ფედერაციის თასი - საქართველოს სანაკრებო ჩოგბურთი ტალინში გაგრძელდება

AutoSharing Option
7-დან 10 თებერვლის ჩათვლით, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფედერაციის თასის მატჩები გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებიც მიიღებს.

ჩვენი ნაკრების ღირსებას შემდეგი ჩოგბურთელები დაიცავენ - ეკატერინე გორგოძე, სოფია შაფათავა, მარიამ ბოლქვაძე და ოქსანა კალაშნიკოვა. გუნდის კაპიტანი კი მარგარიტა ჩახნაშვილია.

საქართველო A ჯგუფშია მოხვედრილი. მისი მეტოქეები კი სერბეთის და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან. სერბთა შემადგენლობა ასეთია: დეიანა რადავანოვიჩი, ივანა იოროვიჩი, ოლგა დანილოვიჩი და ბოიანა მარინკოვიჩი. კაპიტანი კი ტატიანა იეცმენიცაა.

რაც შეეხება ბულგარელებს, მათი შემადგენლობა ასე გამოიყურება: ვიქტორია, ტომოვა, იზაბელა შინიკოვა, იულია ტერჟისკაია
და პეტია არნშიკოვა. კაპიტანი - დორა რანგელოვა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მოგება-წაგების ბალანსი ერთეულებში ასეთია: ეკატერინე გორგოძე 8/7, სოფია შაფათავა 11/14, მარიამ ბოლქვაძე 1/0 და ოქსანა კალაშნიკოვა 3/8.

საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები ევრო-აფრიკის პირველ ჯგუფში უკვე ზედიზედ მეოთხე წელი იასპარეზებს. გასულ წელს ქართველები ჯგუფში ავსტრიასთან, პოლონეთთან და ისრაელთან ერთად იყვნენ. პირველ ორ შემთხვევაში ჩვენებურები დამარცხდნენ, ისრაელის ნაკრებს კი 2:1 აჯობეს.

ევრო-აფრიკული გათამაშების 1-ელ ჯგუფში სულ 4 ქვეჯგუფია. A და B ჯგუფებში 3 ნაკრებია, ხოლო C და D ჯგუფებში 4 გუნდი მონაწილეობს. ჯგუფების გამარჯვებულები პლეი-ოფის სისტემით ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და გამოვლინდება ორი გუნდი, რომელიც 2018 წლის აპრილში, მსოფლიოს ჯგუფის მე-2  დივიზიონში გადასასვლელად პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.

ჯგუფში მე-3 და მე-4 ადგილებზე გასული გუნდები პლეი-ოფის გზით დამრჩენ-გასავარდნ საგზურს გაითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 7-9 თებერვალსაა დაგეგმილი. პლეი-ოფები კი 10 თებერვალს გაიმართება.

პირველ სათამაშო დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქე სერბეთის ნაკრები იქნება. ურთიერთშეხვედრებში საქართველოს ნაკრები სერბეთთან 2:1 მარცხდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული