Australian Open. დღე პირველი: რაფაელ ნადალმა შესანიშნავად დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობამ სტარტი აიღო. პირველმა დღემ თითქმის სენსაციების გარეშე ჩაიარა.

დაგეგმილი და ადვილი გამარჯვება მოიპოვა გრიგორ დიმიტროვმა.

ბულგარელმა ავსტრიელ ჩოგბურთელ დენის ნოვაკს შანსი არ დაუტოვა და სამ სეტში ანგარიშით - 6:3, 6:2, 6:1 დაამარცხა.

მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერმა 6 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი არ დაუკარგავს.

დიმიტროვის მეტოქე მე-2 წრეში ამერიკელი მაკეზი მაკდონალდი იქნება.


საათი და 37 წუთი დასჭირდა დომინიკისრესპუბლიკელი ვიქტორ ესტრელა ბურგოსის დასამარცხებლად რაფაელ ნადალს.

"გრუნტის მეფემ" მეტოქეს
თითო სეტში ოდენ ერთი გეიმი დაუთმო და ანგარიშით 6:1, 6:1, 6:1 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე ნადალის ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ესპანელი სეზონის პირველ სლემს არცთუ ისე ცუდ ფორმაში შეხვდა.

მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს, ჩვეულებისამებრ, ბევრი ეისი არ ჰქონია და ამ კომპონენტში თავი მხოლოდ ორჯერ ისახელა.

ორმაგი შეცდომით კი მეტოქეს ქულა მხოლოდ ერთხელ დაუთმო.

ნადალი მეორე წრეში არგენტინელ ლეონარდო მაიერს დაუპირისპირდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 5:0 ამარცხებს.


მამაკაცთა ერთეულთა რეიტინგის სხვა წამყვანი ჩოგბურთელების მატჩები ასე დასრულდა:

ნიკ კირგიოსი - როჟერიო დუტრა სილვა 6:1, 6:2, 6:4
ჯო ვილფრედ ცონგა - კევინ კინგი 6:4, 6:4, 6:1
მარინ ჩილიჩი - ვასეკ პოსპიშილი 6:2, 6:2, 4:6, 7:6
კევინ ანდერსონი - კაილ ედმუნდი 7:6, 3:6, 6:3, 3:6, 4:6

დღის ცენტრალურ შეხვედრად შეგვიძლია მოვნათლოთ ქალთა ერთეულთა თანრიგის შეხვედრა ბელინდა ბენჩიჩსა და ვინუს უილიამსს შორის.

შვეიცარიელმა, გაცილებით ახალგაზრდა ჩოგბურთელმა, გაცილებით ტიტულოვან მეტოქეს ორ სეტში 6:3, 7:5 სძლია.

აღსანიშნავია, რომ მე-4 მცდელობიდან ბენჩიჩმა ვინუს უილიამსი პირველად დაამარცხა.

ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 78-ე პოზიციაზე მყოფი ბელინდა, რომელიც რამდენიმე წლის უკან წამყვან პოზიციებზე იმყოფებოდა, მომდევნო წრეში ტაივანელ ლუკსიკა კუხუმს დაუპირისპირდება.

უილიამსმა კი ამ სეზონში 2-დან ორივე შეხვედრა წააგო.



ზედიზედ სამი ტურნირის მოგებით შეხვდა ავსტრალიის ღია პირველობას ჯულია გერგესი, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

ამჯერად, გერმანელი ლამაზმანის მსხვერპლი ამერიკის სახელით მოასპარეზე სოფია კენინი გახდა ანგარიშით - 6:4, 6:4.

მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციაზე მყოფმა გერმანელმა ორი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი არ დაუკარგავს.

აღსანიშნავია ერთი კომპონენტი, რომელშიც ჯულიამ ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა.

იგი შესანიშნავად აწვდის და გასულ შეხვედრაშიც საკუთარ ანგარიშზე 14 ეისი დააფიქსირა.

მისი შემდეგი მეტოქე ფრანგი ალიზ კორნე იქნება, რომელთანაც 5-დან ხუთივე მატჩი მოგებული აქვს.


სულ რაღაც საათი და 14 წუთი დასჭირდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ელენა ოსტაპენკოს.

საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა იტალიელი ვეტერანი ფრანჩესკა სკიავონე ორ სეტში 6:1, 6:4 დაამარცხა.

ლატვიელმა ოთხი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ერთხელ დაკარგა.

ოსტაპენკოს მეტოქე მეორე წრეში ჩინელი იუნგ დუანი იქნება.


სხვა ცნობილი ჩოგბურთელების მატჩები ასე დასრულდა:

დომინიკა ციბულკოვა - კაია კანეპი 2:6, 2:6
მონიკა პუიგი - სამანტა სტოსური 6:4, 6:7, 6:4
კაროლინა ვოზნიაცკი - მიხაელა ბუზარენსკუ 6:2, 6:3
ელენა სვიტოლინა - ივანა ჯოროვიჩი 6:3, 6:2

ავსტრალიის ღია პირველობის პირველი სათამაშო დღე ასე დასრულდა. თამაშები ხვალ, 16 იანვრიდან, თბილისის დროით გამთენიისას, 04:00 საათიდან განახლდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული