აშშ-ის ღია: 16-გზის რაფაელ ნადალი

AutoSharing Option
რაფაელ ნადალი "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონი გახდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა აშშ-ის ღია პირველობის ფინალში არანაირი შანსი არ მისცა სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს და ზუსტად ორსაათნახევარში სამ სეტში გაიმარჯვა - 6:3, 6:3, 6:4.

მატჩის წინ, მთავარ ინტრიგად ასახელებდნენ შემდეგს - რამდენად დაეხმარებოდა მოწოდება ანდერსონს ბრეიკ-პოინტების მოგერიებაში. თავისი გეიმებიდან კევინმა შედარებით იოლად მხოლოდ პირველი მოიგო. უკვე მეორე და მესამე გეიმები მის მოწოდებაზე 10-10 წუთი გაიწელა, მაგრამ მაინც ანდერსონმა მოიგო. სამაგიეროდ, მეოთხეში და მეხუთეში ნადალმა ბრეიკი შეასრულა. მეორე სეტში სამხრეთაფრიკელმა მხოლოდ ორი გეიმი გაძლო საკუთარ მოწოდებაზე, მესამეში კი ნადალმა პირველივეში შეასრულა ბრეიკი და ჩემპიონობაც განაღდებული იყო. რაფას საერთო ჯამში 9 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ოთხი გამოიყენა.

ნადალის გეიმებში ბრძოლაზე ლაპარაკი ზედმეტია - ანდერსონს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. უფრო მეტიც, რაფაელს თავის გეიმებში ორ ქულაზე მეტი არ წაუგია. ის ძალიან კარგად აგდებდა რითმიდან ანდერსონს, მთელს კორტზე არბენინებდა მას, ბადესთან იტყუებდა და შემდეგ, შემოვლითი დარტყმებით იღებდა ქულებს. კევინმა კარგად იცოდა ესპანელის ხრიკები, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა მეტოქეს. ჯამში მას 40 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა. ნადალმა მხოლოდ 11 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ამასთან, 30 "ვინერსი" შეასრულა.

ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ რაფა კარგად პოულობდა მომენტს კონტრშეტევისთვის. ამაზე მეტყველებს ბადესთან თამაშის ფანტასტიკური პროცენტი - 16 გასვლა წინ 16 მოგებული ქულით დასრულდა! ამდენივე მოიგო ანდერსონმა, მაგრამ, ამასთან, 18-ჯერ შეცდა.

* * *
შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონატი დასრულდა ნახევარფინალურ ეტაპზე, რომელმაც ერთგვარად შეაჯამა ორი სხვადასხვა ტურნირი. ენდი მარეის უარის შემდეგ, ანდერსონს ბადის ქვედა მხარეს აღარ ჰყოლია ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე. რა თქმა უნდა, იქ იყვნენ მარინ ჩილიჩი, ალექსანდრ ზვერევი, ჟო-ვილფრიდ ცონგა, მაგრამ ისინი არ აღმოჩნდნენ ოპტიმალურ ფორმაში. და ისე გამოვიდა, რომ სამხრეთაფრიკელი ფინალამდე არ შეხვედრია არც ერთ ჩოგბურთელის TOP10-დან. თუმცა, ეს არ აკნინებს მის მიღწევას - ანდერსონმა კარეირაში საუკეთესო ჩოგბურთი ითამაშა და გახდა აშშ-ის ღიას ისტორიაში ყველაზე დაბალრეიტინგიანი ფინალისტი.

ბადის იმ ნახევარში, სადაც ნადალი თამაშობდა, უფრო მეტი სირთულე იყო, თუნდაც, ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელმაც როჯერ ფედერერი და დომინიკ ტიმი დაამარცხა. მაგრამ, საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ კარიერაში "დიდი სლემის" მე-16 ტიტულის მოსაპოვებლად, ესპანელს ტოპ-ოცეულის წევრთანაც კი არ უთამაშია. თუმცა, ტურნირის ბოლოსკენ ნადალმა ისეთი ფორმა აკრიფა, რომ მისთვის სულ ერთი იყო - ვინ იქნებოდა კორტის მეორე მხარეს.

ასე რომ, 2017 წელს XXI საუკუნის "კლასიკოსები" დომინირებდნენ - ნადალი და ფედერერი, რომლებმაც "დიდი სლემის" ორ-ორი ტურნირი მოიგეს, აგრეთვე, ამდენივე "მასტერსზე" გაიმარჯვეს. ბოლო ორი სეზონის გმირები - ნოვაკ ჯოკოვიჩი, მარეი და სტენ ვავრინკა ერთდროულად გამოვიდნენ მწყობრიდან და სეზონი ნაადრევად დაასრულეს. მათი მომავალი გაურკვეველია. რაც შეეხებათ ახალგაზრდებს - ტიმს, ზვერევსა და სხვებს, ისინი კარგები არიან, ოღონდ არა "დიდი სლემის" ჩემპიონატებზე.

გაისად, ავსტრალიის ღიაზე ძველი კეთილი დრო დაბრუნდება, რადგან პირველ ორ ნომრად ნადალი და ფედერერი იქნებიან განთესილები.

რაფაელ ნადალი კვლავინდებურად მეორე ადგილზეა "დიდი სლემის" ტურნირებზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობით - მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება:

1. როჯერ ფედერერი - 19 ტიტული
2. რაფაელ ნადალი - 16
3. პიტ სამპრასი - 14
4. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 12
5. როი ემერსონი -12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული