U19. საქართველო-ალჟირი 28:24 - ისტორიული გამარჯვება

AutoSharing Option
8 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატი. მედლებისთვის ბრძოლაში 24 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაებნენ. შეჯიბრება მოგებით დაიწყო საქართველოს ნაკრებმა. პირველობის სტარტზე ჩვენებმა ალჟირის გუნდი დაამარცხეს.

მატჩი ორმხრივი იერიშებით დაიწყო. მეტოქეთა სამ-სამმა დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია. მესამე წუთის მიწურულს ალჟირელთა შეცდომით ისარგებლა ბულბულაშვილმა და ანგარიში გახსნა. ზენადიმ მალევე აღადგინა წონასწორობა. მეხუთე წუთზე ცხოვრებაძემ დააწინაურა მასპინძლები.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა - არსენიშვილმა (2), კბილაშვილმა, გოგავამ და ცხოვრებაძემ სეკაის კარში უპასუხო ხუთი გოლი გაიტანეს. პაექრობას ისეთი პირი უჩანდა,
თითქოს ქართველები ორთაბრძოლას დიდი სხვაობით მოიგებდნენ, მაგრამ მეთვრამეტე წუთის შემდეგ თამაშის სცენარი შეიცვალა - ბექა ორჯონიკიძის შეგირდები ხშირად ცდებოდნენ როგორც დაცვაში, ისე იერიშების დაგვირგვინებისას. დასტურად ტაიმის მიწურულს ცხრამეტრიანი ჯარიმიდან გაშვებული ბურთიც კმარა. ყოველივეს მიუხედავად, ქართველმა 19-წლამდელებმა პირველი ტაიმი 16:9 მოიგეს.

შესვენების შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისშივე ჩვენმა ბიჭებმა მონაგარი ორი ბურთით (კბილაშვილი, ბულბულაშვილი) გაზარდეს, რასაც სტუმართა ასევე ორი გოლი მოჰყვა. შემდეგ უპირატესობას ნელ-ნელა აფრიკელები დაეუფლნენ და მე-2 ტაიმის შუაგულისთვის სამი წუთის განმავლობაში ოთხჯერ აიღეს ხანდოლიშვილის კარი, ანგარიშში სხვაობა ექვს ბურთამდე დაიყვანეს - 25:19. 

ამის მერე ორივე მხრიდან ისევ იმატა ნერვიულობამ და, ცხადია, შეცდომებმაც. მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლებმა 47 დარტყმიდან 28-ჯერ მიაღწიეს მიზანს, სტუმრებს კი 46 მცდელობიდან 24 დარტყმა გამოუვიდათ შედეგიანი. საბოლოოდ ქართველმა ხელბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში 28:24 გაიმარჯვეს.

ბექა ორჯონიკიძე: "ეს არის პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. ალჟირის ნაკრები სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და მათთან გამარჯვება ჩვენს ბიჭებს მომდევნო მატჩებისთვის უსათუოდ დადებითად დამუხტავს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და გპირდებით, არც მომავალში დავიშურებთ ძალ-ღონეს ქომაგების გასახარებლად".

U19. მსოფლიოს ჩემპიონატი
საქართველო-ალჟირი 28:24 (16:9)
საქართველო: ალექსანდრე ხანდოლიშვილი, ხაზეინ რუსტამოვი (4), გიორგი მიქავა, გიგა ბაინაზიშვილი, ირაკლი კბილაშვილი (7), ერეკლე არსენაშვილი (9), ლუკა ბულბულაშვილი (3), გიორგი ხარაიშვილი, დავით ყორიაული, გიორგი ცხოვრებაძე (2), ნიკა ბაჯალაძე, გიორგი ლაპიაშვილი, გიორგი ტიელიძე, ზურაბ გოგავა (1), გიორგი ფერაძე (1), ზეზვა იობაშვილი (1).
ალჟირი: უსამა სეკაი, ჩაუსე მაამარი (4), რიად აზაზი (3), იოსეფ ელ ჰოუტი (3), იასამ გასმი, აჰმედ სენოუსი (2), აბდერრაჰმან დემოუა, სამი ბელოსიფი (1), ჰასერდინ ბეზაზი, ენუარ ტრადი, ალადინ ბოდუხანა, იოსეფ რაჰმანი (2), ზაქარია ბრაჰიმი, აბდელ მალეკ ფოდილი (4), აბელდილ ზენადი (3), ამარ მესაუდი (2).

A ჯგუფი: საფრანგეთი-ბაჰრეინი 42:20 (20:13), დანია-ეგვიპტე 29:28 (16:12), შვედეთი-ფინეთი 23:20 (10:11)
B ჯგუფი: გერმანია-ჩილე 39:22 (17:12), ისლანდია-იაპონია 26:24 (14:12), საქართველო-ალჟირი 28:24 (16:9)
C ჯგუფი: ხორვატია-პორტუგალია 30:30 (14:16), არგენტინა-პოლონეთი 22:26 (10:13), ბრაზილია-კორეა 33:35 (18:18)
D ჯგუფი: სერბეთი-მექსიკა 29:18 (15:5), სლოვენია-ტუნისი 26:29 (13:15), ესპანეთი-რუსეთი 32:20 (15:7).

9 აგვისტო:
16:00 ჩილე-ისლანდია; 18:00 იაპონია-საქართველო; 20:00 ალჟირი-გერმანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაკაურიძე რომ არის ლელოს კორესპონდენტი, მას გააგებინეთ. პრესა არაფერ შუაშიაო! საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ხელბურთში!!!, და ვერსად ვერ ვნახე დღეს, ვერცერთ ქართულ საიტზე (უკვე 11.30-ია) გუშინდელი თამაშების ანგარიში მაინც. ლელო ვერ ვიყიდე, რადგან 9-ზე სამსახურში უნდა ვიყო (ექიმი ვარ). ჰო და თქვენ რომ არ გადარდებთ ეს ჩემპიონატი, ხალხიც არ დადის იქ, გულშემატკივრობაც ნაკლებია, შედეგიც შესაბამისი იქნება. თუნდაც ლელოს, რომ ვყიდულობ დილას. ასე რომ ცოტა თქვენი ბრალიცაა, სამწუხაროდ. 10.08.2017. 11.30
alexandre
11:29 10-08-2017
0
ჩვენს ნაკრებს ვულოცავ ისტორიულ გამარჯვებას.
თქვენმა საიტმა ინფორმაცია მხოლოდ დღეს დილით დადო. საიტის დიზაინი შეიცვალა, ხოლო ოპერატიულობამ იკლო. რატომ?
gogig
15:08 09-08-2017
0

სიახლეები პოპულარული