აშშ-ის ღია: სუპერმატჩი ახლოვდება

AutoSharing Option
ალექსანდრ დოლგოპოლოვმა, რომელსაც კარიერაში ორჯერ ჰყავდა დამარცხებული რაფაელ ნადალი სწრაფ საფარზე, ძალიან გაუწონასწორებელი თამაში აჩვენა, საერთოდ არ მისდიოდა ბექჰენდი და ძალიან ბევრი უნებლიე შეცდომა დაუშვა (51).

მეტ-ნაკლები ბრძოლა მხოლოდ მეორე სეტში იყო, როცა ესპანელმა ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს და უკრაინელმა შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, მაგრამ ნადალმა მსაჯის გადაწყვეტილება გადაამოწმა და მართალი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, რაფა დომინირებდა კორტზე და საერთო ჯამში, საკუთარ გეიმებში მხოლოდ 12 ქულა დათმო. ნადალი პირველად გავიდა აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში 2013 წლის შემდეგ, როცა ბოლოჯერ მოახერხა ამ ტურნირის მოგება. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნახევარფინალში გასასვლელად 19 წლის რუს სენსაციას ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.

* * *
ნადალის მსგავსად, როჯერ ფედერერიც უმატებს ტემპს. ზედიზედ ორი ხუთსეტიანი მატჩის შემდეგ, შვეიცარიელმა მიჯრით ორი მატჩი მოიგო სამ სეტში. მერვედფინალში ლეგენდას ტრადიციულად იოლი მეტოქე ჰყავდა - ფილიპ კოლშრაიბერი. 2005 წლიდან მოყოლებული, შვეიცარიელი და გერმანელი 13-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და კოლშრაიბერმა ჯამში მხოლოდ ერთი (!) სეტი აიღო.

საათნახევრის განმავლობაში, ფედერერმა 11 ეისი ჩააწოდა, 20 შეცდომა დაუშვა და 39 "ვინერსი" დააგროვა. მან ერთხელაც არ მიუშვა მეტოქე ბრეიკ-პოინტამდე. ასე რომ, ყველა ნანატრი ნახევარფინალის მოლოდინშია რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს შორის.

* * *
მეოთხედფინალში ფედერერს გაცილებით რთული მატჩი ექნება არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან, რომელთანაც 2009 წლის ფინალი წააგო ხუთ სეტში.

დომინიკ ტიმთან მატჩში დელ პოტრო უმწეოდ გამოიყურებოდა პირველი ორი სეტის განმავლობაში - სამხრეთამერიკელმა ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა და უამრავი უნებლიე შეცდომაც დააგროვა, ავსტრიელს კი იდეალური თამაში ჰქონდა.

მაგრამ ტიმი ნაადრევად მოდუნდა და დაივიწყა დელ პოტროს საჩემპიონო ხასიათი. არგენტინელმა გიგანტმა მოწოდება დაალაგა, "ვინერესებს" მოუხშირა და ინიციატივა მოიპოვა. მას შემდეგ, რაც არგენტინელმა მეოთხე პარტიაში ორი მატჩბოლი მოიგერია, ავსტრიელს თამაში სრულიად აერია და 3 საათი და 35 წუთი ბრძოლის შემდეგ დანებდა.

1/8 ფინალის ციფრები
- ალექსანდრ დოლგოპოლოვზე მოგება 50-ე იყო რაფაელ ნადალისთვის აშშ-ის ღიაზე. ეს არის მეშვიდე ტურნირი კარიერაში, რომელშიც ესპანელს მინიმუმ 50 მატჩი აქვს მოგებული.

- 19 წლის რუბლიოვი აშშ-ის ღიას ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტია 2001 წლის შემდეგ, როცა ამავე სტადიაზე მიაღწია ენდი როდიკმა. მაშინ, ამერიკელს 19 წელი ტურნირის მსვლელობისას შეუსრულდა.

- დიეგო შვარცმანი პირველად ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში. ის ყველაზე ტანდაბალი მოთამაშეა (170 სმ) ამ ეტაპზე 1994 წლის შემდეგ.

1/8 ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-დოლგოპოლოვი (უკრ) 6:2, 6:4, 6:1
რუბლიოვი (რუს)-გოფენი (ბელ, 9) 7:5, 7:6(5), 6:3
ფედერერი (შვეიც, 3)-კოლშრაიბერი (გერ, 33) 6:4, 6:2, 7:5
დელ პოტრო (არგ, 24)-ტიმი (ავსტრია, 6) 1:6, 2:6, 6:1, 7:6(1), 6:4

1/4 ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-რუბლიოვი (რუს)
ფედერერი (შვეიც, 3)-დელ პოტრო (არგ, 24)
კუერი (აშშ, 17)-ანდერსონი (ს. აფრ, 28)
კარენო ბუსტა (ესპ, 12)-შვარცმანი (არგ, 29)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული