშველი მუშტებით.

წესებში ყველა ცვლილების შემდეგ, პრინციპში, ბრძოლა აღარ გამოვიდოდა სანახაობრივი. ასეც მოხდა. თითქმის მთელი ბრძოლის განმავლობაში ინოკი რინგზე ხოხავდა, რათა ალისთვის ფეხი მოერტყა. უკმაყოფილო ალი კი ყვიროდა: "ადექი! ინოკი - მხდალია!"

ყოველ ჯერზე, როცა მებრძოლები პარტერში ხვდებოდნენ ან კლინჩში შედიოდნენ, რეფერი მათ აშველებდა. რეალურად, წესები ისე შეადგინეს, რომ თავისი საუკეთესო თვისებები არც ერთ მებრძოლს არ ეჩვენებინა.

მთელი ბრძოლის განმავლობაში, ალიმ მხოლოდ 6 დარტყმა შეასრულა, 15 რაუნდის გასვლის შემდეგ კი ფრე გამოცხადდა. ინოკი ალის სამი ქულით უსწრებდა, მაგრამ ეს ქულები ჯარიმების გამო მოუხსნეს. საბოლოო შედეგი ორივე მებრძოლს ღირსების შენარჩუნების საშუალებას აძლევდა. ინოკის შეეძლო ეთქვა, რომ მოიგებდა ბრძოლას, მისთვის ქულები რომ არ ჩამოერთმიათ. ალი კი იტყოდა, რომ მოწინააღმდეგე იმის გამო დაისაჯა, რომ თაღლითობდა.

მაყურებელი ბრძოლით ძალიან იმედგაცრუებული იყო. მომხდარის ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ დამლაგებლებს მთელი დღე დასჭირდათ არენის იმ ნაგვისგან გასაწმენდად, რომელსაც განრისხებული ქომაგები მებრძოლებს ესროდნენ.

მაყურებელი, რომელმაც არაფერი იცოდა ინოკის მიმართ დაწესებულ შეზღუდებზე, იაპონელს ბრძოლის ჩატარების ტაქტიკის გამო აკრიტიკებდა. ამავდროულად, ალის მარცხენა ფეხი ინოკის დარტყმებისგან გაუსივდა და სისხლიც სდიოდა. ჭრილობა გამიზეზდა, რამაც, საბოლოოდ, ინფექცია გამოიწვია. ალის ფეხში ორი თრომბი გაუჩნდა და რაღაც მომენტში ამპუტაციის საკითხიც დადგა, მაგრამ ამერიკელი გადარჩა. მოჰამედს ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში გაჩერებამ რამდენიმე დღე მოუწია. ამბობდნენ, რომ ამ ტრავმებმა გავლენა ჩემპიონის მომავალ კარიერაზე იქონია. ძნელი სათქმელია, მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ ინოკისთან ბრძოლის შემდეგ, ალის ნოკაუტით აღარასოდეს მოუგია.

დიდი მეგობრობის დასაწყისი

Sportall.Ge
საოცარია, მაგრამ ბრძოლამდე და ბრძოლის შემდეგ სკანდალების მიუხედავად, ალი და ინოკი მეგობრები გახდნენ და მომავალი წლები და ათწლეულები აგრძელებდნენ ურთიერთობას. ალი სამხრეთ კორეაში დაესწრო ინოკის ორ ბრძოლას რიკ ფლერის წინააღმდეგ. ამ ბრძოლებს 150 და 190 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ის აგრეთვე იყო ანტონიოს ბოლო წარმოდგენაზე - დადგმული ორთაბრძოლა 1998 წელს UFC-ის ყოფილ მებრძოლ დონ ფრაისთან.

ალისა და ინოკის ცხოვრება მეტად საინტერესოდ გადაიკვეთა. როგორც მოჰამედმა, ანტონიომაც ისლამი მიიღო. ეს მოხდა 1990 წელს. ინოკის ახალი სახელი გახდა - მოჰამედ ჰუსეინი, მაგრამ მებრძოლი თავის ახალ რწმენაზე 2012 წლამდე საჯაროდ არ ლაპარაკობდა. 90-იანი წლების დასაწყისში, ალი და ინოკი მოლაპარაკებებს მართავდნენ სადამ ჰუსეინთან ერაყიდან ამერიკელი და იაპონელი მძევლების გასათავისუფლებლად.
გასულ წელს ალის სიკვდილის ცნობის შემდეგ, ინოკიმ პრესკონფერენცია გამართა, რათა მწუხარება გამოეხატა და გარდაცვლილი მეგობრისთვის პატივი მიეგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული