მაროკო VS საქართველო - სანაკრებო სეზონი მარაკეშში გაიხსნება

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ხვალ, 3 თებერვალს, მაროკოს ქალაქ მარაკეშში, 2018 წლის სანაკრებო სეზონს გახსნის.

დევისის თასის მე-2 ჯგუფის დაპირისპირებას მარაკეშის საჩოგბურთო კლუბის კორტები უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში შემდეგი ჩოგბურთელები არიან: ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე და სანდრო მეტრეველი. აქვე ვთქვათ, რომ განაცხადშია საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით კვერნაძეც, რადგან ალექსანდრე ბაკშიმ ნაკრების თამაშზე ჩასვლა ვერ მოახერხა.

შეხვედრები თბილისის დროით 15:00 საათიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მე-2 ჯგუფში მატჩები 5-სეტიანი აღარ იქნება და ჩოგბურთელებს გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა, მაქსიმუმ, სამ სეტში მოუწევთ. რაც შეეხება
კორტების საფარს, იგი გრუნტის (ქვიშის) იქნება.

შაბათს მატჩი ლამინ უაჰაბისა (591-ე ჩოგანი) და გიორგი ცივაძის (1082) შეხვედრით გაიხსნება. ხოლო ამინ აჰუდა (698) საქართველოს ნაკრების ლიდერს ნიკოლოზ ბასილაშვილს (57) შეხვდება. დღე წყვილების მატჩით დასრულდება , სადაც იასინ იდმბარეკისა და ლამინ უაჰაბის დუეტი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ალექსანდრე მეტრეველის წყვილს შეხვდება.

კვირას ერთეულთა ორი მატჩი გაიმართება: ლამინ უაჰაბი-ნიკოლოზ ბასილაშვილი, ამინ აჰუდა-გიორგი ცივაძე.

მაროკოს ნაკრების პირველი ნომერი 34 წლის ლამინე უაჰაბია, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 591-ე პოზიცია უკავია. იგი ძირითადად გრუნტის საფარზე ასპარეზობს და მისი პლუსიც ეს იქნება.

როგორც რამდენიმე დღის წინ ჩვენთან საუბარში ნაკრებში დაბრუნებულმა სანდრო მეტრეველმა განაცხადა, იგი ალბათ მხოლოდ წყვილებში ითამაშებს.

გიორგი ცივაძე საქართველოს ნაკრებში 2010 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს და ამ დროის განმავლობაში მას ერთეულთა თანრიგში მოგება-წაგების ბალანსი 10/12-ზე აქვს.

ნიკოლოზს საქართველოს ნაკრების ღირსება ერთეულთა თანრიგში 10 მატჩში დაუცავს. აქედან მან 9 თავის სასარგებლოდ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

ჩვენი ნაკრების ყველაზე სუსტი წერტილი კი, ალბათ, წყვილების მატჩი იქნება, რადგან მაგალითად, ბასილაშვილს ნაკრების შემადგენლობაში 4 შეხვედრიდან ოთხივე წაგებული აქვს.

საქართველოსა და მაროკოს ნაკრებს შორის გამარჯვებული შემდეგ წრეში რუმინეთსა და ლუქსემბურგს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ეგეთი ქართული ხასიათი აქვს ბასილაშვილს დაღუპა ნაკრები
beqa
23:26 03-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული