აშშ-ის ღია: მე-900 ადგილიდან ნახევარფინალში!

AutoSharing Option
აშშ-ის ღიაზე თითო ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა კაცებისა და ქალების ტურნირზე. კაცებში მეოთხედფინალური ბარიერი გადალახეს სამხრეთამერიკელმა კევინ ანდერსონმა და ესპანელმა პაბლო კარენიო ბუსტამ.

ანდერსონი პირველი სამხრეთაფრიკელია უეინ ფერეირას (2003 წლის ავსტრალიის ღია) შემდეგ, ვინც "დიდი სლემის" ნახევარფინალში გავიდა. სხვათა შორის, ამ ქვეყნის წარმომადგენელი პირველად არის აშშ-ის ღიას ნახევარფინალში 1965 წლის შემდეგ.

ანდერსონმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოაჩინა. პირველ ტაი-ბრეიკზე 2:5-დან მოიგო, მეორეში 1:6-დან გაათანაბრა, თუმცა მაინც წააგო - 9:11. მესამე სეტში ანდერსონმა ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო, მეოთხეში კი ისევ ტაი-ბრეიკის თამაში მოუწიათ, რომელშიც კუერის ერთი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ანდერსონმა ეს საფრთხე მოიგერია და შემდეგ მეორე მატჩბოლი გამოიყენა.

შეხვედრა სამსაათნახევარი გაგრძელდა. ანდერსონი ნახევარფინალში პაბლო კარენიო ბუსტას დაუპირისპირდება. ესპანელმა გაცილებით იოლად გაიარა მეოთხედფინალის ბარიერი. მან სამ სეტში მოუგო არგენტინელ დიეგო შვარცმანს - 6:4, 6:4, 6:2. საინტერესოა, რომ კარენიო ბუსტას ჯერ სეტი არ აქვს წაგებული აშშ-ის ღიაზე, თუმცა, განსაკუთრებული ძალის მეტოქეებიც არ ჰყოლია - ევან კინგი, კემერონ ნორი, ნიკოლა მაუ და დენის შაპოვალოვი.

საერთოდ, კარენიო ბუსტას განსაკუთრებული წელი აქვს. ეშტორილის ტურნირის მოგების შემდეგ, მან მე-17 ცდიდან პირველად დაამარცხა TOP10-ის წევრი - მილოშ რაონიჩი და როლან გაროსის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

რაც შეეხება შვარცმანთან მატჩს, საინტერესოა, რომ ასეთი დომინირების მიუხედავად, კარენიო ბუსტას უფრო ნაკლები ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (8-10), მაგრამ გაცილებით მაღალი რეალიზაცია (6-2).

* * *
ქალთა ტურნირზე პირველი ნახევარფინალური წყვილი ამერიკელმა ჩოგბურთელებმა შეადგინეს.

პირველ მეოთხედფინალში სლოუნ სტივენსმა, რომელიც ერთი თვის წინ, მსოფლიოს 934-ე ნომერი იყო, სამ სეტში დაამარცხა მარია შარაპოვას მძლეველი ლატვიელი ანასტასია სევასტოვა - 6:3, 3:6, 7:6(4). სტივენსი ახლოს იყო მარცხთან - მესამე სეტში ორჯერ მოუწია ბრეიკის დაბრუნება. სამაგიეროდ, ტაი-ბრეიკზე გაცილებით საიმედოდ ითამაშა და აშშ-ის ღიას სენსაციური ნახევარფინალისტი გახდა.

სტივენსის მეტოქე ნახევარფინალში ვინუს უილიამსი იქნება. მან ზუსტად იგივე ანგარიშით მოუგო პეტრა კვიტოვას, რომელმაც წინა ეტაპზე მთავარი ფავორიტი გარბინ მუგურუსა დაამარცხა. პირველი სეტი უილიამსმა 6:3 მოიგო, მეორეში 3:6 დამარცხდა და მესამეში 1:3 იყო ჩამორჩენილი. თუმცა, კვიტოვამ ვერ მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება და შემდეგ ტაი-ბრეიკზე განადგურდა - 6:7(2:7).

1/2 ფინალი
კაცები

ანდერსონი (ს. აფრ, 28)-კუერი (აშშ, 17) 7:6(5), 6:7(9), 6:3, 7:6(7)
კარენო ბუსტა (ესპ, 12)-შვარცმანი (არგ, 29) 6:4, 6:4, 6:2

ქალები
ვ. უილიამსი (აშშ, 9)-კვიტოვა (ჩეხ, 13) 6:3, 3:6, 7:6(2)
სტივენსი (აშშ)-სევასტოვა (ლატ, 16) 6:3, 3:6, 7:6(4)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული