ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია

AutoSharing Option
საფრანგეთის 25 000-იანი საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა შეჯიბრების პირველ წრეში მეექვსე ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ იოლად აჯობა კვალიფიკაციიდან აღზევებულ ოლივია ნიკოლსს (დიდი ბრიტანეთი) - 6:1, 6:3. საამისოდ მას საათი და 23 წუთი დასჭირდა.

მეტოქეებმა 3-3 ორმაგი შეცდომა დაუშვეს, შაფათავას ანგარიშზეა 2 ეისი, ბრიტანელისა - ერთი. ბრეიკპოინტების გამოყენებაში ორივეს არასახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა: სოფიომ 12-დან ექვსჯერ, ოლივიამ კი 6-დან ერთხელ მიაღწია მიზანს.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მასპინძელ ელიქსენ ლეჩემს შეხვდება. ამ უკანასკნელმა სტარტზე 61 წუთში ჩამოიშორა გზიდან თანამემამულე მილენ ჰალემი - 6:1, 6:0.

წყვილებში
შაფათავამ და ბრიტანელმა ემილი სმიტმა, რომლებსაც განთესვით მეოთხე ნომერი აქვთ, საათსა და 24 წუთში ტამარა კორპატჩი (გერმანია) და ჯესიკა პონსე (საფრანგეთი) სამ სეტში დაჯაბნეს - 3:6, 6:3, 10:4. ქართველმა და მისმა მეწყვილემ მატჩის განმავლობაში ორი ეისი მიითვალეს, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვეს (მეტოქემ - ორი) და 8-დან მხოლოდ 2 ბრეიკპოინტი გამოიყენეს (გერმანულ-ფრანგულმა დუეტმა - 4-დან ორი).

შაფათავა და სმიტი ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილ ვერა ლაპკოსა (ბელორუსი) და კამელია ლისტერთან (შვედეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.

* * *
თანამემამულეს, სამწუხაროდ, მხარი ვერ აუბა გიორგი ცივაძემ, რომელიც ჩიმკენტის (ყაზახეთი) 25 000-იან საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა.

ერთეულთა მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მე-4 ნომრად განთესილ ჰამად სავფატთან (ეგვიპტე) 44 წუთში დამარცხდა: პირველი ხელი 3:6 დათმო, მეორეს 0:2-ს აგებდა, ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება რომ ვერ შეძლო.

მანამდე ცივაძემ წყვილებში ნიგმატ შოფაიზიევთან (უზბეკეთი) ერთად მეოთხედფინალში მოსინჯა ძალები, მაგრამ პირველ ნომრად განთესილ გაბორ ბორშოშსა (უნგრეთი) და ვლადიმირ მანაფოვთან (უკრაინა) ვერაფერს გახდა - 66 წუთში 6:7, 4:6 დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული