ბუბკაც გასვრილია? ლეგენდარული მხტომელის გადარიცხვებმა ეჭვი წარმოშვა

AutoSharing Option
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ბუბკა, შესაძლოა, ჩართული იყოს კორუფციულ გარიგებაში ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ დამინ დიაკთან და რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ ვალენტინ ბალახნიჩევთან ერთად, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი.

იტყობინებიან, რომ 2009 წლის ზაფხულში ბუბკამ 45 ათასი დოლარი გადარიცხა კომპანია New Mills Investments-ში, რომლის ბენეფიციარი იყო ბალახნიჩევი. უფრო ადრე ბუბკამ ასევე 45 ათასი გადარიცხა დიაკის კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, ბალახნიჩევი გადადგა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციიის პრეზიდენტობიდან ცნობილი დოპინგ-სკანდალის შემდეგ. მოგვიანებით, მან სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის
კომისიისგან.

საფრანგეთის საფინანსო პროკურატურის ინფორმაციით, არსებობს იმის ნიშნები, რომ ფული გადაირიცხა საერთაშორისო ფედერაციისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრთა ხმების შესაძენად, რომლებიც მონაწილეობდნენ ოლიმპიური თამაშებისა და სხვა ტურნირების მასპინძელი ქალაქების არჩევნებში.

უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა უკვე გამოვიდა ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფით.

"Le Monde-ი ცდება. ეს გადარიცხვა 2009 წელს ვალენტინ ბალახნიჩევის მისამართით, განკუთვნილი იყო საყოველთაოდ ცნობილი ტურნირის - "ჭოკის ვარსკვლავების" განვითარებისთვის სხვა ქალაქებში.

თამამად შემიძლია ვამტკიცო, რომ ჩემი ხმა ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის არჩევნებისას არავის შეუძენია და ჩემი მხრიდან კორუფციაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია", - განაცხადა ლეგენდარულმა მძლეოსანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული